top of page

„კანტის აკადემია“: განათლების მომავალი არის დღეს!

ბიზნესლიდერთა ფედერაციის წევრი არაფორმალური განათლების პლათფორმა „კანტის აკადემია“ პანდემიის პირობებში აქტიურად განაგრძობს საგანმანათლებლო პროცესებს, როგორც მთელი საქართველოს მასშტაბით, ასევე საზღვრებს გარეთაც და ათასობით მოზარდის ცხოვრებას უკეთესობისკენ ცვლის. ინოვაციური პროექტების განხორცილება და მუდმივი სიახლეები „კანტის აკადემიის“ ხელწერაა, რომელიც კიდევ უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს 2021 წელს.

სამომავლო გეგმებისა და მიმდინარე სიახლეების შესახებ, „კანტის აკადემიის“ დამფუძნებელს, მარეხი გვარამაძეს ვესაუბრეთ, რომელსაც ვრცელი და საინტერესო ინტერვიუს სახით გთავაზობთ.



როგორია კომპანიის მიმდინარე გამოწვევები პანდემიის პირობებში და როგორ უმკლავდებით მათ?

COVID-19-მა სამყარო ახალი რეალობის წინაშე დააყენა და რა თქმა უნდა, გამონაკლისი არც განათლების სექტორი ყოფილა, მეტიც, ვიტყოდი, რომ პანდემიამ, ამ სფეროზე არა მხოლოდ მოკლევადიანი გავლენა მოახდინა, არამედ გახდა ერთგვარი თრიგერი ევოლუციური ცვლილებებისთვის მომდევნო ათწლეულის განმავლობაში.

ვფიქრობ, რომ კოვიდმა შექმნა ისტორიაში უდიდესი გარღვევა განათლების სისტემაში და დრამატულად შეცვალა რეალობა დაახლოვებით 1,6 მილიარდი მოსწავლისა და სტუდენტისათვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

მეორეს მხრივ, ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა, რომ სწორედ პანდემია ვაქციოთ მთავარ შესაძლებლობად თანამედროვე სამყაროში, განათლების სისტემაში ახალი ხედვებისა და ინოვაციების დანერგვისათვის.

პირველ ეტაპზე, პანდემია მივიღეთ როგორც მოკლევადიანი მოვლენა და ორგანიზაციამ დაიწყო მუშაობა სტრატეგიაზე, რომელიც მიმართული იყო კრიზისის დაძლევაზე და ბიზნესის შენარჩუნებაზე, თუმცა 6 თვის თავზე, სრულად გავაცნობიერეთ, რომ ჩვენს სექტორში რეალობა საწყის წერტილს არასდროს დაუბრუნდება და დავიწყეთ ფიქრი პანდემიის შემდგომ ნაბიჯებსა და ხედვებზე, მაშინ როდესაც სამყარო ჩვეულ რითმს დაუბრუნდება, თუმცა რადიკალურად შეცვლილი განწყობებით, მომხმარებლის ქცევითა თუ ღირებულებებით.

პანდემიის პერიოდში, სწრაფად მოვახდინეთ ადაპტაცია ონლაინ პლატფორმებზე და 2 კვირის ვადაში გავმართეთ ონლაინ სწავლების სისტემა, რომელიც ჩვენი გამოცდილებით კიდევ უფრო საინტერესო გარემო აღმოჩნდა სწავლის პროცესში სიახლეების დანერგვის კუთხით. პირველი 3 თვე, სრული რესურსით ვიყავით კონცენტრირებულები სწავლაზე “სწავლებისთვის” კოვიდის პირობებში და ჩვენი პროგრამების აბსოლუტური უმრავლესობა დიჯითალ პროდუქტებად ვაქციეთ.


როგორ გადალახა თქვენმა ბიზნესმა სირთულეები და რა რეკომენდაციებს გასცემთ ეკონომიკური სიტუაციის გადასალახად?

სწორედ კრიზისმა გვიბიძგა, რომ ჩვენს საქმიანობაში ახალი მიმართულებები გაგვეჩინა და ახალ პარტნიორებთან ერთად დაგვეწყო მუშაობა.

2020 წლის მაისიდან, UNICEF საქართველოსთან ერთად დავიწყეთ მუშაობა ბავშვებსა და მოზარდებში კოვიდით გამოწვეული სირთულეების აღმოფხვრის მიზნით. ბოლო 8 თვის განმავლობაში, მთელი საქართველოს მასშტაბით 2000-მდე ახალგაზრდას დავეხმარეთ თანამედროვე სამყაროში ადაპტაციისთვის საჭირო უნარებისა და ცოდნის განვითარებაში და მათთან ვიმუშავეთ ისეთ თემებზე, როგორიცაა: ქოუჩინგი, ლიდერობა, ანტრეპრენერშიპი და ბრენდინგი, როგორც შესაძლებლობების სინერგია. პროექტის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი იყო თანატოლგანმანათლებელთა პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, პროექტის მონაწილეებიდან შევარჩიეთ 100 მოზარდი, აღვჭურვეთ შესაბამისი ცოდნითა და უნარებით და მივეცით შესაძლებლობა, რომ გამხდარიყვნენ ერთგვარი მაგალითი მათი თანატოლებისთვის, საკუთარ სკოლებში, სოფლებსა თუ ქალაქებში. თანატოლგანმანათლებლებმა, 40-მდე შეხვედრა გამართეს, ჯამურად 1000-მდე მოზარდთან გემბლინგისა და ყალბი ინფორმაციის შესახებ.

გარდა ამისა, სწორედ პანდემიის პირობებში გავხდით გაეროს ოფისის პარტნიორები საქართველოში და ვმართეთ 4-თვიანი გლობალური კამპანია UN75, რომლის მიზანიც სწორედ საზოგადოების აქტიური ჩართვა და გაეროს მომავლის ხედვების შემუშავება იყო 2045 წლისთვის. კამპანიამ მთელი საქართველო და 6 ქალაქი მოიცვა, ჩართო მასში ახალგაზრდები, არასამთავრობო და საჯარო სექტორი. მიღებული შედეგები და ჩვენი ხედვები, კი გაეროს შტაბ-ბინაში დეკემბრის ბოლოს გაიგზავნება.

კიდევ ერთი წარმატებული პროექტი, რომელიც 2020 წელს წამოვიწყეთ უკავშირდება ახალ თაობაში მეწარმეობის უნარების გაძლიერებას. ჩვენ, 2020 მივუძღვენით მეწარმეობასა და ინოვაციებს, თუმცა სწორედ პანდემიის გამო ჩვენი რამდენიმე პროექტი გაუქმდა და გადაიდო, მათ შორის ექსპედიცია სილიკონ ველიზე სან ფრანცისკოში. თუმცა, ეს წელი შევაჯამეთ კომპონენტური ინიციატივებით, იდეათონებით და აკადემიური პროგრამებით, რომლითაც ახალ თაობას მივეცით ინოვაციური იდეების განვითარების, დაფინანსების და განხორციელების შესაძლებლობა ჩვენს ქვეყანაში. ამ მიზნით, სწორედ 2020-2021 წელს კანტის აკადემია და დემოკრატიული ჩართულობის ცენტრები, ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით, დაიწყებს რეგიონებში ახალგაზრდების ცოდნითა და უნარებით აღჭურვას მეწარმეობის, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით.


რა იყო ის ძირითადი პრობლემა რომელიც თქვენს სფეროში განჩნდა და რას ურჩევდით სხვებს თქვენს მაგალითზე?

ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რომელიც ჩვენ პანდემიამ შეგვიქმნა საწყის ეტაპზე, იყო საზოგადოების განწყობა ონლაინ სწავლების მიმართ. სამწუხაროდ, დისტანციური სწავლებისადმი დამოკიდებულება და ლოიალობა დღესაც საკმაოდ დაბალია ჩვენს ქვეყანაში და ამას როგორც სუბიექტური, აგრეთვე ობიექტური მიზეზებიც აქვს. ქართული განათლების სისტემა ნაკლებად აღმოჩნდა მზად პირველ ეტაპზე ონლაინ სწავლებაზე სწრაფი ადაპტაციისთვის, აქ დროზე მეტად ხარისხი იგულისხმება, რამდენადაც დისტანციური სწავლება მოითხოვს განსხვავებულ უნარებს, ცოდნას და კომპეტენციას ყველა ჩართული მხარისათვის.

გარდა ამისა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ჩვენი სექტორისთვის გამოწვევა კოვიდის რეალობამდეც იყო და კოვიდმა კიდევ უფრო მეტად გაამწვავა უკავშრდება ჩვენს საგადასახადო პოლიტიკას. ჩვენ, რამდენადაც ვართ არაფორმალური განათლების პლატფორმა და ქვეყანაში არსებული რეგულაციებით არ ვსაჭიროებთ ფორმალური პროცედურების გავლას სტატუსის მინიჭებისათვის (აკრედიტაციის პროცედურები), ვერ ვსარგებლობთ იმ საგადასახადო შეღავათებით რითიც სარგებლობენ ფორმალური განათლების ისნტიტუტები (სკოლა, უნივერსიტეტი, კოლეჯი). ამ პლატფორმის საშუალებით გვინდა ვთხოვოთ და მივმართოთ შესაბამის ინსტიტუტებს საქართველიში, რომ განსაკუთრებით პანდემიის პირობებში, იმისთვის რომ ჩვენ, როგორც ბიზნესმა და უმნიშნელვანესმა სექტორმა ქვეყანაში, შევინარჩუნოთ სტაბილურობა, მოვექცეთ ფორმალური განათლების საგადასახადო პოლიტიკაში და გავთავისუფლდეთ დამატებითი ღირებულების გადასახადისგან. ეს მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს ჩვენს რთულ მდგომარეობას კოვიდის პირობებში, მეორეს მხრივ, კი, ვისურვებდით, რომ ეს შეღავათი იყოს გრძელვადიანი განხილვის საგანი.


როგორ ფიქრობთ, „კოვიდის“ შემდეგ როგორი იქნება და შეიცვლება თუ არა ეს სფერო ?

განათლების სექტორში არსებული სისტემების ცვლილება, შეუქცევადი პროცესია მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის მიჯნაზე, თუმცა ვფიქრობ, რომ კოვიდმა პროცესები კიდევ უფრო დააჩქარა და მოგვცა ისტორიული შესაძლებლობა, მოხდეს ხედვებისა და სისტემების გადაფასება სწორედ დღეს.

მეოთხე ინდისტირული რევოლუცია ქმნის ახალ ერას და აჩენს მოთხოვნას ახალ ცოდნებზე, პროფესიებსა თუ უნარებზე. თუმცა იმისთვის, რომ ეს შესაძლებლობები გარდაიქმნას რეალობად, მნიშვნელოვანია ინოვაციური მიდგომების სწრაფი და მასშტაბური შემოტანა სწორედ განათლების სექტორში.

ვფიქრობ, ამისათვის აუცილებელია ფოკუსის რადიკალური ცვლილება ტრადიციული განათლების ფორმებიდან ციფრულ წიგნიერებაზე, უწყვეტი განათლების სისტემაზე და ფორმალურსა და არაფორმალურ განათლებას შორის კავშირის გაძლიერებაზე.



როგორია თქვენი კომპანიის როლი კონკრეტული სფეროს განვითარებაში?

განათლების მომავალი არის დღეს!

სწორედ დღეს, მსოფლიოს აქვს ეპოქალური შესაძებლობა, რომ გადაიაზროს ხედვები და მიდგომები განათლების სექტორში.

ჩვენ, გვაქვს ამბიცია და ისტორიული შესაძლებლობა, რომ არა მხოლოდ ვიქცეთ ახალი განათლების მოდელის ნაწილი ახალ ეპოქაში, არამედ თავად გავხდეთ შემოქმედები მნიშნელოვანი ცვლილებებისა და ინიციატივების.

დავაანონსებთ და გეტყვით, რომ 2021 წელს ვგეგმავთ გავხდეთ ერთ-ერთი უდიდესი საერთაშორისო პლატფორმის ნაწილი საქართველოში და კავკასიის რეგიონში, რომელიც მსოფლიოს 100 ქვეყანაში, 2021-2022 წლებში, სწორედ განათლების ახალ მოდელზე იმუშავებს მთავრობებთან და მათ შორის, კერძო და საერთაშორისო სექტორების ჩართულობით.

2021 წლიდან ვგეგმავთ, რომ შემოვიტანოთ ახალი ტრენდები განათლების სექტორში არაფორმალური განათლების გავლით და ჩვენს ქვეყანაში, გავაძლიეროთ ხედვები, კვლევა და პრაქტიკა მომავლის პროფესიების, უნარებისა და უწყვეტი განათლების შესახებ.

ასევე, 2021 წლიდან, ვგეგმავთ, რომ ჩვენს მიერ დანერგილი წარმატებული პროდუქტები ექსპორტზე გავიტანოთ სომხეთში და აზერბაიჯანში, რომლის წინაპირობაც უკვე შეიქმნა 2020 წელს კოვიდის პირობებში, რამდენადაც, ბოლო 6 თვის განმავლობაში ჩვენ შევძელით ჩვენი კავკასიელი მეგობრები და პარტნიორები ჩაგვერთო საქართველოში საერთაშორისო პროექტებში და მეორეს მხრივ, სწორედ ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით ადგილზე დაგვეტესტა ჩვენი პროდუქტები.



ინტერვიუ: თამარ გურგენიძე

bottom of page