მაია ჩიხლაძე - #ძლიერიქალებისქვეყანა

საზოგადოებრივ კოლეჯ „პანაცეას“ საუკუნეზე მეტი ხანია შეაქვს წვლილი სტუდენტთა აღზრდასა და განვითარებაში. იგი პანდემიას არ შეშინებია და მიუხედავად სირთულეებისა, კვლავაც ახალი შემართებით აგრძელებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას. OK! გაესაუბრა „პანაცეას“ თანადამფუძნებელს, მაია ჩიხლაძეს.

რას ნიშნავს, თანამედროვე მსოფლიოში იყო ქალი ლიდერი, ქალი ბიზნესლიდერი?

ქალი ლიდერის ცნება ბოლო პერიოდში საკმაოდ აქტუალური გახდა და თავდაჯერებული, მიზანმიმართული, ძლიერი და შრომისმოყვარე ქალი ლიდერების ბევრი საინტერესო, მისაბაძი მაგალითი გვყავს. ეს უნარები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა იმ არასტაბილურ პერიოდში, რომელშიც ბოლო დროს ვცხოვრობთ, სადაც მყისიერი რეაგირება ბიზნესცვლილებებზე კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

როგორ გაჩნდა ბიზნესის წამოწყების იდეა? საიდან იღებს სათავეს ბიზნესი, რომელიც დღეს ასე წარმატებულია?

საზოგადოებრივ კოლეჯ „პანაცეას“ საუკუნეზე მეტი ხნის ისტორია აქვს. კოლეჯი ჯანდაცვის მიმართულების პროგრამებს ახორციელებს და ამ სფეროში მრავალი პროფესიული სტუდენტი გვყავს აღზრდილი და დასაქმებული. მედიცინა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სფერო ქვეყნის ფუნქციონირებაში, საჭიროებს მუდმივ განვითარებას, და სწორედ ამას ემსახურება ჩვენი ბიზნესი. ამ ხნის განმავლობაში შევძელით და გავხდით სფეროს ლიდერები, რაც ძალიან გვეამაყება და ვაფასებთ.

ყველაზე დიდი სირთულე, რომელიც თქვენს პროფესიას ახლავს…

მთავარი სირთულე, რომელსაც ვაწყდებით, არის სამიზნე აუდიტორიის ცნობიერება და სფეროს აღქმა. პროფესიული განათლება ჯერ კიდევ არ არის სათანადოდ მოთხოვნადი ახალგაზრდებში, რადგან მათთვის კვლავ ტრადიციული უმაღლესი განათლება რჩება პრიორიტეტულ მიმართულებად, იმის მიუხედავად, რომ დასაქმების ბაზარი უფრო გაჯერებულია პროფესიული დიპლომის შესაბამისი ვაკანსიებით.


რას ნიშნავს თქვენთვის, საკუთარი საქმიანობით წვლილი შეგქონდეთ ქვეყნის ეკონომიკური დოვლათის შექმნაში?

როგორც აღვნიშნე, საზოგადოებრივი კოლეჯი „პანაცეა“ ჯანდაცვის მიმართულების საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც შრომის ბაზარს უზრუნველყოფს ქვეყნისთვის მოთხოვნად, პრიორიტეტად დასახელებულ საექთნო, ფარმაციის, კბილის სატექნიკო საქმის პროგრამების კურსდამთავრებულებით. „პანაცეას“ ყოველწლიური დასაქმების მაჩვენებელია 80-85%.

მოგვიყევით კომპანიის მიმდინარე სიახლეებზე: როგორ შეაჯამებთ 2020 წელს? რა შეაფერხა და რა გამოავლინა არსებულმა ვითარებამ?

2020 „პანაცეასთვის“ 140 წლის იუბილეს აღნიშვნით დაიწყო, რითაც კიდევ ერთხელ განვამტკიცეთ ჩვენი ბიზნესის სიძლიერე და მოთხოვნადობა. შემდეგ დაიწყო covid-19-ით გამოწვეული პანდემია და მხოლოდ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, შეწყდა რამდენიმე თვით სასწავლო პროცესი. შესაბამისად, კერძო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები ფინანსური კრიზისის წინაშე აღმოჩნდნენ. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ პროფესიული განათლების კერძო პროვაიდერები, პანდემიის დროს, როგორც სამთავრობო, ისე უწყებრივი ყველა გადაწყვეტილების მიღმა დარჩნენ. პროფესიული განათლება არ აღმოჩნდა ასევე, ანტიკრიზისულ პროგრამაში. მიუხედავად არსებული სირთულეებისა, მოვახერხეთ კრიზისულ პერიოდს გავმკლავებოდით და მოვმზადებულიყავით ახალი სასწავლო ნაკადის მიღებისა და სწავლის განახლებისთვის. გადავწყვიტეთ, სრული ინფრასტრუქტურა და მოდელი დისტანციურ სწავლებაზე გადაგვეყვანა.

როგორია ქალი მნიშვნელოვან თანამდებობაზე დომინანტი მამაკაცების გარემოში?

იმის მიუხედავად, რომ ბოლო პერიოდში ქალსა და მამაკაცს შორის თანამდებობრივი სტატუსის მხრივ ზღვარი თანდათანობით იშლება, ჯერ კიდევ არის შემორჩენილი სტერეოტიპები, რომლებთან ბრძოლა თითოეულ ქალ ლიდერს გვიწევს. მაგრამ სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ქალთა აქტიურობა სხვადასხვა სფეროში კოლექტიურად ეხმარება ამ პროცესების დაძლევას და ძალიან მალე, მჯერა, ყველანი თანაბარ პირობებში ვიქნებით.

3 რამ, რაც ქალს პროფესიული მიზნების მისაღწევად სჭირდება…

პროფესიული მიზნების მისაღწევად, ეს თვისებები სჭირდება ყველას − როგორც ქალს, ასევე მამაკაცს. შრომის, შეუპოვრობისა და თავდაჯერებულობის გარეშე, წარმატების მიღწევა ძალიან რთულია.

შეგიძლიათ თქვათ ფრაზა: „მივაღწიე იმას, რაც მსურდა“?

შემიძლია ვთქვა, რომ ვარ სწორ გზაზე ყველა მიზნის მისაღწევად.

ყველაზე დიდი წვლილი თქვენს წარმატებაში ვის ან რას მიუძღვის?

ძალიან მიყვარს საქმე, რომელსაც ვაკეთებ. ვფიქრობ, ეს მეხმარება არ დავიხიო უკან დაბრკოლებებისა და წარუმატებლობების შემდეგ და მუდმივად წინ ვიარო. მყავს ოჯახი, რომელიც ჩემს თითოეულ ნაბიჯსა და გადაწყვეტილებას გვერდით უდგას და მზად არიან დამეხმარონ ნებისმიერ ფასად, რაც ძალიან დიდ ძალას მმატებს. დაბოლოს, აღვნიშნავ თვითგანვითარების სურვილს, რომელიც მეხმარება, თითოეულ ახალ გამოწვევას ინტერესით შევხვდე.

შეთავსებადია თუ არა წარმატებული ქალი და ოჯახი?

საკუთარ მაგალითზე შემიძლია ვთქვა, რომ შეთავსებადია. აუცილებელია პარტნიორები ერთმანეთის მიზნებს პატივს სცემდნენ და ერთმანეთს გვერდით ედგნენ ამ მიზნებისკენ სვლის დროს.


გრჩებათ თავისუფალი დრო? როგორ ატარებთ?

ყოველთვის ვცდილობ, ხარისხიანად დავგეგმო თავისუფალი დრო, რომელსაც ოჯახთან და მეგობრებთან ერთად ვატარებ. ძალიან მიყვარს მოგზაურობა საყვარელ ადამიანებთან ერთად როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ვფიქრობ, სამსახურისა და პირადი ცხოვრების ბალანსის შენარჩუნება კრიტიკულად მნიშვნელოვანია და ამ საკითხს დიდ პრიორიტეტს ვანიჭებ.

მოგვიყევით სამომავლო გეგმების შესახებ.

საკმაოდ ბევრი მიზანი გვაქვს დასახული ბიზნესის განვითარების მხრივ, ასევე, გვყავს საინტერესო უცხოელი პარტნიორები, რომლებიც პროექტების გაძლიერებაში გვეხმარებიან.

რა არის თქვენი ცხოვრების მთავარი დევიზი?

„აკეთე ის, რაც გიყვარს!“ − შესაძლოა ბანალურად ჟღერს, მაგრამ მე საკუთარ თავზე გამოვცადე, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ამ 4 სიტყვას.


ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი