top of page

როგორ უმკლავდება პანდემიურ გამოწვევებს შოკოლადის კომპანია „Rosali Sambar“ ?

Updated: Nov 17, 2020

ბიზნესლიდერთა ფედერაციის წევრი ბელგიური შოკოლადის კომპანია „Rosali Sambar“ პანდემიის პერიოდში გამოწვევების წინაშე დგას. მათი ანტიკრიზისული გეგმა ხარჯების ოპტიმიზაციას გულისხმობს, რომ გაუძლონ არსებულ გამოწვევებს და სტაბილურად შეძლონ ბაზარზე ოპერირება.


ჩვენ „Rosali Sambar“-ის დამფუძნებელს, ქეთევან ჯაფარიძეს ვესაუბრეთ კომპანიაში არსებულ ვითარებაზე, გამოსავლის გზებზე და პოსტკრიზისულ გეგმებზე, რომელსაც გთავაზობთ ინტერვიუს სახით.




როგორია კომპანიის მიმდინარე გამოწვევები პანდემიის პირობებში და როგორ უმკლავდებით მათ?


პანდემიამ უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა შოკოლადის რეალიზაციაზე, რადგან ჩვენი ბრენდის მომხმარებელი ძირითადად, დიდი ორგანიზაციები იყვნენ, რომლებსაც ახლა თავად აქვთ კოვიდ კრიზისი. ერთიანი სქემით ვმუშაობდით, ჩვენი ძირითადი შემოსავლის წყარო კორპორატიული გაყიდვები იყო. დიდი სასტუმროების და კაზინოების უმეტესობა ჩვენი კლიენტები იყვნენ, მათთან აქტიურად ვთანამშრომლობდით და ყველა დაგეგმილ ღონისძიებასა და სადღესასწაულო პერიოდში შემუშავებული გვქონდა სასაჩუქრე სისტემა, რომელიც ამჟამად ვერ ხორციელდება, რადგან ამ სეგმენტის დიდი ნაწილი ახლა ვეღარ აგრძელებს ფუნქციონირებას.


ქვეყანაში არსებული ეკონომიკური სიტუაცია რამდენად ახდენს გავლენას თქვენ ბიზნესზე?


ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა და ვალუტის კურსის ხშირი ცვალებადობა ძალიან აზარალებს ჩვენს ბიზნესს, რადგან შოკოლადის ნედლეული საზღვარგარეთიდან შემოგვაქვს და კურსის ცვლილება პირდაპირპროპორციულად აისახება ჩვენი პროდუქციის ფასზე. ამ ეტაპზე ვცდილობთ შევინარჩუნოთ არსებული ფასები, რათა არ დავკარგოთ ჩვენი მომხმარებლები, რომლებიც დიდი გამოწვევების წინაშე დგანან.


როგორი ვითარებაა თანამშრომლების დასაქმების კუთხით, შეძელით კოვიდ კრიზისში მათი შენარჩუნება?


კომპანიამ პანდემიის პირობებში შეიმუშავა ანტიკრიზისული გეგმა. ამ ეტაპზე, კომპანია რომ გადარჩეს თანამშრომლების ნაწილი შევამცირეთ. ის, მცირე ჯგუფი რომელიც დიდი ორგანიზაციების შეკვეთებზე მუშაობდა ამ ეტაპზე ვეღარ ვასაქმებთ, რადგან აღარ გვაქვს ეს შეკვეთები და მოვახდინეთ ხარჯების ოპტიმიზაცია. ხოლო ის თანამშრომლები, რომლებიც აგრძელებენ ჩვენთან მუშაობას მათ ისევ სრულ ხელფასს ვუხდით.


რას ურჩევდით სხვა კომპანიებს შექმნილ სიტუაციაში, როგორ გაუმკლავდნენ კრიზისულ სიტუაციას?


ჩვენი კომპანიის გამოცდილებიდან შემიძლია ვურჩიო მათ, რომ ანტიკრიზისული გეგმა შეიმუშაონ, რათა შეძლონ ბაზარზე ოპერირების გაგრძელება. ძალიან კარგი იქნება თუ თანამშრომლების შენარჩუნებას შეძლებენ, მაგრამ თუ თვითონ კომპანიის ფუნქციონირების გაგრძელება დგება რისკის ქვეშ, უმჯობესია კომპანია გადარჩეს, რომ მერე ისევ დაასაქმონ თანამშრომლები, რადგან მათზე დგას საბოლოოდ კომპანია და რათქმაუნდა მათი ინტერესები უმაღლეს დონეზე უნდა იყოს დაცული. პანდემიის პირობებში ყველა პასუხისმგებლიანი ბიზნესი ფიქრობს არა მოგებაზე, არამედ სტაბილურობის შენარჩუნებაზე, რამდენადაც ეს შესაძლებელია და საკუთარ დასაქმებულებზე.

რა შეიძლება იყოს გამოსავალი შექმნილ სიტუაციაში?

შექმნილ სიტუაციაში, როდესაც აღარ იმართება წვეულებები, დაბადების დღეები, ღონისძიებები საცალო გაყიდვებიც ძალიან შემცირებულია, ჩვენ ისევ ვაგრძელებთ კომუნიკაციას ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებთან, მაგრამ ამ ეტაპზე მათაც არ აქვთ შესაძლებლობა შეისყიდონ ჩვენი პროდუქცია. ვფიქრობ, კარგი იქნება თუკი სახელმწიფო გვერდით დაუდგება იმ ბიზნესებს, რომელთაც უჭირთ ამ კრიზისში ფუნქციონირების გაგრძელება და რაიმე სახით მათ შეღავათებს დაუწესებს ან დაეხმარება პროდუქციის რეალიზებაში.


როგორია გრძელვადიანი გეგმები და მოლოდინები covid-19 ეპოქაში?


ისეთი ცვალებადია გარემო, გრელვადიანი გეგმები არ გვაქვს, ერთაერთი რასაც ახლა ველოდებით, ეს არის ახალი წლის პერიოდი, რადგან სადღესასწაულო პერიოდებში იზრდება ჩვენს პროდუქციაზე მოთხოვნა და იმედი გვაქვს, რომ ამ პერიოდის შეკვეთები კომპანიის ფინანსურ შესაძლებლობებს გააუმჯობესებს.




ინტერვიუ: თამარ გურგენიძე


bottom of page