ქეთა ფავლენიშვილი, ანა თოდუა - #ძლიერიქალებისქვეყანა

Willis Towers Watson ერთ-ერთი გამორჩეული და წარმატებული საბროკერო კომპანიაა საქართველოში. აღსანიშნავია, რომ მისი თანამშრომლების 100% ქალბატონები არიან, რაც საამაყო ფაქტია ქვეყნისთვის. მის ფუნქციას კლიენტებსა და სადაზღვევო კომპანიებს შორის შუამავლობა წარმოადგენს. დეტალური ინფორმაციისთვის OK! გაესაუბრა Willis Towers Watson-ის დირექტორ ქეთევან ფავლენიშვილსა და ფინანსურ მენეჯერ ანა თოდუას.

ქეთევან, რას ნიშნავს, თანამედროვე მსოფლიოში იყო ქალი ლიდერი, ქალი ბიზნესლიდერი?

მიუხედავად იმისა, რომ დღეს ქალი ლიდერი, ერთი შეხედვით, გასაკვირი არაა, სტატისტიკას თუ დავაკვირდებით, მაინც უმცირესობაშია განვითარებულ ქვეყნებშიც კი. Fortune 500-ის მხოლოდ 7-8%-ია ქალი ბიზნესლიდერი, პოსტსაბჭოთა სივრცეში კი ეს მაჩვენებელი, ალბათ, კიდევ უფრო ნაკლებია. ვფიქრობ, არ არის მარტივი იყო ქალი ლიდერი, თუმცა, მეორე მხრივ, ეს ბევრ შესაძლებლობასაც აჩენს. უნდა ითქვას, რომ ბოლო წლებია თანამედროვე მსოფლიოში, სხვადასხვა სფეროში მამაკაცების დომინირების ფონზე, ქალები უფრო თავდაჯერებულები და ერთმანეთის მიმართ სოლიდარულები გახდნენ. წარმატებული ქალი ბიზენსლიდერების ისტორიებსაც უკვე უფრო ხშირად ვისმენთ. ზოგადად, მიმაჩნია, რომ ქალი ლიდერების წინაშე ჯერ კიდევ ძალიან ბევრი გამოწვევა არსებობს, თუმცა დროთა განმავლობაში მიდგომები იცვლება და ამ მიმართულებით დადებითი დინამიკაა.

როგორ გაჩნდა ბიზნესის წამოწყების იდეა?/ საიდან იღებს სათავეს ბიზნესი, რომელიც დღეს ასე წარმატებულია?

ამ ბიზნესის წამოწყება სხვადასხვა სფეროში მომუშავე წარმატებული ადამიანების ერთობლივი იდეა გახლდათ. ამ ადამიანების ძალისხმევით, ერთ-ერთმა ფრანგულმა სადაზღვევო-საბროკერო კომპანიამ საქართველოში შემოსვლა გადაწყვიტა. როდესაც ვიწყებდით საქმიანობას, ჩვენ ზუსტად ვიცოდით, როგორი უნდა ყოფილიყო სადაზღვევო ბროკერი, რა სახის პრინციპები და ფუნქციები უნდა დაემკვიდრებინა ქვეყანაში. საერთაშორისო პარტნიორებმა ძალიან დიდი მხარდაჭერა და ნდობა გამოგვიცხადეს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალიან რთული სფერო გახლდათ, ჩვენ შევძელით ამ ბაზარზე წარმატების მიღწევა და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დღეს ერთ-ერთი გამორჩეული საბროკერო კომპანია ვართ ქვეყანაში. ვფიქრობ, ჩვენს კომპანიას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის ფაქტი, რომ თანამშრომლების 100% ქალია. ამით კიდევ ერთხელ ვამტკიცებთ, რომ ქალებისგან შემდგარი გუნდის მეშვეობით, ძალიან კარგი საქმის კეთებაა შესაძლებელი.

ყველაზე დიდი სირთულე, რომელიც თქვენს პროფესიას ახლავს…

ჩვენს საქმიანობაში ბევრი რგოლია ჩართული. ჩვენი მთავარი ფუნქციაა, ვიყოთ შუამავლები კლიენტებსა და სადაზღვევო კომპანიებს შორის და გავუწიოთ ჩვენს კლიენტებს კონსულტაცია, რათა თავიანთ საჭიროებებზე მორგებული პროდუქტები შეიძინონ. ჩემი აზრით, ყველაზე რთული ამ პროფესიაში ბალანსის პოვნაა ჩართულ მხარეებს შორის. ბროკერმა უნდა შეძლოს სხვადასხვა სადაზღვევო კომპანიასა და მათ პირობებს შორის ობიექტური ანალიზისა და შეფასების გაკეთება, და შემდეგ ამ ყველაფრის სწორად მიწოდება კლიენტისთვის. საკმაოდ რთულია ე.წ. ოქროს შუალედის პოვნა, ერთი მხრივ, სადაზღვევოებთან და მეორე მხრივ, კლიენტებთან ურთიერთობაში.

3 რამ, რაც ქალს პროფესიული მიზნების მისაღწევად სჭირდება…

რთულია ამის განსაზღვრა, რადგან ყველა ადამიანს თავისი პროფესიული მიზანი აქვს და ვფიქრობ, ყველა შემთხვევაში განსხვავებული პასუხი შეიძლება იყოს. ყველასთვის ინდივიდუალურია ის თვისებები, რომლებიც წარმატების მისაღწევად სჭირდებათ. თუმცა რომ განვაზოგადოთ, ალბათ 3 თვისება, რომელიც ნებისმიერ ადამიანს, მიუხედავად სქესისა, ხელს შეუწყობს ამ გზაზე, ჩემი აზრით, არის: მიზანმიმართული შრომა, სწორი ხედვა და მუდმივად საკუთარ თავზე მუშაობა განვითარებისთვის. თუმცა, ვინაიდან არათანაბარუფლებიან გარემოში ვცხოვრობთ და ვსაქმიანობთ, ქალს დამატებითი ენერგია, რესურსი და დრო სჭირდება დასახული მიზნის მისაღწევად.

შეგიძლიათ თქვათ ფრაზა: „მივაღწიე იმას, რაც მსურდა“?

ამის თქმა, ალბათ, ყოველთვის გამიჭირდება, რადგან დარწმუნებული ვარ, რამდენ მიზანსაც უნდა მივაღწიო, აუცილებლად გამიჩნდება ახალი. ცხოვრების ყველა ეტაპზე ახალი სურვილები ჩნდება და, ალბათ, ეს ხდის საინტერესოს ჩვენს ყოველდღიურობას.

ანა, როგორია ქალი მნიშვნელოვან თანამდებობაზე დომინანტი მამაკაცების გარემოში?

ალბათ, უფრო თავდაჯერებული და გაწონასწორებული. პრაქტიკულობა და ინტუიცია, რომელიც, ვფიქრობ, ქალებში უფრო მოჭარბებულია, ეხმარება მათ სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში.

რას ნიშნავს თქვენთვის, საკუთარი საქმიანობით წვლილი შეგქონდეთ ქვეყნის ეკონომიკური დოვლათის შექმნაში?

შინაგანი კმაყოფილების განცდას. სიამაყე გეუფლება, როცა სულ მცირედით შეძელი და საკუთარი წვლილი შეიტანე ერთი დიდი, კარგი საქმის კეთებაში.

ყველაზე დიდი წვლილი თქვენს წარმატებაში ვის ან რას მიუძღვის?

უპირველეს ყოვლისა, ოჯახს, რომ მომცა საშუალება პროფესიული და კარიერული წინსვლისთვის. ასევე, ჩემს მაღალ პასუხისმგებლობის გრძნობას, საქმისადმი სიყვარულს − რასაც ვაკეთებ, აუცილებლად უნდა მსიამოვნებდეს, და რასაკვირველია, კარგ გუნდს, იმ ადამიანებს, რომლებშიც, არ გადავამეტებ და ვიტყვი, რომ ძალიან გამიმართლა. თითქმის 20-წლიანი მუშაობის პერიოდში სულ ორი სამსახური გამოვიცვალე და იღბლიანი აღმოვჩნდი − საოცარი გუნდი შემხვდა. გუნდთან ერთად, სადაც ინტერესები საერთოა, აუცილებლად იქნება წარმატება და გახდები წარმატებული.

შეთავსებადია თუ არა წარმატებული ქალი და ოჯახი?

ბოლო ერთი წლის განმავლობაში ეს ორი სიტყვა ძალიან შეუთავსებელია. ფაქტობრივად, წარმოუდგენელია, იმუშაო დისტანციურად სახლიდან, სადაც ბავშვია. ჩემს შემთხვევაში ისე მოხდა, რომ დღის განრიგი შეიცვალა და ღამით ვაკეთებდი საქმის დიდ ნაწილს. ისე გამოდიოდა, არ მთავრდებოდა სამუშაო დღე. ფაქტი, რომ იცი, ეს დროებითია, ამ სირთულის გადალახვაში გეხმარება.

არაპანდემიურ პირობებს რაც შეეხება, აქაც საკმაოდ ბევრი სირთულეა, მაგრამ შეთავსებადია დროის სწორი განაწილებით, ისე რომ, არც ერთს არ დააკლდე. ერთი რამ მეორის ხარჯზე არ უნდა აკეთო − დაზარალდები ან შენ, ან საქმე აუცილებლად. უპირველესად, სიმშვიდე და ბალანსია საჭირო.

გრჩებათ თავისუფალი დრო? როგორ ატარებთ?

რასაკვირველია, ვიტოვებ, ეს აუცილებელია. განტვირთვის გარეშე, არ შეიძლება. თავისუფალი დროის ძირითადი ნაწილი ბავშვს ეკუთვნის, შემდეგ − მეგობრებს და მოგზაურობას.

რა არის თქვენი ცხოვრების მთავარი დევიზი?

„შეუძლებელი არაფერია“ − გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ.

ქეთევან, მოგვიყევით კომპანიის მიმდინარე სიახლეებზე. როგორ შეაჯამებთ 2020 წელს? რა შეაფერხა და რა გამოავლინა არსებულმა ვითარებამ?

პანდემიამ დაზღვევის სფეროში ბევრი სირთულე შექმნა, განსაკუთრებით − საცალო ბაზარზე. ფიზიკური პირები უფრო ნაკლებად ყიდულობენ დაზღვევას. რადგან ჩვენ საბროკერო კომპანია ვართ, ძირითადად, კორპორაციულ დაზღვევებზე ვმუშაობთ. შესაბამისად, დიდი გამოწვევები კლიენტების რაოდენობის კუთხით არ გვქონია.

ზოგადად, მთელი დაზღვევის ინდუსტრიის მხოლოდ 5%-ია წელს ბროკერების გავლით დაზღვეული, მანამდე კიდევ უფრო მცირე იყო ეს მაჩვენებელი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზოგადად, ბროკერებზე მოთხოვნა იზრდება. წინა წელთან შედარებით, 2020 წლის მონაცემებით, ჩვენ საკმაოდ დიდი, 25%-იანი ზრდა გვაქვს. დასახულ გეგმებს გადავაჭარბეთ, რაც პანდემიის პირობებში, ვფიქრობთ, ძალიან კარგი შედეგია. ამ ყველაფრის მიღწევა გუნდური მუშაობით და ჩვენი საქმის სიყვარულით შევძელით.

მთავარი ღირებულებები, რომლებიც თქვენს გუნდს აერთიანებს…

უპირველეს ყოვლისა, ეს არის დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა თითოეული დაზღვეულის მიმართ. ჩვენთვის ყველა კლიენტი მნიშვნელოვანია. ასევე, რა თქმა უნდა, საქმის სიყვარული, რომლის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა კომპანიის წარმატება. დაბოლოს, პატივისცემა ერთმანეთის მიმართ. ჩვენ არცთუ დიდი გუნდი გვყავს. ამდენწლიანი მუშაობის შემდეგ, გარდა თანამშრობლობისა, მეგობრებიც გავხდით, რაც გვეხმარება დადებითი სამუშაო გარემოს შექმნაში, სადაც ყველანი ერთმანეთის გვერდით ვდგავართ.

მოგვიყევით სამომავლო გეგმების შესახებ…

მომავლის გეგმებს რაც შეეხება, მაქსიმალურად ვცდილობთ, საბროკერო საქმიანობა გავაძლიეროთ საქართველოში, ავამაღლოთ ცნობადობა ამ მიმართულებით − თუ რა როლი აქვს და რას აკეთებს სადაზღვევო ბროკერი, რა სახის ბენეფიტები მოაქვს კლიენტისთვის ჩვენს ჩართულობას. არსებულ კლიენტებს კი, ვცდილობთ ამ რთულ ეკონომიკურ სიტუაციაში გვერდით დავუდგეთ და დაზღვევის ოპტიმალური ვერსიები შევთავაზოთ. ჩვენთვის თითოეული მათგანი ძალიან მნიშვნელოვანია. ისინი მუდამ ლოიალურები არიან ჩვენ მიმართ და ჩვენი მხრიდანაც ვცდილობთ ამ კრიზისულ პერიოდში მათ გვერდით დავდგეთ. ამ პროცესში ჩვენი გუნდის თითოეული წევრი ყოველდღიურადაა ჩართული, ყველა მათგანი ცდილობს ჩვენი სერვისი იყოს კლიენტის საჭიროებებზე ორიენტირებული და მათი ბიზნესის სპეციფიკაზე მორგებული. დარწმუნებული ვარ, ჩვენი საქმიანობა კიდევ უფრო პოპულარული და დაფასებული გახდება ჩვენს ქვეყანაში.



ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი


34/36 Abashidze, 0179, Tbilisi, Georgia               +995 595 803 333

www.w4t.online          info@w4t.online

Get In Touch

Copyright © 2020 "Women for Tomorrow" Business Leaders' Federation - All Rights Reserved.

  • Facebook
  • Twitter
  • YouTube
  • Instagram
  • LinkedIn