top of page

ჩვენი მთავარი ამოცანაა პანდემიის პირობებში კიდევ უფრო ხარისხიანი განათლების მიწოდება

ბიზნესლიდერთა ფედერაციის წევრი „ლეტერატო“ არაფორმალური განათლების სივრცეა, რომელიც სპეციალური პროგრამებით მოსწავლეებს საშუალებას აძლევს გაიფართოონ თვალსაწიერი, აიმაღლონ ერუდიცია და ჩამოუყალიბდეთ თავისუფალი აზროვნების, საკითხისადამი შემოქმედებითი ჭვრეტის და ინოვაციების შექმნის უნარები. ამ ყველაფერთან ერთად მოზარდები სწავლობენ ინტერპერსონალურ კომუნიკაციას, მეგობრობას, თანადგომას, ჰუმანიზმს..


პანდემიის პირობებში როგორ ახერხებენ ეს ყველაფერი დისტანციურ რეჟიმში კვლავ მიაწოდონ მოზარდებს და რა ვითარებაა არაფორმალური განათლებისა და სასწავლო პროგრამების შეთავაზების თვალსაზრისით ამ საკითხებზე „ლეტერატოს“ დამფუძნებელს თამარ რაზმაძეს ვესაუბრეთ, რომელსაც ინტერვიუს სახით გთავაზობთ.



როგორია კომპანიის მიმდინარე გამოწვევები პანდემიის პირობებში და როგორ უმკლავდებით მათ?

პანდემიამ მრავალმხრივი გამოწვევები მოუტანა სამყაროს და არც ჩვენი ორგანიზაციაა გამონაკლისი. ცხადია, ეს არის სოციალური, ეკონომიკური, კულტურული, ფსიქოლოგიური გამოწვევები, რომელიც ჩვენზეც აისახა. ჩვენი კომპანია ერთი დიდი ოჯახია და ერთად ვცდილობთ გავუმკლავდეთ ყველანაირ სირთულეს - შედარებით მარტივს, როგორიცაა ონლაინ სწავლება, სოციალური დისტანცია, ჰიგიენური ნორმების დაცვა ან სასწავლო პროცესის არსებულ სიტუაციაზე მორგება, თუ შედარებით რთულს - რომელიც შეეხება იზოლაციით გამოწვეული მძიმე ფსიქოლოგიურ ფონს თუ ისეთ ტრაგედიას, როგორიცაა ახლობელი ადამიანის დაკარგვა. ჩვენი მთავარი ამოცანაა პანდემიის პირობებში კიდევ უფრო ხარისხიანი განათლების მიწოდება და მიუხედავად არსებული რეალობისა, ვცდილობთ არა მხოლოდ შევინარჩუნოთ, არამედ გავაუმჯობესოთ კიდეც სწავლების ხარისხი, რომელიც ონლაინ რეჟიმში გადავიტანეთ, რაც ამ ვითარებაში კიდევ უფრო დიდ აქტუალობას იძენს და მეტ პასუხისმგებლობას გვაკისრებს. მოგეხსენებათ მოზარდების მდგომარეობა ხანგრძლივ იზოლაციაში და სრულიად საგანმანათლებლო სისტემის გამოწვევები - ამ ფაქტორებიდან გამომდინარე, კიდევ უფრო იზრდება ჩვენი როლი მოზარდებისთვის ხარისხიანი განათლების და მომავლის უნარებით აღჭურვის საქმეში. ჩვენი ორგანიზაციის მისია თავისუფლად მოაზროვნე, ფართო თვალსაწიერის მქონე ახალი თაობის აღზრდაა და ამ კონტექსტში გააზრებული გვაქვს, რომ ყველა გამოწვევა ამავდროულად ახალი შესაძლებლობაცაა. სწორედ ამ სულისკვეთებით ვცდილობთ ვიმოქმედოთ და ჩვენს მოსწავლეებსაც ეს სულისკვეთება გადავცეთ ამ რთულ დროში. ამიტომაც ორგანიზაციაში მოზარდების ჩართულობით რამდენიმე პროექტი წამოვიწყეთ, რომელიც ხელს შეუწყობს მათ ხანგრძლივი იზოლაციის პირობებში დრო შინაარსიანად გაატარონ, ახალი უნარ-ჩვევები შეიძინონ, შემოქმედებითად იაზროვნონ და საზოგადოებისთვის კეთილი საქმეც გააკეთონ.


როგორ გადალახა თქვენმა ბიზნესმა სირთულეები და რა რეკომენდაციებს გასცემთ ეკონომიკური სიტუაციის გადასალახად?

ამ ვითარებაში ყველაზე რთული არაპროგნოზირებადი გარემოა. ასეთ გარემოში კი ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი მოქნილობაა. ესაა საუკეთესო ინსტრუმენტი, სწრაფად უპასუხო არსებულ გამოწვევებს და არა მხოლოდ მიჰყვე ბაზრის კარნახს, არამედ საკუთარი უნიკალური ალტერნატივაც შესთავაზო. ასეთ გარემოში აგრეთვე განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია საზოგადოების და მომხმარებლების თანადგომა იმ საქმის მიმართ, რომელსაც ორგანიზაცია ემსახურება. ამ ლოიალობას და ურთიერთ-პარტნიორულ ურთიერთობებს ორგანიზაციები წლების მანძილზე აშენებენ და სწორედ ასეთ დროს დგება ის მომენტი, როცა ეს ნაშენები ჩანს - ის ან მყარია, ან ერთბაშად ჩამოიქცევა. ჩვენ ძალიან დაგვეხმარა ყველა ჩვენი პარტნიორის და მომხმარებლის თანადგომა და ერთგულება, მათ მიერ სწორად გააზრება იმისა, თუ რას ვემსახურებით. ეს არა მხოლოდ კომპანიის მდგრადობას უზრუნველყოფს. ეს ის ძალაა, რომელიც გვეხმარება, კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ.


რა იყო ის ძირითადი პრობლემა რომელიც თქვენს სფეროში განჩნდა და რას ურჩევდით სხვებს თქვენს მაგალითზე?

როგორც აღვნიშნე, დღეს ყველაზე დიდი პრობლემა არაპროგნოზირებადი გარემოა. ეს ის გარე ფაქტორია, რომელიც მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს ჩვენს სფეროზეც. შეუძლებელია სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის სწორად კორექტირება, მომხმარებელთა ქცევაც დრამატულად იცვლება და არაპროგნოზირებადი ხდება, ძნელდება მოკლევადიანი ტენდენციების განსაზღვრა... ეს ყველაფერი რა თქმა უნდა, ჩვენც შეგვეხო და ის მოქმედებს შიდა ფაქტორებზეც. ასეთი დიდი გამოწვევები ერთგვარი ტესტია ნებისმიერი ორგანიზაციისთვის. ყველაფერი ერთად ამოდის ზედაპირზე - ყველა ის ძლიერი ან სუსტი მხარე რაც კომპანიას აქვს. ყველა ის მდგენელი, რაც ორგანიზაციისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. მაგალითად, თანამშრომელთა მოტივაცია, პროცესების ეფექტიანობა, პროდუქტების გამართულობა და სწორი კონფიგურაცია, ფინანსური წესრიგი, ორგანიზაციის ადაპტაციის უნარი და მრავალი სხვა. ვფიქრობ, ამ ყველაფერს ჩვენ საკმაოდ კარგად გავართვით თავი და კრიზისულ მომენტში ეს ძალიან გამოგვადგა. ცნობილი გამონათქვამი „თუ გსურს მშვიდობა, ემზადე ომისთვის“ ორგანიზაციულ დონეზეც მუშაობს - აღმასვლის პერიოდი ეს ის დროა, როცა ყველაფერი უნდა გაკეთდეს კომპანიის მდგრადობისთვის, რაც სწორედ რეცესიისას გამოგვადგება ყველაზე მეტად.



როგორ ფიქრობთ, „კოვიდის“ შემდეგ როგორი იქნება ეს სფერო ?

კოვიდმა ცხადია ძალიან მძიმე გამოცდილება მოგვიტანა, მაგრამ როგორც ყველა გამოცდილება, ისიც ძალიან ბევრს გვასწავლის. მოხდა ღირებულებების გადაფასება, ადამიანებმა საკუთარ თავებსაც და გარემოსაც გლობალური ჭრილიდან შეხედეს და დიდი სურათი დაინახეს, განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა მეცნიერებამ და ვფიქრობ, განათლებამაც. კარგად გამოჩნდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანური ურთიერთობები, მაგრამ ამავდროულად ინდივიდიც, რომ ადამიანს აუცილებელია ჰქონდეს ფართო თვალსაწიერი. რუსთაველის უკვდავი ფრაზა რომ „თუ თავი შენი შენ გახლავს, ღარიბად არ იხსენები“ ალბათ არასდროს ყოფილა უფრო აქტუალური. შესაბამისად, ვფიქრობ, განათლების როლი, როგორც იმ საშუალებისა რომელიც გეხმარება, რომ ყოფიერების ჭაობმა ბოლომდე არ შეგისრუტოს, კიდევ უფრო გაიზარდა და ის გახდა უფრო მეტი, ვიდრე უბრალოდ ვიწრო სპეციალიზაციისათვის და პროფესიისთვის საჭირო რამ. ამავდროულად, განათლების მიწოდება ცხადია, რომ ამ გამოცდილების მერე გახდება გაცილებით უფრო მოქნილი და ტექნოლოგიურად დახვეწილი, რაც გაზრდის კონკურენციას ამ სფეროში. თუმცა, ეს აუცილებლად მოიტანს დამატებით მოთხოვნას აკადემიური, კარგად სტრუქტურირებული ცოდნის მიღებაზე, უფრო მაღალი ხარისხის განათლებაზე, რაც ამჟამად სახეზე არ გვაქვს და უფრო პოპულარული ხანმოკლე ტრეინინგებია.



როგორია გრძელვადიანი გეგმები და მოლოდინები covid-19 ეპოქაში?

როგორც მთელი პლანეტა, ჩვენც ველოდებით, რომ ადამიანმა კვლავ გაიმარჯვოს და მეცნიერებამ ისევ აჩვენოს თავისი ძალა კოვიდის დამარცხების საქმეში. მთავარი მოლოდინი ახლა ესაა, რომ ასე თუ ისე დავუბრუნდეთ ჩვეულ რიტმს. მაგრამ, სამყარო აღარ იქნება ისეთი, როგორიც პანდემიამდე. რა თქმა უნდა, ეს კარგიც არის და ცუდიც. ჩვენ შევეცდებით, მაქსიმალურად ფეხი ავუწყოთ იმ კარგს, რომელსაც პოსტ-პანდემიური გარემო შემოგვთავაზებს და მცირედი წვლილი მაინც შევიტანოთ სამყაროს გაუმჯობესებაში. რა თქმა უნდა, გარკვეული ხედვებიც გვაქვს, მაგრამ ვფიქრობ, ამჟამად გრძელვადიან გეგმებზე ხმამაღლა საუბარი არასერიოზული იქნება. დაველოდოთ ღრმა კრიზისის გადავლას.




Comentários


bottom of page