ბიზნესლიდერთა ფედერაციის წევრი HR აუთსორსინგული კომპანია „ვან ფოინთი“ ორი წელია ბაზარზე წარმატებით ოპერირებს. კომპანიის ძირითადი სერვისი სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს, ესენია: ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით გრძელვადიანი საკონსულტაციო და ერთჯერადი პროექტების განხორციელება; HR ადმინისტრაციული მიმართულების სრული აუთსორსინგი პროგრამული უზრუნველყოფის (HR სოფტი) საშუალებით და ჰედჰანთინგი.
„ვან ფოინთის“ გუნდში გაერთიანებული არიან საქართველოს წამყვანი HR პროფესიონალები და კონსულტანტები, რომლებსაც სხვადასხვა სფეროს კომპანიებში საუკეთესო HR პრაქტიკების დანერგვის დიდი გამოცდილება აქვთ.
„ვან ფოინთის“ პანდემიურ გამოწვევებზე მის დამფუძნებელს, ნინო ნიაურს ვესაუბრეთ, რომელსაც ინტერვიუს სახით გთავაზობთ
როგორია კომპანიის მიმდინარე გამოწვევები პანდემიის პირობებში და როგორ უმკლავდებით მათ?
საკონსულტაციო კომპანიისთვის პანდემია რთული გამოწვევა იყო და ისევე, როგორც სხვა ბიზნესები, დასაწყისისთვის ჩვენც ცოტა დაბნეულები ვიყავით. თუმცა კრიზის მენეჯმენტი ჩვენი ძლიერი მხარე აღმოჩნდა და ძალიან მალე შევძელით ჩვენი სერვისების ადაპტირება და ამით ბევრი ბიზნესის მხარდაჭერა და დახმარება. ჩავერთეთ ACT-strategist - ის პლატფორმაზე, სადაც უფასო კონსულტაციებს ვუწევდით კომპანიებს ადამიანური რესურსების მართვის პრობლემატურ საკითხებზე. ეს პროექტი იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ დღესაც ვაგრძელებთ ამ მიმართულებით აქტიურ მუშაობას. დავიწყეთ ტოპ მენეჯმენტისთვის ტრენინგების ჩატარება ადამიანური რესურსების მართვის საკითხებზე. ასევე, ჩვენი სერვისი - HR ადმინისტრირების აუთსორსინგი დაეხმარა კომპანიებს მარტივად გადასულიყვნენ მართვის დისტანციურ მოდელზე და პროცესები უფრო მართვადი გაეხადათ.
როგორ ფიქრობთ, როგორი იქნება ეს სფერო პანდემიის შემდეგ?
პანდემიის პერიოდში ბიზნესებისთვის ბევრი რამ შეიცვალა. გარდა ეკონომიკური ცვლილებებისა, დიდ გამოწვევად იქცა გუნდის მართვა და კორპორატიული კულტურის მხარდაჭერა. ამ მხრივ მნიშვნელოვნად შეიცვალა ძველი პრაქტიკები და ვფიქრობთ, კიდევ უფრო დიდ ტრანსფორმაციას განიცდის მომავალშიც. მაგ. პანდემიის შემდგომაც, პირისპირ კომუნიკაციას მნიშვნელოვანწილად ჩაანაცვლებს ტექნოლოგიური საკომუნიკაციო არხები, კორპორატიული ღირებულებებისა და ეთიკის წესები, ფურცლის ნაცვლად, ელექტრონულ სივრცეში გადაინაცვლებს და ა.შ.
როგორია HR ბიზნესისთვის პანდემიური რეალობა და როგორია თქვენი სამომავლო გეგმები კოვიდ-19-ის ეპოქაში?
პანდემიამ ბევრი რამ გვასწავლა. ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ დღევანდელ ცვალებად გარემოში, ადაპტირების უნარი და პროცესების მოქნილობა აღმოჩნდა ბიზნესებისთვის გადარჩენის ძირითადი უნარები. ჩვენ სწორედ ამ მიმართულებით დავიწყეთ ფიქრი „ვან ფოინთში“ და კიდევ ბევრი საკითხზე გვაქვს სამუშაო, თუმცა, ამ პროცესში შემუშავებული შედარებით მოქნილი მექანიზმები ძალიან დაგვეხმარა, რომ პანდემიის პერიოდში არათუ შევინარჩუნეთ, არამედ 2-ჯერ გავზარდეთ თანამშრომლების რაოდენობა, ხოლო არსებული თანამშრომლების ხელფასები 25%-ით გავზარდეთ. ჩვენი კომპანია დღეს უკვე 30-ზე მეტ ორგანიზაციას უწევს მომსახურებას და ვგეგმავთ, რომ კიდევ უფრო გავიზრდებით შემდეგ წელს.
როცა ვუფიქრდებით რა დაგვეხმარა, ვფიქრობთ, რომ ჩვენი დროული მობილიზება: სწრაფად დავძლიეთ პანდემიით გამოწვეული სტრესი და დაბნეულობა, და ჩვენი ფოკუსი და ენერგია გადავიტანეთ იმაზე ფიქრში, თუ როგორ გამოგვეყენებინა ჩვენი კომპეტენციები და გამოცდილება ჩვენი კლიენტების დასახმარებლად.
Comments