წარმატების ერთწლიანი ისტორია - EK Law Office PLLC ორი ქართველის მიერ დაფუძნებული იურიდიული კომპანია

Updated: Jun 26, 2020



ზუსტად ერთი წელია, რაც ორმა წარმატებულმა ქართველმა ქალმა - ჰარვარდის სამართლის სკოლის კურსდამთავრებულმა ეკა ეგუტიამ და ბიზნესლიდერთა ფედერაციის „ქალები მომავლისთვის“ თავმჯდომარემ ნინა კობახიძემ, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქართულ-ამერიკული იურიდიული კომპანია EK Law Office PLLC დააარსეს, რომელიც მომხმარებელს ბიზნესსა და საიმიგრაციო სამართალთან დაკავშირებულ სერვისებს სთავაზობს. მათი სამიზნე ჯგუფი აშშ-ში მცხოვრები ქართველები, აღმოსავლეთ ევროპისა და პოსტსაბჭოთა ქვეყნების წარმომადგენელები არიან, ასევე ისინი, ვინც შეერთებულ შტატებში არ ცხოვრობენ, თუმცა ნიუ-იორკში ბიზნესის კეთებას გეგმავენ.


EK Law Office PLLC საქმიანობას პანდემიის პერიოდშიც განაგრძობს და სასამართლო პროცესებს ონლაინრეჟიმში წარმართავს. ამ ეტაპზე ფირმის ანგარიშზე 20-მდე წარმატებული საქმეა, რაც ახლადდაფუძნებული ფირმისთვის ძალიან კარგი შედეგია. კომპანიამ, ასევე, არაერთ კორპორატიულ და სახელშეკრულებო დავაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც, აგრეთვე, წარმატებით დაასრულა.

ფირმის ერთწლიანი საქმიანობის შეფასება ეკას ვთხოვეთ, რათა ბიზნესლიდერთა ფედერაციის წევრებისთვის EK Law Office PLLC-ის წარმატების ფორმულა გაგვეზიარებინა და ისიც სიამოვნებით დაგვთანხმდა.




ეკასთვის ამერიკაში საადვოკატო საქმიანობა და იურიდიული ფირმის მართვა ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. მომსახურების მიწოდების პროცესში ეს საქმიანობა მისგან სერიოზულ მომზადებას მოითხოვს; მაგალითად ისეთს, როგორიცაა: პრეცედენტების შესწავლა, სასამართლო პროცესებისთვის, ან კონკრეტული ბიზნესტრანზაქციისთვის, ასევე, კლიენტის ინტერესების წარმოდგენისას მკაცრი ეთიკური მოთხოვნების დაცვა.

„ნიუ-იორკში განსაკუთრებით დიდი კონკურენციაა იურიდიული ბაზარზე, თუმცა ყველაზე ეფექტიანი გზა თავის დამკვიდრებისა არის კლიენტების კმაყოფილება და მათი ინტერესების დასაცავად დაუღალავი შრომა; ამით იქმნება ადვოკატის რეპუტაცია და შესაძლებელი ხდება უფრო მეტი კლიენტის მოზიდვა”.


EK Law Office მეწარმეებსა და მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს, იურიდიულ მომსახურებას სთავაზობს, დავინტერესდით, ზოგადად, რამდენად არის ამ კუთხით მიმართვიანობა და, მათ შორის, არიან თუ არა ქართული ბიზნესკომპანიები, რომლებსაც სურვილი აქვთ საკუთარი საქმიანობა აშშ-ის ბაზარზე განახორციელონ:

„ხშირია ნიუ-იორკში კომპანიის დაფუძნების დაკვეთები, ასევე, უკვე არსებული მცირე ბიზნესის მფლობელების სახელშეკრულებო საკითხებზე მომსახურების ინტერესი, რომელიც ძირითადად ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები არიან. ასევე, ხშირია იმ პირების მომართვიანობა, ვისაც ბიზნესის ამერიკაში დაწყება სურს (ე.წ. ინვესტორის პროგრამის ფარგლებში) რითაც სურთ მოიპოვონ შესაბამისი საიმიგრაციო სტატუსი”.


გარდა ეროვნებით ქართველი კლიენტებისა, ამ მიმართულებით მათი ფირმის მომსახურებისადმი ინტერესი ინდოელი და მექსიკელი კლიენტების მხრიდანაც გაჩნდა. მათი გამოცდილება, ასევე მოიცავს სახელშეკრულებო და კომერციული ტიპის (მაგ.: კომპანიის ნასყიდობა) ტრანზაქციების მომსახურებას.

„ჩვენმა ფირმამ, თუმცა დამწყებია, წარმოადგინა ინგლისური საშუალო ზომის კომპანია რთულ ტრანზაქციაში (ნიუ-იორკში საბროკერო ბიზნესის შესყიდვა), კოლეგა ნიუ-იორკელ იურისტებთან ერთად და გარიგებაც წარმატებით დაასრულა. ამრიგად, ბიზნესსამართლის მიმართულებით, საკმაოდ საინტერესო დაკვეთებს ვიღებთ. რა თქმა უნდა, პანდემიის გამო კლიენტების აქტივობამ ამ კუთხით იკლო, თუმცა ველით, რომ მალე ბიზნესი ისევ ჩვეულ რითმს დაუბრუნდება“.


კითხვაზე, თუ რამდენად ხშირია ქართველების მიმართვიანობა და ძირითადად რა საკითხებზე უწევენ მათ ადვოკატირებას, ეკა ეგუტია გვპასუხობს, რომ:

„ძირითადი მომართვიანობა ქართველი კლიენტების მხრიდან საიმიგრაციო სამართალს უკავშირდება. კერძოდ, ხშირია ამერიკაში საიმიგრაციო სტატუსის შეცვლის, ან მოპოვების საკითხებზე დაკვეთა, ასევე, აშშ-ში თავშესაფრის მაძიებელთა მომართვიანობა“.


ეკას ვკითხეთ, თუ რა სირთულეები ახლავს მაღალი კონკურენციის პირობებში ოპერირებას, როცა ამ ყველაფერს ემატება COVID-19; რამდენად მისცა მათ პანდემიამ მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა?

„ბიზნესსამართლის მიმართულებით პანდემიამ საგრძნობლად შეაფერხა ჩვენი მუშაობა და, შესაბამისად, კლიენტების აქტივობა. ამ პირობებში, ნიუ-იორკის და აშშ-ის სხვა შტატების სასამართლოებში, მხოლოდ გადაუდებელი ხასიათის (მაგალითად, პატიმართა) საქმეები განიხილება და, ასეთი საქმეებიც ონლაინრეჟიმში ტარდება. ამ კუთხით, სასამართლო წარმოებაში ონლაინ ვერთვებით, თუმცა, ცხადია, შეფერხდა სხვა არაარსებითი საქმეების მიმდინარეობა და კომერციული მიმართულებითაც დაკვეთები კლიენტების მხრიდან შემცირდა”.


ჩვენს რესპოდენტს, კონფიდენციალობის ფარგლებში, იმ მნიშვნელოვან საქმეებსა და პროცესებზე ვთხოვეთ ესაუბრა, რაც მათი ფირმის რეპუტაციას და სანდოობას განსაზღვრავს, ასევე, მიმდინარე ეტაპზე, განხილვის პროცესში არსებულ საქმეთა რაოდენობაზე ვკითხეთ:

„კომერციული კუთხით, მნიშვნელოვანი ტრანზაქცია განვახორციელეთ და მომსახურება გავწიეთ ნიუ-იორკის საბროკერო კომპანიის შესყიდვის საქმეში, კოლეგა ადვოკატებთან ერთად, რისი კმაყოფილიც ვარ. რაც შეეხება საიმიგრაციო დარგში, აქ 20-მდე მიმდინარე საქმე გვაქვს; კლიენტები, ძირითადად, კმაყოფილები არიან, რადგან ხშირად ვახერხებთ მათ საიმიგრაციო პატიმრობიდან გამოხსნას და შემდგომ, სასამართლო პროცესების მართვას. მომართვიანობა გაზრდილია პატიმარი კლიენტების მხრიდან, რომელთა ინტერესებს ვიცავთ სასამართლო პროცესებზე. ასეთი კლიენტები ჩვენი იმიჯის და რეპუტაციის გამო გვიკავშირდებიან და გვთხოვენ, მათ სამართლებრივ დახმარებას“.

ამბობს, რომ ინფორმაცია ადვოკატის წარმატებულ საქმეებზე სწრაფად ვრცელდება, განსაკუთრებით ემიგრანტებში, ნიუ-იორკში მცხოვრებ ქართველებსა და ჩვენი რეგიონის სხვა მოქალაქეებს შორის.


დაბოლოს, ეკას ვთხოვეთ, EK Law Office-ის 1 წლიანი საქმიანობა შეეფასებინა:

„საკმაოდ წარმატებული 1 წელი გვქონდა, მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის პერიოდი, დაახლოებით ოთხი თვე, გამოწვევებით სავსე იყო. ძირითადად გვაქვს მიმდინარე საქმეები, რომელიც თვეების განმავლობაში გრძელდება და გვაქვს, ასევე, წარმატებით დასრულებული საქმეები, ნაწილი სასამართლო დავა, ნაწილი კი - დასრულებული ტრანზაქცია. წარმატებით დასრულებული საქმეების რაოდენობა დაახლოებით 20-მდეა, ამ მცირე დროის მანძილზე კარგი შედეგია, იმის გათვალისწინებით, რომ კლიენტების მომართვიანობამ იმატა. ჩვენი ფირმა უკვე წარმოდგენილია ნიუ-იორკში ლიცენზირებული სამი იურისტით, რომლებიც კლიენტებს ემსახურებიან განსაკუთრებული თავდადებითა და პროფესიონალიზმით“.


შეგახსენებთ, რომ EK Law Office PLLC მომსახურების მსურველებს შეუძლიათ დაუკავშირდენ მათ შემდეგ მისამართზე - 405 Lexington Avenue, 8th Floor, New York, New York ან მიმართონ მათ იმეილის

info@ek-lawoffice.com ოფიციალური ვებ-გვერდის http://ek-lawoffice.com ან ტელეფონის საშუალებით Call +1 646-402-2219


ავტორი: თამარ გურგენიძე

ბიზნესლიდერთა ფედერაციის "ქალები მომავლისთვის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი