ნათია თურნავა - #ძლიერიქალებისქვეყანა

Updated: Mar 8

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას გზა მინისტრობამდე დიდი გამოცდილებით, გამოწვევებითა და წარმატებებით სავსეა, მისი სამუშაო ბიოგრაფია კი საკმაოდ ვრცელი და შთამბეჭდავი − მუშაობდა საქართველოს პოლიტოლოგიის ინსტიტუტში, კითხულობდა ლექციებს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, იყო სახელმწიფო მრჩეველი, თბილისის საკრებულოს წევრი, ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე. შემდეგ გარკვეული პერიოდი კერძო სექტორში გადაინაცვლა და „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციას“ ჩაუდგა სათავეში. გახლდათ „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ დირექტორთა საბჭოს წევრი, „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე. წლების შემდეგ კვლავ საჯარო სამსახურში დაბრუნდა და 2019 წლიდან მოყოლებული, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ჩაუდგა სათავეში.

ნათია თურნავას მინიჭებული აქვს ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. სწავლების სხვადასხვა კურსი გავლილი აქვს აშშ-ში, ჰარვარდის უნივერსიტეტის, კ. კენედის სახელობის სამთავრობო სკოლის ეგიდით, მოგვიანებით კი გაერთიანებული სამეფოს კუმბრიის საგრაფოს უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა წარჩინებით დაასრულა და ბიზნესადმინისტრირების სამაგისტრო ხარისხი მიენიჭა. არის 40-მდე სამეცნიერო ნაშრომის, სტატიისა და მონოგრაფიის ავტორი, ორი წიგნის თანაავტორი.

„ჩემთვის დიდი პატივია, რომ შექმნის დღიდან ვარ ბიზნესლიდერთა ფედერაცია „ქალები მომავლისთვის“ მმართველი საბჭოს წევრი. როდესაც ასოციაციას ვაფუძნებდით, მთავარი ამოცანა იყო, საქართველოში მოგვეძებნა სხვადასხვა ბიზნესსაქმიანობაში ჩართული ძლიერი ქალები, ვინაიდან ქალ ბიზნესლიდერებს ერთობლივად ბევრი რამის შეცვლა შეგვიძლია. ჩვენი მიზანი იყო, უამრავი ასეთი ქალის ხმა მიგვეტანა შესაბამის სამთავრობო უწყებებამდე. დღეს უკვე თვითონ გახლავართ მთავრობის წევრი და მოხარული ვარ, რომ შემიძლია ხელი შევუწყო და ვუპასუხო ისეთი მნიშვნელოვანი ამოცანების განხორციელებას, რომელიც გულისხმობს ქალებისთვის მეტი ასპარეზის მიცემას, გენდერული პრობლემების აღმოფხვრას, თანაბარი შესაძლებლობების გაჩენას და კრეატიული იდეების მქონე ქართველი ქალების ხელშეწყობას. მე, როგორც მთავრობის წევრს, შემიძლია სიამაყით ვთქვა, რომ ჩვენ ამ მიმართულებით ბევრს ვაკეთებთ და ბევრიც გავაკეთეთ. თუმცა, ეს რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი და პრობლემები ჯერ კიდევ რჩება. ამიტომ ყოველთვის პულსზე ხელი რომ მეჭიროს და გავიგო, რა პრობლემები უდგას თანამედროვე ქართველ ქალს. დღესაც, ჩემი გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, მუდმივად კონტაქტზე ვარ ფედერაციის წევრებთან, ვმონაწილეობ სხვადასხვა აქტივობაში, რათა ორგანიზაციის მიზნები უფრო მეტად გავატარო პრაქტიკაში და ხელი შევუწყო ქალების გაძლიერებას“.


ფოტო: ლელი ბლაგონრავოვა