პანდემია გამოწვევად მივიღეთ და ამ პერიოდში რამდენიმე ახალი სერვისი დავნერგეთ

პანდემიურ პირობებში ქალ აუდიტორთა საქმიანობით დავინტერესდით და ბიზნესლიდერთა ფედერაციის წევრს, „ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაციის“ პრეზიდენტს, ასევე „საქართველოს აუდიტორულ კომპანია GAC“-ის მმართველ პარტნიორს - თეა ადუაშვილს ვესტუმრეთ, რათა მისგან გაგვეგო დარგის ყველა გამოწვევა და მათთან გამკლავების გზები.


გთავაზობთ ვრცელ და საინტერესო ინტერვიუს ქ-ნ თეასთან.


როგორია კომპანიის მიმდინარე გამოწვევები პანდემიის პირობებში და როგორ უმკლავდებით მათ?

ჩვენი კომპანია მსხვილ ბიზნეს კორპორაციებს და სხვადასხვა სახის ბიზნესებს აუდიტორულ, ბუღალტრულ და საკონსულტაციო მომსახურებას უწევს, შესაბამისად ამ ბიზნესების გამართულ ფუნქციონირებაზე ვართ დამოკიდებულნი. პანდემიის პერიოდში ჩვენი კლიენტი ბიზნესების უმრავლესობას პრობლემები შეექმნა, ზოგმა დროებით შეწყვიტა მუშაობა, ამიტომ ამ ვითარებამ ჩვენზეც იმოქმედა. პარტნიორი კომპანიების სია 20-%-ით შეგვიმცირდა, ბევრი მათგანი დაიხურა, ზოგიერთმა დროებით შეაჩერა საქმიანობა. კრიზისულ კომპანიებში, ჩვენ მაინც ვახორციელებთ საქმიანობას, სახელმწიფოს მხრიდან შეღავათებზე განაცხადების განთავსება და სხვადასხვა ინფორმაციის დამუშავება მაინც გვიწევს, მიუხედავად ამისა ჩვენი დატვირთვა არ არის იმდენად დიდი, როგორც პანდემიამდე. შესაბამისად ჩვენი მომსახურების საფასური შევუმცირეთ ამ კოპანიებს, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთი მათგანი ამ მომსახურების თანხას სრულად იხდის და ეს დიდი სოლიდარობის მაგალითია ამ ბიზნესების მხრიდან.



თანამშრომელთა დასაქმების კუთხით როგორი ვითარებაა კომპანიაში, შეძელით მათი შენარჩუნება?


თანამშრომელთა დასაქმების და ხელფასების კუთხით ჯერჯერობით სტაბილურად ვინარჩუნებთ ძველ სახელფასო პოლიტიკას, რადგან ხარჯების ოპტიმიზაცია სხვა მიმართულებით განვახორციელეთ, რათა თანამშრომლებისთვის სრული ხელფასები შეგვენარჩუნებინა.


გრძელვადიან პერსექტივაში დიდი ფინანსური რესურსი არ გვაქვს, თუ ესე გაგრძელდა, რამდენიმე თვეში ამ მიმართულებით შეიძლება პრობლემები შეგვექმნას, რადგან, როგორც გითხარით ჩვენმა კონტრაქტორმა კლიენტების რაოდენობამ პანდემიის გამო იკლო. რაც შეეხება მუშაობის პროცესს, ზოგიერთი თანამშრომელი დისტანციურ რეჟიმზე გადავიყვანეთ, თანამშრომელთა ნაწილი კი ოფისიდან მუშაობს.



როგორია თქვენი კომპანიის როლი კონკრეტული სფეროს განვითარებაში?


ჩვენი კომპანია ბიზნესლიდერთა ფედერაციის „ქალები მომავლისთვის“ ჩართულობით, პანდემიის მიუხედავად აქტიურად თანამშრომლობს გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან. ჩვენ ვაგრძელებთ საქმიანობას პროგრამაში „ მენტორინგის პროგრამა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის“ და სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, რამდენიმე მეწარმეს უფასოდ ვუწევრთ საკონსულტაციო და ბუღალტრულ მომსახურებას.


როგორ გადალახა თქვენმა ბიზნესმა სირთულეები და რა რეკომენდაციებს გასცემთ ეკონომიკური სიტუაციის გადასალახად?


ჩვენ გამოწვევად მივიღეთ პანდემია, შესაბამისად ვცდილობთ რომ სიახლეებიც დავნერგოთ. პანდემიის პერიოდში შევქმენით ინვენტარიზაციის მობილური ჯგუფები, რომლებიც ადგილზე მივლენ და ჩვენს კლიენტებს სწორად ინვენტარიზაციაში დაეხმარებიან, რის საფუძველზეც ჩვენ სასაქონლო მატერიალური მარაგების აღრიცხვას მოვუწესრიგებთ კლიენტ კომპანიას. ეს სერვისი ნაკლებად აქვთ ჩვენი სტილის კომპანიებს განვითარებული და ესეც სიახლეა ჩვენი მომხმარებლებისთვის!



როგორია გრძელვადიანი გეგმები და მოლოდინები covid-19 ეპოქაში?


პანდემიის დროს ჩემს პარტნიორთან ერთად დავაარსეთ “ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაცია”, გვინდა აქტიურად ჩავერთოთ რეგიონებში ჩვენი საქმიანობის პოპულარიზაციის კუთხით და ჩვენი პროფესიის ადამიანებს დავეხმაროთ, რათა მათ უფრო აქტიურად და კვალიფიციაურად წარმართონ პროფესიული საქმიანობა.


სხვა ბიზნესებსაც იმავეს ვურჩევთ, რომ გავერთიანდეთ, ერთად დავძლიოთ კოვიდ გამოწვევები და დავეხმაროთ იმ ბიზნესებს, რომლებიც პანდემიის გამო დაზარალდნენ. მათ კი, ვინც ახლა პანდემიურ გამოწვევებს ებრძვის, ვურჩევდი, რომ არ დანებდნენ! გააგრძელონ ბრძოლა და აქტიურად შეხვდნენ ამ გამოწვევას! შეინარჩუნონ ოპტიმიზმი, რადგან ერთობლივად ჩვენ ამ კრიზისულ სიტუაციას გავუმკლავდებით.



ინტერვიუ: თამარ გურგენიძე


34/36 Abashidze, 0179, Tbilisi, Georgia               +995 595 803 333

www.w4t.online          info@w4t.online

Get In Touch

Copyright © 2020 "Women for Tomorrow" Business Leaders' Federation - All Rights Reserved.

  • Facebook
  • Twitter
  • YouTube
  • Instagram
  • LinkedIn