საქართველოში „სოკარის“ პირველი წარმომადგენლობა 2006 წლიდან ფუნქციონირებს. აღნიშნული კომპანია დიდ როლს თამაშობს ქვეყნის ეკონომიკურ კეთილდღეობაში. OK! გაესაუბრა SOCAR ENERGY GEORGA-ს პროტოკოლისა და ღონისძიების დაგეგმარების დეპარტამენტის უფროსსა და კომპანიის პრესსპიკერს, მეგი მითაიშვილს კომპანიის შესახებ და ქალი ლიდერის როლზე სხვადასხვა საქმიანობაში.
რას ნიშნავს, თანამედროვე მსოფლიოში იყო ქალი ლიდერი, ქალი ბიზნესლიდერი?
მიუხედავად სქესისა, იყო ლიდერი, ნიშნავს − სწორი ხედვისა და ემოციური ინტელექტის ფლობას, გუნდის განვითარებაზე, შთაგონებასა და მოტივაციზე ზრუნვას, დაუღალავ შრომას. დღევანდელ რეალობაში, იყო ქალი ლიდერი, კიდევ უფრო დიდი გამოწვევა და პასუხისმგებლობაა. ქალი ბიზნესლიდერების წარმატება, ხშირ შემთხვევაში, იმაზე მეტ ძალისხმევას მოიცავს, ვიდრე ეს გარედან ჩანს. მჯერა, რომ თავიანთ საქმეში წარმატებული ქალები მისაბაძი მაგალითები ხდებიან და მაშინაც კი, როდესაც სულაც არ იციან ამის შესახებ, მათი განვლილი გზა და კარიერა, შესაძლოა სხვებისთვის შთაგონებად იქცეს. თანამედროვე მსოფლიოში ქალ ლიდერად ყოფნა ნიშნავს მრავალფეროვნებისა და ინოვაციების შემოტანას, კონკურენციის ზრდას და რა თქმა უნდა, ქალებისათვის მაგალითის მიცემას. დღეს მე ძალიან დიდ უპირატესობას ვგრძნობ, როდესაც ჩემ ირგვლივ ბევრ წარმატებულ და ლიდერ ქალს ვხედავ. ვფიქრობ, 21-ე საუკუნეში ქალების როლი დღითი დღე იზრდება, რაც მდგრადი მომავლის საფუძველია.
გარდა ამისა, კვლევებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას ისიც, რომ კომპანიებში, სადაც გენდერული ბალანსი დაცულია, მეტად წარმატებულნი არიან. შესაბამისად, თანაბარი მონაწილეობის გარეშე, ნებისმიერ საქმეში, კერძო თუ საჯარო სექტორში, რთულია მაქსიმუმს მიაღწიო.
საიდან იღებს სათავეს ბიზნესი, რომელიც დღეს ასე წარმატებულია?
2006 წლიდან საქართველოში ფუნქციონირებს „სოკარის“ პირველი წარმომადგენლობა. ფაქტი, რომ აზერბაიჯანულმა კომპანიამ საერთაშორისო მასშტაბით გაფართოება საქართველოდან დაიწყო, ჩვენს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ და სტრატეგიულ ურთიერთობებს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს. სწორედ 2006 წლიდან სათავეს იღებს „სოკარის“ არაერთი წარმატებით განხორციელებული ინიციატივა თუ პროექტი.
შესაბამისად, საამაყოა ფაქტი, რომ „სოკარის“, როგორც საერთაშორისო ბრენდის, შექმნა და განვითარება, საქართველოდან დაიწყო. 2008 წლის 25 აპრილს თბილისი-რუსთავის გზატკეცილზე გაიხსნა „სოკარის“ პირველი ავტოგასამართი სადგური, რომელიც წარმოადგენს მრავალფუნქციურ კომპლექსს. იგი მოიცავს მოტელს, ავტოსამრეცხაოს, მარკეტს და ავტოსადგომს დიდი სატვირთო ავტომობილებისათვის. ქალაქი რუსთავი საქართველო-აზერბაიჯანის დამაკავშირებელ გზაზე მდებარეობს. ვფიქრობ, რომ სიმბოლურია, პირველი ბიზნესპროექტის სწორედ ამ ჩქაროსნულ მაგისტრალზე დაწყება − კომპანიისთვის, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანაში ასეთი წარმატებულია.
2008 წელსვე გაიხსნა ყულევის ნავთობტერმინალი, რომლის სარეზერვუარო პარკის ტევადობა 320 000 კუბური მეტრია. ყულევის ნავთობტერმინალი აღმოსავლური ენერგიის დასავლეთში ტრანსპორტირების საიმედო ბაზაა და საქართველოს ეკონომიკისათვის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა და აქტივია. ასე დაიწყო და დღემდე გრძელდება „სოკარის“ წარმატების ისტორია.
ყველაზე დიდი სირთულე, რომელიც თქვენს პროფესიას ახლავს…
ვფიქრობ, ნებისმიერ პროფესიას აერთიანებს სირთულე − ეს არის მოვლენების განვითარების სისწრაფე და მათზე დროული რეაგირება. 21-ე საუკუნეში შექმნილი ტექნოლოგიები საშუალებას გვაძლევს წამოუდგენლად მოკლე დროში მივიღოთ ახალი ინფორმაცია გლობალურ დონეზე, რაც თავისთავად, ნებისმიერ გარემოსთან სწრაფ ადაპტირებას მოითხოვს. როგორც იცით, მრავალი წამყვანი და დიდი რესურსის მქონე კომპანიების წინაშეც კი დგას განვითარებულ მოვლენებზე სწრაფი რეაგირების პრობლემა.
რას ნიშნავს თქვენთვის, საკუთარი საქმიანობით წვლილი შეგქონდეთ ქვეყნის ეკონომიკური დოვლათის შექმნაში?
ეს არის უდიდესი სიამაყე და პასუხისმგებლობა. მე ნამდვილად სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ ვარ ისეთი კომპანიის გუნდის წევრი, რომელიც უზარმაზარ და საკვანძო როლს თამაშობს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის შექმნაში. ასევე, ხაზგასასმელია ჩვენი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები და მათი შედეგები, რომელიც ძალიან ბევრ ჩვენს მოქალაქეს უმართავს ხელს, ხოლო პირადად მე უსაზღვრო სიხარულს მანიჭებს.
მოგვიყევით კომპანიის მიმდინარე სიახლეებზე. როგორ შეაჯამებთ 2020 წელს? რა შეაფერხა და რა გამოავლინა არსებულმა ვითარებამ?
მოგეხსენებათ, Covid19-ის პანდემიამ მოულოდნელად შეცვალა ყველას ცხოვრება და დიდი საფრთხე შეუქმნა არა მხოლოდ მსოფლიო ჯანდაცვას, არამედ გლობალურ ეკონომიკასაც. პანდემიის ურთულეს პერიოდში, კომპანიამ შეძლო ახალ გარემოებებთან სწრაფი ადაპტირება და სახელმწიფოს მიერ გაცემული რეკომენდაციების სრული დაცვით, თანამშრომლების უსაფრთხოებაზე ზრუნვა. შედეგად, მუშაობის დინამიკა და ხარისხი შეძლებისდაგვარად შენარჩუნდა.
არსებული ვითარების მიუხედავად, 2020 წელსაც „სოკარი“ აქტიური იყო თავისი სოციალური პროექტებით.
საქართველოს მასშტაბით სოციალურად დაუცველ ოჯახებს კომპანიამ, გენერალურ დირექტორ, ბატონ მაჰირ მამედოვის ხელმძღვანელობით, ორ ეტაპად გადასცა ძირითადი საკვები პროდუქტები.
პანდემიის პირობებში, მარნეულის მუნიციპალიტეტში, კომპანიამ დაიწყო სპორტული კომპლექსის მშენებლობა, რომელიც უსასყიდლოდ გადაეცემა სახელმწიფოს. კომპლექსი წარმოადგენს დახურულ მულტიფუნქციურ სივრცეს, სხვადასხვა სპორტული სახეობისთვის.
აუცილებლად აღსანიშნია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღის მშენებლობის პროექტი, რომელიც გათვლილია 100 ბავშვზე და ასევე უსასყიდლოდ გადაეცემა სახელმწიფოს მშენებლობის დასრულების შემდეგ.
ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ 2013 წლიდან ყოველწლიურად, „სოკარ ენერჯი ჯორჯია ეწევა მასშტაბურ ქველმოქმედებას საქართველოს საპატრიარქოსთან მიმართებაში. კერძოდ, „სოკარი“ იხდის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია-მონასტრების მიერ მოხმარებული ბუნებრივი აირის გადასახადის დიდ ნაწილს. აღნიშნული ქველმოქმედება უპრეცედენტოა საქართველოს ენერგეტიკულ ბაზარზე მოქმედ კომპანიებს შორის.
როგორია ქალი მნიშვნელოვან თანამდებობაზე − დომინანტი მამაკაცების გარემოში?
თუ ქალს აქვს გარკვეული პიროვნული თვისებები, როგორიცაა კომუნიკაციის უნარი, არის ეფექტური გადაწყვეტილებების მიმღები, გააჩნია ლოიალურობა და თავდაჯერებულობა, მას შეუძლია კომფორტულად იმუშაოს დომინანტი მამაკაცების გარემოში. ჩემი გამოცდილებით, გენდერული ბალანსი ყოველთვის ძალიან ნაყოფიერია, ორივე მხარეს კონკრეტული პერსპექტივა შემოაქვს დასახული მიზნის მისაღწევად.
3 რამ, რაც ქალს პროფესიული მიზნების მისაღწევად სჭირდება…
მიზანდასახულობა, დაუღალავი შრომა და რასაკვირველია, საყვარელი ადამიანების თანადგომა. ამის გარეშე, უბრალოდ წარმოუდგენელია მიაღწიო სასურველ მიზანს.
შეგიძლიათ თქვათ ფრაზა: „მივაღწიე იმას, რაც მსურდა“?
ამ შეკითხვას ვფიქრობ, ორი პასუხი აქვს. უპირველესად − დიახ, იმიტომ, რომ რაც ცხოვრებაში მიზნად დამისახავს, ნამდვილად მიმიღწევია. თუმცა ასევე − არა, რადგან პროფესიული განვითარების გზაზე ახალი მიზნები ჩნდება.
ყველაზე დიდი წვლილი თქვენს წარმატებაში ვის ან რას მიუძღვის?
როდესაც ვავლებ თვალს ჩემს განვლილ კარიერას, აუცილებლად უნდა აღვნიშნო ჩემი მშობლების წვლილი. მათ ჩამინერგეს შრომისმოყვარეობა, რამაც საფუძველი დაუდო ჩემს შემოდგომ პროფესიულ განვითარებას. ძალიან გამიმართლა, რომ საკუთარი კარიერის ყოველ ნაბიჯზე მხვდებოდნენ ადამიანები, რომლებიც თავდაუზოგავად მიზიარებდნენ გამოცდილებას.
განსაკუთრებით გამოვყოფდი 2014 წელს, როდესაც დავიწყე მუშაობა საქართველოს პრემიერ-მინისტრის პროტოკოლის სამსახურში. ეს იყო დიდი გამოცდილება ჩემთვის და მადლობა მათ, ვინც ნდობა გამომიცხადა ამ ძალიან საპასუხისმგებლო და საინტერესო საქმეში. ჩემი, როგორც ლიდერი ქალის, ჩამოყალიბებაში, კარიერის ამ ეტაპმა განსაკუთრებული როლი ითამაშა.
შეთავსებადია თუ არა წარმატებული ქალი და ოჯახი?
დიახ, შეთავსებადია, მეტიც − ურთიერთდამოკიდებულიცაა. ჩემი აზრით, ადამიანის ოჯახში არსებული კეთილდღეობა და ჰარმონია პირდაპირ ეჯაჭვება მის წარმატებულობას კარიერაში. ოჯახი არის ის დიდი ძალა და ენერგია, რომელიც გვიბიძგებს თავდაუზოგავად ვიშრომოთ და მივაღწიოთ სასურველ მიზნებს. ვფიქრობ, ძლიერი ოჯახი წარმატებული ქალის საყრდენი ძალაა.
გრჩებათ დრო? როგორ ატარებთ?
ნებისმიერ ადამიანს სჭირდება პირადი სივრცე და დრო, რომელსაც თავისი სურვილისამებრ გაატარებს. ჩემს შემთხვევაში, მაქსიმალურად ვცდილობ ეს დრო გავატარო ოჯახთან და მეგობრებთან ერთად. ეს არის ის დადებითი მუხტი, რომელიც მეხმარება კიდევ უფრო მეტი ენერგიით განვაგრძო ჩემი საქმიანობა.
მოგვიყევით სამომავლო გეგმების შესახებ…
ჩემი მომავალი გეგმები მთლიანად უკავშირდება იმ უმნიშვნელოვანესი პროექტების შექმნას, რომლებსაც კომპანია „სოკარი“ ახორციელებს. დარწმუნებული ვარ, ჩვენი გუნდი თავდაუზოგავი შრომით შეძლებს ბევრი სასიკეთო საქმის გაკეთებას ჩვენი ქვეყნისთვის.
რა არის თქვენი ცხოვრების მთავარი დევიზი?
ვიყო ერთგული საყვარელი ადამიანებისა და ჩემი საქმის. ვაკეთო სიკეთე.
ფოტო: ალექსეი სეროვი
Commenti