top of page

ნინო ნოღაიდელი, თეა ხუნდაძე - #ძლიერიქალებისქვეყანა

OK! გაესაუბრა Global Benefits Georgia-ს სამედიცინო დირექტორ ნინო ნოღაიდელსა და საოპერაციო დირექტორ თეა ხუნდაძეს კომპანიის საქმიანობისა და ქალი ლიდერის როლთან დაკავშირებით. Global Benefits Georgia-მ ბევრი სიახლე შესთავაზა მომხმარებლებს და მომავალშიც განაგრძობს მათ სასიამოვნოდ გაკვირვებას.

3 რამ, რაც ქალს პროფესიული მიზნების მისაღწევად სჭირდება…

(ნინო ნოღაიდელი): 1. მიზანდასახულობა; 2. მუდმივი სწავლისა და განვითარების სურვილი; 3. პროფესიისა და საქმის სიყვარული. რა თქმა უნდა, პროფესიული მიზნის მისაღწევად აუცილებელი კიდევ ბევრი ფაქტორია: განათლება, შრომისმოყვარეობა, და ა.შ. თუმცა, ეს სამი ფაქტორი გადამწყვეტია, რადგან თუ სწორად შეარჩევთ იმ სფეროს, რომელიც გიყვართ, მუდმივი სწავლითა და განვითარებით გახდებით ამ საქმის პროფესიონალი, მიზანდასახულობა კი არასოდეს მოგცემთ გაჩერების საშუალებას და გაგიიოლებთ სირთულეების გადალახვას, რომელიც აუცილებლად გვხვდება მიზნის მისაღწევ გზაზე.

შეგიძლიათ თქვათ ფრაზა: „მივაღწიე იმას, რაც მსურდა“?

(ნინო ნოღაიდელი): გარკვეულწილად შემიძლია, რადგან მე დღეს ვაკეთებ საქმეს, რომელიც მიყვარს და ამით ბედნიერი ვარ. თუმცა მუდმივი პროგრესისა და მეტის კეთების სურვილი არ მაჩერებს მიღწეულზე. ასე რომ, წინ კიდევ ბევრი დასახული მიზანი და გამოწვევაა, კიდევ ბევრი საფეხურია ასავლელი.

ყველაზე დიდი წვლილი თქვენს წარმატებაში ვის ან რას მიუძღვის?

(ნინო ნოღაიდელი): ადამიანებს. ადამიანებს, რომლებიც გვერდით მყავდნენ და მყვანან ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე − დაწყებული მშობლებით, ოჯახით, მეგობრებით, კოლეგებით და მთავარი, გამორჩეული და უსაყვარლესი „ბენეფიტსის“ გუნდით დამთავრებული. ჩვენ ერთად ვვითარდებით, ერთად ვნერგავთ სიახლეებს, ერთად ვიმარჯვებთ და ერთად არ ვეგუებით დამარცხებას. ჩვენ ერთად ვაანალიზებთ შეცდომებს და ერთად ვეძებთ გამოსწორების გზებს, გვიყვარს ჩვენი საქმე და გვაქვს ერთი მიზანი. შესაბამისად, თუ ჩვენ ვსაუბრობთ, ჩემი, როგორც „ბენეფიტსის“ სამედიცინო დირექტორის, წარმატებაზე, ცალსახად ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს საუკეთესო გუნდს.

შეთავსებადია თუ არა წარმატებული ქალი და ოჯახი?

(ნინო ნოღაიდელი): რა თქმა უნდა, შეთავსებადია. რომ არა ოჯახი და პირადი ურთიერთობები, ვერანაირი წინსვლა ვერ იქნებოდა წარმატების მომტანი. ოჯახი ძალიან ახალგაზრდამ შევქმენი, თუმცა ამას ჩემს განათლებასა და პროფესიულ განვითარებაზე ცუდად არ უმოქმედია. მეუღლე ყოველთვის უწყობდა ხელს ჩემს პროფესიულ განვითარებას, ხოლო ადრეულ ასაკში დედის სტატუსმა პასუხისმგებლობის გრძნობა გამიზარდა და მასწავლა დროის მენეჯმენტი.

გრჩებათ თავისუფალი დრო? როგორ ატარებთ?

(ნინო ნოღაიდელი): თავისუფალი დრო არის მუდამ დეფიციტური, შესაბამისად, ვცდილობ გადავანაწილო ოჯახს, მეგობრებსა და პირად ინტერესებს შორის. ზოგადად, მიყვარს მოგზაურობა, ზღვა და მზე. ბოლო ერთი წელია პანდემიურ რეჟიმში ვართ, შესაბამისად, მოგვეცა შესაძლებლობა ოჯახისთვის დაგვეთმო მეტი დრო და გვემოგზაურა საქართველოში.

მოგვიყევით სამომავლო გეგმების შესახებ…

(ნინო ნოღაიდელი): „ბენეფიტსი“ მალე ოთხი წლის გახდება. ჩვენი მიზანია მუდმივი განვითარება და ახალ-ახალ საფეხურზე ასვლა. ჩვენ ოპტიმისტები ვართ და არ მივცემთ covid 19-ს იმის უფლებას, შეცვალოს ჩვენი გეგმები. შესაბამისად, ახალი, მოქნილი და მომხმარებლის ინტერესებზე მაქსიმალურად ორიენტირებული პროდუქტები, დისტანციური არხების განვითარება და ზრდა არის ჩვენი სამომავლო გეგმა.

ამავე დროს, პანდემიამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ საკუთარი და ახლობელი ადამიანების ჯანმრთელობა ყველაზე ძვირფასია, რაც გვაქვს. შესაბამისად, ჯანმრთელობის დაზღვევა არასდროს ყოფილა ასეთი საჭირო და მნიშვნელოვანი, როგორც ახლაა.

შესაბამისად, ჩვენი კომპანიის სამომავლო გეგმებში ჯანმრთელობის დაზღვევა იქნება პრიორიტეტული მიმართულება 2021 წელს.

რა არის თქვენი ცხოვრების მთავარი დევიზი?

(ნინო ნოღაიდელი): დააფასე, რაც გაქვს, მაგრამ არასდროს გაჩერდე მიღწეულზე და რასაც აკეთებ, აკეთე სიყვარულით.

პანდემიის მიუხედავად, ბევრი სიახლე შესთავაზეთ მომხმარებლებს. რომელს გამოყოფთ?

(ნინო ნოღაიდელი): „ვისწავლოთ ცხოვრება კოვიდთან ერთად“ – ეს ფრაზა ყოველდღე გვესმის და მისი შინაარსი პრაქტიკაში თანდათან ისე გადმოდის, თითქოს 2020 წლამდეც ყველგან პირბადეებით მოსიარულე თანამოქალაქეებს ვხედავდით. პანდემიურმა დღის წესრიგმა, ახალ ატრიბუტებთან ერთად, მეტად დაგვაფიქრა ცხოვრების წესზე, ჯანმრთელობაზე და ფინანსურ სტაბილურობაზე.

სწორედ არსებული გამოწვევის გათვალისწინებით, მომხმარებლებს შევთავაზეთ დაზღვევის ახალი კონცეფცია − ეს გახლავთ სადაზღვევო პაკეტი თანამედროვე ადამიანისთვის, რომელიც ცდილობს არსებული პრობლემების სწრაფ და ეფექტურ გადაწყვეტას.

„ბენეფიტსის“ დაზღვევის ახალი შეთავაზება აერთიანებს ჯანმრთელობის, მოგზაურობისა და COVID-19-თან დაკავშირებული რისკ-ფაქტორების დაზღვევას.

ჯანმრთელობა ნიშნავს ადამიანის ფიზიკურ, მენტალურ და სოციალურ კეთილდღეობას, და არა მხოლოდ დაავადების არარსებობას.

სოციალური კეთილდღეობა კი პირდაპირ დაკავშირებულია სამსახურთან − როგორც სოციალურ, ასევე ფინანსურ ნაწილებში. ამავდროულად, სამსახურის დაკარგვით გამოწვეული სტრესი, თავის მხრივ, მენტალურ ჯანმრთელობას აზიანებს. ჩვენ ვიზრუნეთ საკუთარი დაზღვეულების ჯანმრთელობის სრულ დაცვაზე და მომხმარებელს ვთავაზობთ სადაზღვევო პაკეტს, რომელსაც პრაქტიკულად არ აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გამონაკლისები, არ აქვს გეოგრაფიული საზღვრები და გიცავთ არა მხოლოდ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკისგან, არამედ რისკ-ფაქტორებისგან, რომელიც თქვენს კარიერას პანდემიის გამო ემუქრება.

მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ აღნიშნული პროდუქტით სარგებლობა შეუძლიათ არა მხოლოდ დიდ კორპორაციებს და ორგანიზაციებს, არამედ მცირე მეწარმეებსა და ფირმებს, სადაც დასაქმებულთა რაოდენობა მცირერიცხოვანია.

ჩვენი კომპანია დაარსებიდან სთავაზობდა დაზღვეულებს ონლაინსერვისებს, რომელმაც პანდემიის პერიოდში განსაკუთრებული ფასეულობა შეიძინა, რადგან კომფორტულ და სწრაფ სერვისთან ერთად, სრულადაა დაცული მომხმარებლის უსაფრთხოებაც.

რა შეგვიძლია დავასახელოთ „გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას“ კონკურენტულ უპირატესობად იმ ფონზე, რომ საქართველოში ბევრი სადაზღვევო კომპანიაა, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე?

(ნინო ნოღაიდელი): იმისთვის, რომ ზოგადად შეაფასოთ „გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას“ უპირატესობა, უნდა გაეცნოთ „ბენეფიტსის“ ხუთ კანონს. ის გამომდინარეობს ჩვენი მთავარი კანონიდან, რომელიც მომხმარებელზე ზრუნვაა.

„ბენეფიტსის“ დაზღვევას ბევრი უპირატესობა ახასიათებს. მხოლოდ რამდენიმეს გამოვყოფ:

საქართველოში შეძენილი დაზღვევა მოქმედებს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში − ჩვენი დაზღვეულებისთვის გეოგრაფიული საზღვრები არ არსებობს.

ჩვენ მომხმარებლებს მოქნილ, ინდივიდუალური მიდგომით შექმნილ პროდუქტებს ვთავაზობთ. თითოეული სადაზღვევო პოლისი უნიკალურია, რადგან ზუსტად არის მორგებული მომხმარებლის საჭიროებასა და მოთხოვნებზე. ამ მიდგომის შედეგად კი, მომხმარებელი იღებს პროდუქტს, რომელიც მას სჭირდება.

„ბენეფიტსის“ პოლისის შეძენისას, დაზღვეულს ემსახურება უმაღლესი სამედიცინო განათლების პირადი მომსახურების მენეჯერი, რომელიც, გარდა იმისა, რომ დაზღვეულისთვის პირადი სამედიცინო კონსულტანტია, დახმარებას უწევს სადაზღვევო შემთხვევის მართვას, ასევე ეხმარება დაზღვეულებს სამედიცინო ხარჯების სწრაფად და მარტივად ანაზღაურებაში, რაც ნებისმიერი ადამიანისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

სწორედ ეს მიდგომები, უსაზღვრო შესაძლებლობები და სანდოობა განაპირობებს კომპანიის წარმატებას. ბაზარზე ყოფნის ოთხი წლის განმავლობაში უამრავი ერთგული და მადლიერი მომხმარებელი შევიძინეთ. სწორედ ეს მომხმარებელია ჩვენი საქმიანობის მთავარი ბენეფიტი და მუდმივი განვითარების სტიმული.


რას ნიშნავს, თანამედროვე მსოფლიოში იყო ქალი ლიდერი, ქალი ბიზნესლიდერი?

(თეა ხუნდაძე): XXI საუკუნემ კიდევ უფრო მძაფრად დაგვანახა, რომ თანამედროვე მსოფლიო წარმოუდგენელი ტემპით ვითარდება და ამ განვითარებამ გლობალური და მრავალმხრივი ხასიათი მიიღო. საჭირო გახდა არა მხოლოდ წერტილოვანი გადაწყვეტილებების მიღება და კონკრეტულ პრობლემებზე ფოკუსირება, არამედ ხედვის გაფართოება, სხვადასხვა მიმართულების ერთობლიობაში დანახვა და კომპლექსური მიდგომების დანერგვა. ასეთი გამოწვევების ფონზე, სწორედ ქალის უნარია საჭირო, ერთდროულად ბევრი სხვადასხვა მიმართულებით იფიქროს, მოვლენები სხვადასხვა პრიზმაში გაატაროს და კომპლექსურად მიუდგეს საკითხებს.

ქალი ლიდერი ქმნის ჰარმონიულ გარემოს. მისთვის დოგმები და სტერეოტიპები იმისთვის კი არ არის, რომ დაემორჩილოს, არამედ იმისათვის, რომ შეცვალოს. სწორედ სიახლეებისადმი ეს მუდმივი სწრაფვა, გამოწვევების მიღებისა და დაძლევის უნარი, სურვილი უწყობს ხელს ახალი იდეების გენერირებას, შემოქმედებით მიდგომებს და მუდმივ და სტაბილურ განვითარებას. ეს ყველაფერი კი ქალის, როგორც ლიდერისა და ბიზნესლიდერის, როლს კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის თანამედროვე მსოფლიოში.

ყველაზე დიდი სირთულე, რომელიც თქვენს პროფესიას ახლავს…

(თეა ხუნდაძე): ბალანსის დაცვა, ე.წ. ოქროს შუალედის პოვნა. ბიზნესის წარმატება დიდწილად კლიენტთა ნდობაზე, მათ ლოიალურობაზე დგას, განსაკუთრებით კი − სადაზღვევო ბიზნესის. დაზღვევა საკმაოდ რთული და სპეციფიკური ტერმინოლოგიით დატვირთული ბიზნესია, ამიტომ ჩვენ, როგორც ამ სფეროს წარმომადგენლებს, მორალური ვალდებულებაც გვემატება, რომ ეს თავისებურებები სწორად და ნათლად მივიტანოთ ჩვენს კლიენტებამდე, რადგან ეს ნდობაზე დამყარებული გრძელვადიანი პარტნიორობაა და საჭიროა სწორი მოლოდინის შექმნა.

რას ნიშნავს თქვენთვის საკუთარი საქმიანობით წვლილი შეგქონდეთ ქვეყნის ეკონომიკური დოვლათის შექმნაში?

(თეა ხუნდაძე): ქვეყნის ეკონომიკური მდგრადობის ერთ-ერთი მთავარი გარანტორი, წარმატებული, სტაბილური და მუდმივად მზარდი და განვითარებადი ბიზნესია. ნებისმიერ ბიზნესს ახლავს გარკვეული რისკი, რომელთა დადგომამ შესაძლოა მისი სტაბილურობა საფრთხის წინაშე დააყენოს. დაზღვევა სწორედ რომ ასეთი რისკისგან იცავს კომპანიებს, საიმედო პარტნიორია ზრდისა და განვითარების მიმართულებით, რითაც ქვეყნის ეკონომიკური დოვლათის შექმნაში მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს.

მოგვიყევით კომპანიის მიმდინარე სიახლეებზე. როგორ შეაჯამებთ 2020 წელს? რა შეაფერხა და რა გამოავლინა არსებულმა ვითარებამ?

(თეა ხუნდაძე): 2020 მთელი მსოფლიოსთვის სირთულეებით სავსე, ახალი რეალობის წელი იყო, რამაც მოითხოვა მთელი რიგი საკითხების განსხვავებული კუთხით დანახვა და გადაწყობა. საჭირო გახდა მოვლენების ზუსტი შეფასება და მათზე სწრაფი და ადეკვატური რეაგირება. კიდევ უფრო გამოიკვეთა სწორი მენეჯმენტის მნიშვნელობა დისტანციურ სამუშაო პროცესში. პანდემიამ შეაფერხა ადამიანური ურთიერთობები, რეალურ სივრცეში მწვავე დისკუსიები, რომლის დროსაც ბევრი საინტერესო იდეა იბადებოდა, თუმცა ციფრულ სამყაროში ამ მიმართულებითაც სწრაფად მოიძებნა გამოსავალი.

ამ გამოწვევებითა და სირთულეებით სავსე წელმა ყველას ნათლად დაგვანახა, რომ ის რისკიც რეალური შეიძლება გახდეს, რისი დადგომის ალბათობაც ამ თანამედროვე ეპოქაში თითქმის ნულს უტოლდებოდა. სწორედ კომპანიის მენეჯმენტის მოქნილობამ და ადაპტირების უნარმა, ბევრი მნიშვნელოვანი იდეა გააჩინა ახალი შეთავაზებებისა და ციფრული პროდუქტების მიმართულებით.

როგორია ქალი მნიშვნელოვან თანამდებობაზე დომინანტი მამაკაცების გარემოში?

(თეა ხუნდაძე): ეს დიდი გამოწვევაა. საუკუნეების განმავლობაში დამკვიდრებული „ქალის როლი ოჯახში“, მაინც რჩება და ამას ემატება ქალის როლი საზოგადოებაში, ბიზნესში, როგორც ლიდერისა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიმღების. მამაკაცების, განსაკუთრებით კი დომინანტი მამაკაცების გარემოში, ქალებს სწორედ ამ ახალი როლისთვის ბრძოლა გვიწევს, იმის დამტკიცება, რომ გენდერული ნიშანი არ განსაზღვრავს ადამიანის შრომისა და აზროვნების უნარს, მის ცოდნას, პროფესიონალიზმსა თუ გამოცდილებას. გარდა ამისა, მიმაჩნია, რომ ქალს სწორედ „ქალის როლი ოჯახში“ დამატებით მოტივაციას, პასუხისმგებლობასა და ძალას სძენს კარიერული წარმატების გზაზე.

ამიტომ, ქალი მნიშვნელოვან თანამდებობაზე დომინანტი მამაკაცების გარემოში ბევრად მტკიცე, წინდახედული, მიზანდასახულია, რათა არა მხოლოდ საკუთარი, ღირსეული ადგილი საბოლოოდ დაიმკვიდროს, არამედ ასეთი დომინანტი მამაკაცების სტერეოტიპული მიდგომებიც შეცვალოს.



ფოტო: მაკა მეგრელიძე


Comments


bottom of page