top of page

ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, საქართველო სამეციდინო მომსახურების რეგიონულ ჰაბად გადაქცეულიყო

პანდემიის პერიოდში სტომატოლოგიის სფეროში არსებულ კრიზისებსა და მათი გამოსავლის გზებზე, ბიზნესლიდერთა ფედერაციის „ქალები მომავლისთვის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრს, სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტს და სტომატოლოგიის ცენტრ „ალბიუსის“ დამფუძნებელს - პროფესორ, ქეთევან გოგილაშვილს ვესაუბრეთ.


ინტერვიუს მსვლელობისას ისიც გავიგეთ, რომ კლინიკა „ალბიუსი“ პოსტკოვიდურ პერიოდში რეგიონებში არსებული კლინიკებისთვის, ვისაც ამის საჭიროება აქვს, უფასო პროფესიულ გადამზადების პრაქტიკას იწყებს. ამ ეტაპზე კი, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციამ, რეგიონული კლინიკების გამართულად ფუნქციონირებისთვის, კოლეგების დასახმარებლად, საკოორდინაციო საბჭოები შექმნა.


გთავაზობთ ქ-ნ ქეთისთან ვრცელ ინტერვიუს, რომელშიც სტომატოლოგიის სფეროში არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე ბევრ საინტერესო ინფორმაციას გაიგებთ.



როგორი იყო სტომატოლოგიის სფერო პანდემიამდე?


საქართველოში, ისე როგორც სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში საბჭოთა გამოცდილებამ თავისი კვალი დატოვა და დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა ამ ვითარების შესაცვლელად. ჯანდაცვის და განათლების სისტემა ფაქტობრივად დაინგრა და ხელახლა დაიწყო განვითარება. ჩვენ შევძელით, რომ სისტემა ამერიკულ და ევროპულ რელსებზე გადაგვეყვანა და მსოფლიოს წამყვან სამედიცონო სკოლებთან მჭიდრო კონტაქტები დაგვემყარებინა.


მედიცინის დარგებს შორის სტომატოლოგია ერთ-ერთი მიმართულებაა, რომელიც უკვე მრავალი წელია სახელმწიფო პროგრამების და დაფინანსების მიღმაა და როგორც კერძო სექტორმა, საკუთარი დარგის შესანარჩუნებლად ყველაფერი გავაკეთეთ, კონკურენციამ კი - მომსახურების ხარისხის გაზრდის სტიმულირება მოახდინა.



პანდემიის პირობებში როგორია სტომატოლოგიის სფეროში მიმდინარე გამოწვევები და როგორ უმკლავდებით მათ?


პანდემიის პერიოდში, სტომატოლოგია ახალ რეალობაში, ახალი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა: ერთი მხრივ, როგორც სერვისის მიმწოდებლის და მეორე მხრივ, ბიზნესის თვალსაზრისით.


ბიზნესის ჭრილში სტომატოლოგიის სფეროს წარმომადგენლები საგრძნობლად დავზარალდით, მაგრამ სერვისის მიწოდება არ შეგვიწყვიტავს. პირველად, როდესაც პანდემია გამოცხადდა, სტომატოლოგიურ კლინიკებს ბევრი შეზღუდვები დაუწესდათ. ეპიდემიოლოგიური სიტუაციის და ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის რეკომენდაციების შესაბამისად, სტომატოლოგიური დაწესებულებები საგანგებო მუშაობის რეჟიმზე გადავედით, რაც მხოლოდ გადაუდებელი პაციენტების მომსახურებას გულისხმობდა სისხლდენის, აბსცესის, ტრავმული დაზიანებების, მწვავე ტკივილის და შეშუპების შემთხვევაში; ამ პერიოდში კლინიკების მნიშვნელოვანი ნაწილი დაიკეტა, თბილისის მასშტაბით დაახლოებით სულ 10 კლინიკა მუშაობდა და რეგიონებში ალბათ თითო-თითო.


გეგმიური სამუშაოების, ანუ რეალური შემოსავლის წყაროს შეწყვეტა საზიანო აღმოჩნდა კლინიკებისთვის, ანუ მხოლოდ გადაუდებელ დახმარებაზე პაციენტთა მომსახურებამ კლინიკები ფინანსური კუთხით დააზარალა. თუმცა ამ ეტაპზე, მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, კლინიკებს მუშაობა არ შეგვიწყვიტავს. ძალიან რთული გახდა კადრების შენარჩუნებაც, პანდემიური ვითარების გათვალისწინებით პასუხისმგებლობით მოვეკიდეთ ჩვენი თანამშრომლების ჯანმრთელობას, სიმშვიდეს და პანდემიის პერიოდში, ასოციაციის ეგიდით დახმარების გაწევას შევეცადეთ შეძლებისდაგვარად ყველასთვის, რომ კოლეგების მოტივაცია გაზრდილიყო ჩვენს საერთო საქმეში, შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოსავლენად.



როდესაც ახალი რეგულაციები ამოქმედდა რა შეიცვალა სტომატოლოგიაში?


საქართველოში სტომატოლოგია ნაწილობრივ რეგულირებადი საქმიანობაა, სახელმწიფოს მხრიდან მინიმალური, ბაზისური სტანდარტებია მხოლოდ შემუშავებული და დარგის სწრაფი განვითარების პირობებში, კლინიკების სწრაფვა ხარისხსა და სერვისზე, უსწრებს სახელმწიფო რეგულაციების მოთხოვნებს. ასოციაციას, როგორც ხელისუფლება, ასევე ჩვენი კოლეგები მენეჯმენტის საკითხებში ხშირად მოგვმართავენ, ასე მოხდა ახლაც. სტომატოლოგიური კლინიკების საქმიანობისთვის შემუშავდა ახალი რეკომენდაციები, რომლის მიხედვით, მუშაობის პროცესში გამოყენებული არ უნდა ყოფილიყო მაღალი სიჩქარის ბუნიკები, ულტრაბგერითი და ჰაერ-ჭავლოვანი აპარატები, შესაბამისად არ უნდა ჩატარებულიყო ის სტომატოლოგიური მანიპულაციები, რომლის დროსაც წვეთები და აეროზოლები გამოიყოფა. რეკომენდაციების ამ პუნქტების გათვალისწინება სტომატოლოგიის დარგში მომუშავე ექიმებისთვის ძალიან რთული აღმოჩნდა.


გამკაცრებული ახალი რეგულაციების შესაბამისად, საჭირო გახდა ინფექციების კონტროლის შესაბამისი ზომების დაცვა და დამატებითი ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენება. შემუშავდა ამ საშუალებების სწორად გამოყენების წესები; გაჩნდა ახალი ინფრასტრუქტურული მოთხოვნები, რაც გულისხმობს საკმარის სივრცეს მიმღებში პაციენტების სკრინინგის, უსაფრთხოდ შემოსვის და ერთმანეთთან დისტანცირებისთვის; ბუნებრივ ან ხელოვნურ ვენტილაციის სისტემას და კიდევ ბევრ სხვა საკითხს.


გაძვირდა მომსახურებაც - დისტრიბუციის შეზღუდვამ და ეკონომიკურმა კრიზისმა საგრძნობლად გააძვირა სტომატოლოგიური მომსახურებისთვის აუცილებელი ინსტრუმენტების, ხელსაწყოების და მასალების, მათ შორის ინდივიდუალური დაცვის საშუალებების ღირებულება. აქედან გამომდინარე, ჩვენც იძულებულები გავხდით მომსახურების ფასები ცოტათი გაგვეზარდა, ამ ყველაფერმა კი ბიზნესი საგრძნობლად დააზარალა.

პანდემიის პერიოდში რამდენად დიდი იყო მომართვიანობა პაციენტების მხრიდან და როგორ აისახა ეს კლინიკების ფუნქციონირებაზე?


სტომატოლოგიურ კლინიკებში, დღესდღეობით, მომართვიანობა შედარებით შემცირდა, ჩაწერილი პაციენტები ვიზიტებს შიშის გამო აუქმებენ. რეგულაციებიდან გამომდინარე, დაბალი სიცხით და რესპირაციული სიმპტომების მქონე პაციენტებს ჩვენ თავად ვუუქმებთ ვიზიტებს.



დარგმა როგორ გადაირჩინა თავი?


ქვეყანაში ამ არასახარბიელო ეპიდემიოლოგიურ ვითარებაში, სტომატოლოგიის დარგი ერთ-ერთი დაცული და მოწესრიგებული აღმოჩნდა, რაც პროფესიონალიზმის და მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის მაჩვენებელია.


საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის გამგეობამ და ექსპერტთა საბჭომ შევიმუშავეთ სტომატოლოგური მომსახურების მენეჯმენტის დროებითი გაიდლაინი, სადაც გაწერილია:

• ალგორითმი “დროებითი გაიდლაინი გადაუდებელი და მწვავე პაციენტების განსაზღვრისთვის”

• ალგორითმი “გადაუდებელი პაციენტების სკრინინგი COVID-19 ინფექციის იდენტიფიცირების მიზნით”

• სტომატოლოგიური მანიპულაციების რისკის შეფასების ალგორითმი

• ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენების რეკომენდაციები სხვადასხვა რისკის შემცველი მანიპულაციების შესაბამისად

• ინფექციების კონტროლის პრინციპები პანდემიის პირობებში


დამატებით ვიდეო-რგოლები გადავიღეთ, თუ როგორ უნდა ემუშავათ კლინიკებს პანდემიის პერიოდში. პანდემიის დასაწყისში, როცა ფაქტობრივად არაფერი ვიცოდით ვირუსის შესახებ, ექტრემალურ რეჯიმში მიმდინარეობდა ინფორმაციის მოძიება, გადამოწმება და რეკომენდაციების შემუშავება. იყო დიდი ვნებათაღელვა, თუმცა ფაქტი ერთია - სტომატოლოგია იყო ის დარგი, სადაც რეგულაციები მყისიერად ამოქმედდა, რამაც საშუალება მოგვცა, კლინიკებს ფუნქციონირება მალევე და უსაფრთხოდ განეახლებინა.


თქვენი აზრით შემუშავებულმა რეკომენდაციებმა იმუშავა? როგორ ვითარდებოდა პროცესები დინამიკაში?


ჯანდაცვის სექტორი კარგად მუშაობდა, მცირე ჯგუფი იყო იმ პერიოდში დაავადებული, მსოფლიოში მიმდინარე პროცესებთან შედარებით კარგად ვუმკლავდებოდით პანდემიას. უცხოელი კოლეგები მიკავშირდებოდნენ და მეუბნოდნენ „როგორი კარგი ჯანდაცვის სისტემა გაქვთ, როგორი კარგი მესვეურები გყავთ, დაუჯერეთ მათ რომ ჩვენი ბედი არ გაიზიაროთო“ და სწორედ მაშინ დავფიქრდი, რომ პოსტპანდემიურ მომავალში ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ საქართველო სამეციდინო მომსახურების რეგიონულ ჰაბად გადაქცეულიყო! ამისთვის ყველა პირობა გვქონდა, ძალიან კარგად გამოგვივიდა პაციენტების მართვა სხვადასხვა მიმართულებით: „კოვიდი და ონკოლოგიური პანციენტები“, „კოვიდი და კარდიოვასკულური დავადებები“, „კოვიდი და სტომატოლოგია“. ვფიქრობ ეს ყველაფერი შესაძლებელი იქნებოდა, რომ არა სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული დღევანდელი კოვიდ-სტატისტიკა.



როგორი სიტუაციაა რეგიონებში, დაცულია კოვიდ სტანდარტები?


სტომატოლოგთა ასოციაციას რეგიონული ორგანიზაციები აქვს, რომლებიც ადგილობრივი კლინიკების საჭიროებებზე ზრუნავენ, მაგრამ ჩვენ პანდემიის პერიოდში დამატებით საკოორდინაციო საბჭოები შევქმენით. საქართველოს მასშტაბით 50-მდე საბჭოს წევრი გვყავს, რომლებიც რეგიონებში არსებულ კლინიკებს კოვიდ რეგულაციების დანერგვასა და გამართულად ფუნქციონირებაში ეხმარებიან.



როგორია თქვენი კომპანიის როლი კონკრეტული სფეროს განვითარებაში?


კლინიკა „ალბიუსს“ წვლილი შეაქვს გაეროს და ბიზნესლიდერთა ფედერაციის „ქალთა გაძლიერების“ პროექტში და ხელს ვუწყობთ ბიზნესის მფლობელი ქალების გაძლიერებას. ამ პროექტის ფარგლებში, რამდენიმე რეგიონულ კლინიკას კვალიფიკაციის ამაღლებაში, მენეჯმენტის საკითხებში გავუწიეთ კონსულტაციები. ვგეგმავთ პოსტკოვიდურ რეალობაში „ალბიუსის“ რესურსით პროფესიულ საკითხებში რეგიონული კლინიკები გადავამზადოთ.



როგორი იქნება თქვენი რეკომედაცია კლინიკებისთვის, რომლებმაც კოვიდ რეგულაციებს ვერ გაუძლო და დაიხურა?


კლინიკებს, რომლებსაც არ მიეცა ფუნქციონირების გაგრძელების შესაძლებლობა, კოვიდ რეალობიდან გამომდინარე, მინდა ვურჩიო, რომ ეს მძიმე პერიოდი ღირსეულად გადაიტანონ, უარი არ თქვან იმაზე, რაც ძალიან უყვართ, კიდევ ერთხელ მოსინჯონ ძალები ამ მიმართულებით. დაბრკოლებები ზოგჯერ კიდევ მეტად გვაძლიერებს და მეტ გამოცდილებას გვმატებს. არ შეშინდნენ! პოზიტიურად შეხვდნენ წინააღმდეგობებს და თვითგანვითარებაზე უფრო ბევრი იმუშაონ, მხოლოდ ეს არის წარმატების გარანტი, განვითარება!



როგორია თქვენი სამომავლო გეგმები ?


პირველ რიგში, ჩემი დიდი სურვილია ამ პანდემიას გავუმკლავდეთ. ახლა კონკურენციის დრო არ არის, რამდენადაც შესაძლებელი იქნება ჩვენი ძალები უნდა გავაერთიანოთ და ვისაც ძალიან უჭირს, ეხლა მათ უნდა დავეხმაროთ.






ინტერვიუ: თამარ გურგენიძე

Comments


bottom of page