Willis Towers Watson: პანდემიის მიუხედავად ძალიან კარგი შედეგები გვაქვს

Updated: Nov 16, 2020

ბიზნესლიდერთა ფედერაციის წევრი, სადაზღვევო-საბროკერო კომპანია Willis Towers Watson, პანდემიის მიუხედავად აქტიურად აგრძელებს სადაზღვევოებთან კომუნიკაციას და დაზღვეული კლიენტების ინდივიდუალურ საჭიროებებზე ზრუნვას. შეგახსენებთ, რომ Willis Towers Watson შუამავალია სადაზღვევოებსა და კერძო კომპანიებს შორის და სრულყოფილ კონსულტაციას უწევს კლიენტებს დაზღვევის ყველა მიმართულებით.


პანდემიის პირობებში კომპანიის გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე მის დირექტორს ქეთა ფავლენიშვილს და ფინანსურ მენეჯერს ანი თოდუას ვესაუბრეთ. გთავაზობთ ვრცელ ინტერვიუს მათთან.


როგორია კომპანიის მიმდინარე გამოწვევები პანდემიის პირობებში და როგორ უმკლავდებით მათ?


პანდემიამ დაზღვევის სფეროში ბევრი სირთულე შექმნა, განსაკუთრებით საცალო ბაზარზე. ფიზიკური პირები უფრო ნაკლებად ყიდულობენ დაზღვევას. ახალი კლიენტების რაოდენობა შემცირდა, განსაკუთრებით, როგორც აღვნიშნე, ფიზიკური პირების, რადგან ახლა ადამიანები თანხებს ზოგავენ და ერიდებიან შემოსავლის დაზღვევაში დახარჯვას. ჩვენ რადგან საბროკერო კომპანია ვართ ძირითადად კორპორატიულ დაზღვევებზე ვმუშაობთ. შესაბამისად დიდი გამოწვევები კლიენტების რაოდენობის კუთხით არ გვქონია. ზოგადად, მთელი დაზღვევის ინდუსტრიის მხოლოდ 5%-ია წელს ბროკერების გავლით დაზღვეული, მანამდე კიდევ უფრო მცირე იყო ეს მაჩვენებელი, ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ რომ ზოგადად ბროკერებზე მოთხოვნა იზრდება. ჩვენ წინა წელთან შედარებით, 2020 წლის პირველი 9 თვის მონაცემებით საკმაოდ დიდი, 25%-იანი ზრდა გვაქვს, რაც პანდემიის პირობებში, ვფიქრობთ, ძალიან კარგი შედეგია.


რა შეცვალა კოვიდ 19-მა კლიენტებთან ურთიერთობების მხრივ?


ძირითადად ის, რომ დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადავედით. სახლიდან მუშაობა ჩვენთვის არ წარმოადგენს პრობლემას, რადგან ეს სფერო გულისხმობს კონსულტაციის გაწევას, რაც ნებისმიერი წერტილიდან შეიძლება მოახერხო, შესაბამისად მარტივად მოვერგეთ ახალ მდგომარეობას. მიუხედავად ამისა ჩვენს კლიენტებსაც, რა თქმა უნდა, ჰქონდათ პრობლემები, პრემიების გადახდის გადავადებებიც გავუკეთეთ ზოგიერთს, მაგალითად, ტურიზმის სფეროში. სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები გვყავს დაზღვეული და თითოეულ მათგანთან საჭიროებიდან გამომდინარე ინდივიდუალური მიდგომა გვაქვს. ზოგიერთთან მოგვიწია, რომ გარკვეული პირობებისთვის გადაგვეხედა, შეღავათები თუ გადავადებები გაგვეკეთებინა და სადაზღვევოებთან მოლაპარაკებაში დავხმარებოდით მათ.


აღსანიშნავია, რომ აქტიურად ვართ ჩართული ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულებით და, რა თქმა უნდა, საქმე გაგვიათმაგდა, რადგან, თუ აქამდე, მაგალითად, აცრებთან დაკავშირებით, მარტივად ვახერხებდით რომ ჩვენს დაზღვეულებთან ოფისში მისულიყვნენ და ყველა აეცრათ, წელს უკვე ძალიან პრობლემური გახდა ეს საკითხი კლინიკებშიც კი. როგორც იცით გახშირებულია კოვიდის შემთხვევები და ვცდილობთ მაქსიმალურად დავეხმაროთ ჩვენს დაზღვეულებს ამ პროცესის მართვაშიც.


როგორია კომპანიის პროგნოზი, შეინარჩუნებთ დაზღვეული კლიენტების რაოდენობას?


ვნახოთ როგორი იქნება მომავალი წელი. ვფიქრობთ, რომ წლევანდელი ვითარება უფრო მომავალ წელზე იმოქმედებს, რადგან მარტში დაიწო ეს ყველაფერი და ყველა კომპანიას, ასე თუ ისე, დაზღვევის ბიუჯეტი დამტკიცებული ჰქონდა. ამის გამო მიმდინარე წელს ამ ნაწილში რადიკალურად არაფერი შეცვლილა, მაგრამ მომავალ წელს ბევრი კლიენტი დაზღვევის ბიუჯეტს დაგეგმავს სხვაგვარად, კომპანიათა თანამშრომლების რაოდენობებიც საკმაოდ შემცირებულია, განსაკუთრებით სასტუმროებს ბიზნესში - ბევრი დროებით შეჩერებულია, შესაბამისად, ამ ყველაფერს გავლენა ექნება უფრო მომავალ წელზე.



როგორ ფიქრობთ, „კოვიდის“ შემდეგ როგორი იქნება და შეიცვლება თუ არა ეს სფერო პანდემიის შემდეგ?


პანდემიამ უკვე ბევრი რამ შეცვალა. უარყოფით მხარეებზე ხშირად ვლაპარაკობთ, თუმცა დადებითად შევაფასებთ სამედიცინო ნაწილში განხორციელებულ ცვლილებებს, ვგულისხმობ: ექიმებთან ონლაინ ჩაწერის, ონლაინ კონსულტაციის შესაძლებლობას, ონლაინ მიმართვებს თუ ონლაინ ანაზღაურებას. ეს სისტემა სადაზღვევოებმა კარგად ააწყვეს, დაზღვეულებმაც შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე მაქსიმალურად აითვისეს შესაბამისი სერვისები, ამიტომ ამ ყველაფერს კლიენტები მომავალშიც კარგად გამოიყენებენ. ზოგადად, კომპანიის შიგნით თანამშრომლები ძალიან ვცდილობთ, რომ ამ სიტუაციამ ფსიქოლოგიურად ჩვენზე არ იქონიოს გავლენა, რადგან ჩვენს უკან ჩვენი კლიენტები და სადაზღვევოები დგანან და მათთან კომუნიკაციაში აუცილებელია ოპტიმისტური განწყობა.


როგორია გრძელვადიანი გეგმები და მოლოდინები covid-19 ეპოქაში?


მომავლის გეგმებს რაც შეეხება, მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ საბროკერო საქმიანობა გავაძლიეროთ საქართველოში, ავამაღლოთ ცნობადობა ამ მიმართულებით: თუ რა როლი აქვს და რას აკეთებს სადაზღვევო ბროკერი, რა ბენეფიტები მოაქვს კლიენტისთვის ჩვენს ჩართულობას, რომ მათ სწორ ინფორმაციაზე დაყრდნობით მიიღონ გადაწყვეტილება და იცოდნენ რა პროდუქტს ყიდულობენ. არსებულ კლიენტებს კი, ვცდილობთ ამ რთულ ეკონომიკურ სიტუაციაში გვერდში დავუდგეთ და დაზღვევის ოპტიმალური ვერსიები შევთავაზოთ. ჩვენთვის თითოეული მათგანი ძალიან მნიშვნელოვანია. ისინი მუდამ ლოიალურები არიან ჩვენს მიმართ და ჩვენი მხრიდანაც ვცდილობთ ამ კრიზისულ პერიოდში მათ გვერდით ვიდგეთ.


ინტერვიუ: თამარ გურგენიძე