top of page

ლიკა ჭყონია, ნინო ოკუჯავა - #ძლიერიქალებისქვეყანა

„რეპროარტი“ არის ქართულ-ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა, რომელსაც სათავეში ქალები უდგანან. აღნიშნული კლინიკა აერთიანებს არაერთ თანამშრომელს, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს საზოგადოების დასაქმებას. OK! გაესაუბრა კლინიკა „რეპროარტის“ და ახალი, ბიოტექნოლოგიური ინსტიტუტის „გენომიქსის“ დამფუძნებელს, დირექტორს − ლიკა ჭყონიას, და დამფუძნებელს, დირექტორის მოადგილეს − ნინო ოკუჯავას, ბიზნესის დაწყების იდეის, სიახლეებისა და ქალი ლიდერის როლზე სხვადასხვა საქმიანობაში.

რას ნიშნავს, თანამედროვე მსოფლიოში იყო ქალი ლიდერი, ქალი ბიზნესლიდერი?

(ნინო ოკუჯავა): ვფიქრობ, თანამედროვე მსოფლიოში ლიდერობა არა სქესზე, არამედ პიროვნულ თვისებებზეა დამოკიდებული და რასაკვირველია, იგივე ვრცელდება ბიზნესლიდერობაზეც.

როგორ გაჩნდა ბიზნესის წამოწყების იდეა?/ საიდან იღებს სათავეს ბიზნესი, რომელიც დღეს ასე წარმატებულია?

(ნინო ოკუჯავა): როგორც ექიმი გენეტიკოსი, წლების განმავლობაში ჟორდანიას ინსტიტუტში ვმუშაობდი, სადაც უნაყოფობის პრობლემის მქონე წყვილებს მკურნალობდნენ. შემდეგ, გარკვეული პერიოდით, მედიცინას ჩამოვშორდი, მაგრამ, როცა ლიკა ამერიკის შეერთებული შტატებიდან დაბრუნდა და რეპროდუქციული კლინიკის გახსნა შემომთავაზა, მის იდეას მაშინვე ავყევი.

(ლიკა ჭყონია): ჩემი ბიზნესსაქმიანობა ჩემი პროფესიაა. უნაყოფობის მკურნალობის კუთხით მუშაობა ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იან წლებში დავიწყე. ეს კომპლექსური პროცესია და მასში, ექიმთან ერთად, ბიოლოგიც ინტენსიურადაა ჩართული. პაციენტის პრობლემის მოგვარებაც სწორედ ამგვარი ტანდემის დახმარებით ხდება. თუმცა, ქართულ მულტიპროფილურ კლინიკებში, სადაც მე ვმუშაობდი, უნაყოფობის მკურნალობა წამყვანი მიმართულება არ იყო, ამიტომ ცოდნა პრაქტიკაში უფრო შედეგიანად რომ გადმომეტანა და საქმიანობა მეტად წარმატებული გამეხადა, სპეციალიზებული კლინიკის ჩამოყალიბება გადავწყვიტე. ასე გაიხსნა „ქართულ-ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა რეპროარტი“, რომელიც 2012 წლიდან მართლაც წარმატებით ფუნქციონირებს და არა მარტო საქართველოს მოქალაქეებს, არამედ უცხოეთიდან ჩამოსულ პაციენტებსაც ემსახურება.

ყველაზე დიდი სირთულე, რომელიც თქვენს პროფესიას ახლავს…

(ლიკა ჭყონია): ამ შეკითხვაზე პასუხს ორ ნაწილად გავყოფ და ემბრიოლოგიის სირთულეებით დავიწყებ. ემბრიოლოგი − ეს არის პროფესია, რომლისთვისაც სიახლეების საქმის კურსში მუდმივი ყოფნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამ სფეროში ყოველდღიურად უამრავი ინფორმაცია ქვეყნდება და გადატვირთული სამუშაო რეჟიმისა და პანდემიის პირობებში, ყველაფრის გაცნობა მარტივი არ არის. ამავდროულად, ჩვენს პროფესიაში აუცილებელია, რომ ცოდნა და გამოცდილება, რომელსაც ფლობ, ლაბორატორიაში ზუსტად და შეუცდომლად შეასრულო. აქ უბრალოდ არ გაქვს უფლება, შეგეშალოს.

რაც შეეხება სირთულეებს, რომლებიც ჩემთვის, როგორც ხელმძღვანელისთვის, არსებობს, ისინი მხოლოდ ჩვენს კლინიკას არ ეხება და ზოგადად, ქვეყანაში სტატისტიკის არარსებობას უკავშირდება. სამწუხაროდ, ინ ვიტრო განაყოფიერების შედეგად მიღებული ორსულობის სტატისტიკის წარმოება საქართველოში არ ხდება, ამიტომ ის პაციენტებისთვისაც ხელმისაწვდომი არ არის. ბუნებრივია, ეს ეთიკური კონკურენციის შესაძლებლობას არ გვაძლევს. „რეპროარტის“ ორსულობის მაჩვენებლების ოფიციალურად წარდგენა რომ შეგვეძლოს, ჩვენი გუნდის პროფესიონალიზმსა და შედეგებს რიცხვებზე დაყრდნობით წარმოვაჩენდით. ამას გარდა, დღევანდლამდე არ არის მოწესრიგებული რეპროდუქციული მედიცინის საკანონმდებლო ბაზა, რაზე მუშაობაშიც დიდი სიამოვნებით ჩავერთვებოდით.


რას ნიშნავს თქვენთვის, საკუთარი საქმიანობით წვლილი შეგქონდეთ ქვეყნის ეკონომიკური დოვლათის შექმნაში?

(ნინო ოკუჯავა): „რეპროარტი“ არის ქართულ-ამერიკული ჰოლდინგის წევრი, რომელიც სამ კლინიკას, ახლა უკვე გენეტიკის ლაბორატორია „გენომიქსსა“ და კიდევ რამდენიმე კომპანიას აერთიანებს. ეს უპირველესად ბევრ დასაქმებულ ადამიანსა და შესაბამისად, დასაქმების პრობლემის გადაჭრის ხელშეწყობას ნიშნავს. ამავდროულად, ჩვენ საკმაოდ დიდი რაოდენობით გვყავდა უცხოელი პაციენტები, რომლებიც სამკურნალოდ სწორედ საქართველოში ჩამოდიოდნენ, რადგან მიაჩნდათ, რომ „რეპროარტში“ იგივე ხარისხის მკურნალობას იღებდნენ, როგორიც მსოფლიოს საუკეთესო სამედიცინო დაწესებულებებშია. რა თქმა უნდა, ამ პაციენტების საქართველოში ჩამოსვლას სხვა სარგებელიც მოჰქონდა. კერძოდ, იგი ეხმარებოდა შიდა ტურიზმის განვითარებას, რაც ასევე ქვეყნის ეკონომიკაში შეტანილ წვლილად უნდა განვიხილოთ. ვიმედოვნებთ, რომ პანდემიის შემდეგ, ინ ვიტრო განაყოფიერებით მკურნალობა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის კვლავაც შესაძლებელი იქნება.

მოგვიყევით კომპანიის მიმდინარე სიახლეებზე. როგორ შეაჯამებთ 2020 წელს? რა შეაფერხა და რა გამოავლინა არსებულმა ვითარებამ?

(ლიკა ჭყონია): 2020 წელი ყველასთვის მძიმე იყო. თავდაპირველად, მხოლოდ პაციენტებისა და პერსონალის უსაფრთხოებაზე ვფიქრობდით, ამიტომ გარკვეული პერიოდი ონლაინ კონსულტაციებიც გვქონდა. შემდეგ, როცა პირველმა შოკმა გაიარა და სიტუაცია შევაფასეთ, მივხვდით, რომ უსაფრთხოების წესების ზედმიწევნით დაცვით, პაციენტების ადგილზე მიღებაც შეგვეძლო. ჩვენც და ისინიც შევეჩვიეთ COVID-19-ის არსებობას და გადავედით ასეთ რეჟიმზე: ცხოვრება გრძელდება, ოღონდ − დამატებითი წესების დაცვით. გარდა ამისა, პაციენტების დამატებითი კომფორტის მიზნით, დისტანციური სერვისები, ტელემედიცინა და „რეპროარტის“ დიაგნოსტიკური ლაბორატორიის ბინაზე გამოძახებაც განვავითარეთ.


როგორც უკვე აღვნიშნე, პანდემიამ უცხოელი პაციენტების ჩამოსვლა შეაფერხა, რაც არა მარტო შემოსავლების თვალსაზრისითაა ცუდი, არამედ თავად ამ პაციენტებსაც რთულ ემოციურ მდგომარეობაში აყენებს. მათ საქართველოში დატოვეს იმედი, რომელთა რეალიზებაში ჩვენც ვერ ვეხმარებით და ამას ძალიან განვიცდით. სამწუხაროდ, თუ ადრე შეგვეძლო, რომ პროცედურები პაციენტების ჩამოსვლის გარეშე ჩაგვეტარებინა და მკურნალობის შედეგად დაბადებული ბავშვები მშობლებს შემდეგ წაეყვანათ, როგორც 2020 წელს მოხდა, ახლა ეს აკრძალულია. არადა, რეალურად შესაძლებელია პროცესის უსაფრთხოდ და სწორად მართვა ისე, რომ არც ერთი მხარე არ დაზარალდეს.

(ნინო ოკუჯავა): პანდემიის მიუხედავად, „რეპროარტში“ ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე გვაქვს − დავაფუძნეთ და გავხსენით „გენომიქსი“, ბიოსამედიცინო კვლევისა და გენური დიაგნოსტიკის ცენტრი, სადაც ჩართულნი არიან საქართველოსა და აშშ-ში მოღვაწე ცნობილი მეცნიერები. „გენომიქსი“ პერსპექტივაში მოლეკულური გენეტიკის ინსტიტუტად ტრანსფორმირდება. ამჟამად აქ PCR-მეთოდით COVID-19-ის დიაგნოსტიკა ტარდება. დიდი იმედი გვაქვს, რომ მისი საქმიანობაც წარმატებით განვითარდება.

ყველაზე დიდი წვლილი თქვენს წარმატებაში ვის ან რას მიუძღვის?

(ნინო ოკუჯავა): ალბათ, ჩვენს ოჯახებს, რომლებიც საჭირო უნარებისა და განათლების მიღებაში დაგვეხმარნენ.

გრჩებათ თავისუფალი დრო? როგორ ატარებთ?

(ლიკა ჭყონია): საერთოდ, მოგზაურობა მიყვარს, თუმცა ახლა ეს შეუძლებელი გახდა.

მოგვიყევით სამომავლო გეგმების შესახებ.

(ლიკა ჭყონია): ახლა გეგმების განსაზღვრა ძალიან რთულია. ჩვენი თაობის ცხოვრებაში რამდენჯერმე იყო ისეთი მომენტი, როდესაც არ ვიცოდით, მომავალი როგორი იქნებოდა. ამჟამადაც ასეა. თუმცა, უკვე იმასაც მივეჩვიეთ, რომ პრობლემების მიუხედავად, ცხოვრება და განვითარება უნდა გავაგრძელოთ.



ფოტო: ალექსეი სეროვი

bottom of page