top of page

პანდემიის მიუხედავად ვაგრძელებთ მუშაობას, დისტანციურ გაყიდვებს და ველით მდგომარეობის დასტაბილურებას

ბიზნესლიდერთა ფედერაციის წევრი „გალერეა 27“ 2013 წლიდან ფუნქციონირებს და მთელი საქართველოს მასშტაბით 120 - მდე ავტორს აერთიანებს. გალერეაში მაღალი ხარისხის ხელნაკეთი ნამუშევრებია წამოდგენილი, რომლის ძირითადი მომხმარებელი აქამდე, საქართველოში ჩამოსული ტურისტი იყო, ამიტომ პანდემიის გამო გალერეის შემოსავლები საგრძნობლად შემცირდა, თუმცა ადაპტირდნენ და დაინტერესებულ საზოგადოებას, დისტანიური გაყიდვებით სასურველი პროდუქციის შეძენას სთავაზობენ.


პანდემიურ გამოწვევებზე გალერეის დამფუძნებელს და ბიზნესლიდერთა ფედერაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრს - ნინო ყვავილაშვილს ვესაუბრეთ, რომელსაც ინტერვიუს სახით გთავაზობთ




როგორია კომპანიის მიმდინარე გამოწვევები პანდემიის პირობებში და როგორ უმკლავდებით მათ?


,,გალერეა 27" სულ რაღაც 7 წლის წინ დაარსდა და ის 120 - მდე ადგილობრივი მხატვრისა და ხელოსნის ნაკეთობებს აერთიანებს. წლებთან ერთად გალერეამ დიდი პოპულარობა მოიპოვა თბილისში მცხოვრებ უცხოელებსა და, განსაკუთრებით საქართველოში სამოგზაუროდ ჩამოსულ ტურისტებს შორის. ამ ფაქტს ხელი მისმა ადგილმდებარეობამაც შეუწყო - ის ძველი თბილისის გულში, ერთ-ერთ ულამაზეს სახლშია განთავსებული. პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების დროს მაღაზიამ ფუნქციონირება 4 თვით შეწყვიტა. 1 ივლისს გახსნისთანავე, ჩემს გუნდთან და შემოსავლის გარეშე დარჩენილ ავტორებთან ერთად, გამოსავლის ძებნაზე დავიწყე ფიქრი - ამჯერად ქართველი მომხმარებელი უნდა დაგვეინტერესებინა, მათ სურვილებსა და შესაძლებლობებს უნდა მოვრგებოდით, რადგან წლების განმავლობაში გალერეის მომხმარებლების 95% უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო და საზღვრების ჩაკეტვასთან ერთად ჩვენმა შემოსავალმა, რბილად რომ ვთქვათ, საგრძნობლად იკლო.


როგორ გადალახა თქვენმა ბიზნესმა სირთულეები და რა რეკომენდაციებს გასცემთ ეკონომიკური სიტუაციის გადასალახად?

ჩემი პროფესიიდან გამომდინარე ძალიან დიდი რაოდენობით ქსოვილი დამიგროვდა მრავალი წლის განმავლობაში, ამ ფაქტმა და არსებულმა რეალობამ გვიკარნახა დაგვეწყო მრავალჯერადი ნიღბებისა და ჩანთების კერვა. ჩვენმა წამოწყებამ გარკვეული დაინტერესება გამოიწვია, დავიწყეთ სხვა მაღაზიებთან თანამშრომლობა, სარეალიზაციოდ მივიტანეთ ჩვენი პროდუქცია ამერიკის საელჩოს მაღაზიაში.


აპრილიდან ფუნქციონირებს ჩვენი ონლაინ მაღაზია, თუმცა მის ამუშავებას ძალიან ბევრი დრო და რესურსი სჭირდება. განუწყვეტლივ ვმუშაობთ ჩვენს საიტზე, რათა მაქსიმალურად მრავალფეროვანი არჩევანი, კომფორტული და სრულფასოვანი სერვისი შევთავაზოთ მომხმარებელს. ასევე სხვა ონლაინ პლატფორმების ათვისებასაც ვგეგმავთ.


რა იყო ის ძირითადი პრობლემა რომელიც თქვენს სფეროში განჩნდა და რას ურჩევდით სხვებს თქვენს მაგალითზე?

ჩვენი მთავარი პრობლემა ძირითადი სეგმენტის - მოგზაურების, ტურისტების დაკარგვაა, ზემოთ უკვე ვახსენე, პროცენტულად თუ შემოსავლის რამხელა წილი დააკლდა გალერეას. ჩემს შეცდომად მივიჩნევ, რომ უცხოელი მომხმარებლებით განებივრებულს არ მიზრუნია ქართველი მყიდველის დაინტერესებაზე. ეს რომ ასე არ ყოფილიყო, შეიძლება დღეს ასეთი ეკონომიკური მდგომარეობა არ ჰქონოდა კომპანიას. ისიც უნდა ითქვას, რომ ჩემს მაღაზიაში განთავსებული პროდუქცია ხელნაკეთია, შესაბამისად არ არის იაფი, რაც ქართველებში ძალიან ხშირად იწვევს პროტესტს, აღშფოთებას და ,ზოგადად, ბევრ უარყოფით ემოციას.


ჩვენს ქვეყანაში საბედნიეროდ ჯერჯერობით ბევრი სახელოვნებო დარგი არსებობს და მათ ხელშეწყობა და განვითარება სჭირდება. მიმაჩნია, რომ ისინი არ არის სათანადოდ დაფასებული და მსგავსი დამოკიდებულება ნამდვილად დიდი ზიანის მომტანია - სტიმულსა და მოტივაციას უკარგავს ამ სახელოვნებო დარგში ჩართულ პროფესიონალებს. ადგილობრივი ავტორები მეტ მხარდაჭერას, აღიარებასა და შესაბამის დამოკიდებულებას იმსახურებენ.


ვითვალისწინებთ რა ქვეყანაში შექმნილ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, ხშირად ვაკეთებთ ფასდაკლებას. აი ახლაც, 11 დეკემბრიდან 7 იანვრამდე ჩვენი ონლაინ მაღაზია 30%-იან ფასდაკლებას სთავაზობს მომხმარებელს.


რასაკვირველია, ძალიან რთულია ამ პირობებში მუშაობა, პანდემიამ ხომ პირველ რიგში ტურისტულ სექტორს დაარტყა. ჩვენც ირიბად, მაგრამ მაინც ამ სფეროს მივეკუთვნებით. რეკომენდაციას რაც შეეხება, უნდა ვეცადოთ მაქსიმალურად მოვერგოთ დღევანდელ რეალობას, გავითვალისწინოთ ქართველი მომხმარებლის მოთხოვნები, გემოვნება, ფინანსური შესაძლებლობა, და იმედი ვიქონიოთ რომ ამ მძიმე პერიოდს გადავლახავთ.


როგორ ფიქრობთ, „კოვიდის“ შემდეგ როგორი იქნება და შეიცვლება თუ არა ეს სფერო პანდემიის შემდეგ?

კოვიდის შემდგომი პერიოდიც, ისევე როგორც დღევანდელი რეალობა, რთული და გამოწვევებით სავსე იქნება, თუმცა ერთობლივი ძალისხმევით, დაუღალავი შრომით, გარემოსთან სწრაფად ადაპტირებით, დარწმუნებული ვარ შევძლებთ ყველა პრობლემის გადალახვას. ხომ არის ნათქვამი, რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს. ეს გამონათქვამი ძალიან კარგად ერგება დღევანდელ დღეს. კოვიდის ეპოქამ ყველას ცხოვრება ორ პერიოდად გაყო - მანამდე და მერე, მან ისეთი გამოცდილება შეგვძინა, მთელი ცხოვრების მანძილზე რომ არ დაგვავიწყდება, და ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით ბევრი რაიმეს გადაფასება მოგვიწევს როგორც ბიზნესში, ასევე პირად ცხოვრებაში.


როგორია თქვენი კომპანიის როლი კონკრეტული სფეროს განვითარებაში?

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი მაღაზია ნამდვილად გამორჩეულია მსგავსი ტიპის მაღაზიებს შორის, რაზეც მეტველებს ის ფაქტი, რომ ძალიან ბევრ გზამკვლევში, ბეჭდურ თუ მედია სივრცეში შეგიძლიათ იხილოთ მასზე ინფორმაცია, როგორც ერთ - ერთი აუცილებლად სანახავი და ე.წ. ‘საშოპინგე’ ადგილი თბილისში. ეს ალბათ იმან განაპირობა, რომ ვცდილობთ არ წავიდეთ კომპრომისზე და მხოლოდ გამორჩეული, ხარისხიანი, ჩვენს მიერ შემუშავებული სტანდარტის მქონე ნამუშევრები განვათავსოთ ჩვენს სივრცეში.


ამავე დროს მუდმივად ძიების პროცესში ვართ, მივყვებით არსებულ ტენდეციებს და ვცდილობთ ცოდნა და გამოცდილება ჩვენს მომწოდებელ ავტორებსაც გავუზიაროთ.


როგორია გრძელვადიანი გეგმები და მოლოდინები covid-19 ეპოქაში?

სამწუხაროდ დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე ძალიან რთულია გრძელვადიან გეგმებზე ფიქრი, ჩვენი ძირითადი მიზანია საქართველოში დამზადებული მაღალი ხარისხის ხელნაკეთი ნივთების პოპულარიზაცია არა მარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც, ადგილობრივი ავტორების მხარდაჭერა და ახალი ნიჭიერი, დამწყები მხატვრებისა და ოსტატების აღმოჩენა, მათი საქმიანობის ხელშეწყობა.


ყველაფრის მიუხედავად ვაგრძელებთ მუშაობას, იდეა ძალიან ბევრია, მათ განსახორციელებლად ველოდებით მდგომარეობის დასტაბილურებას და იმედით ვუყურებთ მომავალს.


bottom of page