„ლეტერატო“ − ადგილი თავისუფლად აზროვნებისა და შემეცნებისთვის

„ლეტერატო“ არის ადგილი, სადაც ახალგაზრდები იძენენ მათთვის საჭირო უნარებს და ეჩვევიან თავისუფალ აზროვნებას. OK! გაესაუბრა მის დამფუძნებელს − თამარ რაზმაძეს, რომელსაც დიდი სურვილი აქვს, მოზარდებს დაუბრუნდეთ შემეცნების ხალისი და ჰქონდეთ შემოქმედებითი აზროვნება.


რას ნიშნავს, თანამედროვე მსოფლიოში იყო ქალი ლიდერი, ქალი ბიზნესლიდერი?

მიუხედავად იმისა, რომ ქალის როლი საზოგადოებრივ ასპარეზზე დღითი დღე იზრდება, ჯერ კიდევ ბევრი ბარიერია, რომელიც ქალებს ხელს უშლის საკუთარი თავის რეალიზებაში. იყო ქალი ლიდერი დღევანდელ სამყაროში, ჩემთვის ნიშნავს ყოველდღიურად ეცადო, გააუმჯობესო გარემო, რომელშიც ვცხოვრობთ. ხმამაღლა ისაუბრო იმ გამოწვევებზე, რომელიც არსებობს და საუკეთესო მაგალითი მისცე გოგონებს; მისცე რწმენა, რომ მათი ძალისხმევა შედეგს გამოიღებს, რომ სწავლა და განათლება არის საუკეთესო გზა პროფესიული და პიროვნული რეალიზებისთვის, რომელსაც თუკი შეუპოვრობას და ნებისყოფას მივახმართ, არაფერია შეუძლებელი.


როგორ გაჩნდა ბიზნესის წამოწყების იდეა? საიდან იღებს სათავეს ბიზნესი, რომელიც დღეს ასე წარმატებულია?

უპირველეს ყოვლისა, ეს იყო ჩვენი ახალგაზრდების განათლების დონის სავალალო მდგომარეობა, რომელსაც კვლევები ადასტურებს და რომელსაც ჩემი პროფესიული საქმიანობისას, კვლევების გარეშეც რეალურად ვხედავდი. არადა, ეს ის თაობებია, რომელიც სულ რაღაც 10-15 წელიწადში ქვეყნის მთავარი აქტივი უნდა იყოს. დღევანდელ ტექნოლოგიურ საუკუნეში სულ სხვა უნარებია წამყვანი და მასზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება. არადა, ზოგადი განათლების გაუმჯობესების ეგიდით, ჩვენ ჯერაც მოზარდების გონების ინფორმაციით დატვირთვისა და დამახსოვრების ეტაპზე ვართ; ჯერაც ვართ იქ, სადაც არსებობს ჭეშმარიტების ერთადერთი სწორი ვერსია და მოსწავლეებსაც ასე ვაფასებთ. მაშინ, როდესაც საკითხის ფართოდ ხედვა, სხვადასხვა პერსპექტივიდან ჭვრეტა, მისი ანალიზი და ზოგადად, თავისუფალი აზროვნება, ნებისმიერი ინოვაციისა და ტექნოლოგიური განვითარების საფუძველია. სწორედ ასე გაჩნდა „ლეტერატოს“ შექმნის იდეა − ადგილისა, სადაც მოზარდები თავისუფალ აზროვნებას ეუფლებიან, იძენენ ისეთ უნარებს, რომელიც მათ ყველა ასპარეზზე აუცილებლად გამოადგებათ.

ზემოთ ნახსენებ ფაქტორებს დაემატა კიდევ ის, რომ მსოფლიოში დაიწყო არაფორმალურ განათლებაზე მოთხოვნის განსაკუთრებული ზრდა როგორც ზრდასრულებში, ასევე მოზარდებში. დღეს უკვე საზოგადოების დიდი ნაწილი შეთანხმდა, რომ თუნდაც ფორმალური განათლების ხარისხი საუკეთესო იყოს, არაფორმალური განათლება მას ავსებს და ადამიანის პიროვნული თუ პროფესიული განვითარებისთვის აუცილებელიც კია. მე კი ბავშვობიდან ვოცნებობდი, შემექმნა ისეთი საგანმანათლებლო დაწესებულება, სადაც მოზარდები შემეცნების სიხარულს დაიბრუნებდნენ, სადაც მიიღებდნენ განათლებას, რომელიც ფუნდამენტურ შეკითხვებზე დააფიქრებდათ, რომელიც ბიძგს მისცემდა შემოქმედებით აზროვნებას; ნაცვლად რუტინული დავალებების შესრულებისა, ექნებოდათ შინაგანი თავისუფლების მაღალი ხარისხი და ძალისხმევის მოტივაცია. ამიტომაც, როდესაც თავად დავაგროვე საკმარისი ცოდნა და გამოცდილება, გადავწყვიტე, შემექმნა მოზარდების თავისუფალი აზროვნებისა და ზოგადად, თავისუფლების ადგილი, მათი უკეთესი მომავლისათვის.


ყველაზე დიდი სირთულე, რომელიც თქვენს პროფესიას ახლავს…

როგორც ყველა საქმეს, რა თქმა უნდა, გარკვეული სირთულეები ამ საქმიანობასაც ახლავს. თუმცა, სპეფიციკიდან გამომდინარე, ყველაზე რთული, ალბათ, სწორი კადრების შერჩევაა. ამ თვალსაზრისით, მიმაჩნია, რომ ძალიან გამიმართლა. ჩვენს მოზარდებთან არაჩვეულებრივი გუნდი ვმუშაობთ − საკუთარი საქმის პროფესიონალი, შემოქმედებითი ადამიანები, რომელთაც განსაკუთრებულად უყვართ თავისი საქმე და რაც მთავარია, ბავშვები. ამ სფეროში წინსვლისთვის ზუსტად ასეთი თავისუფლად მოაზროვნე, განვითარებისათვის გახსნილი და მოზარდებზე ორიენტირებული ადამიანებია საჭირო, რომელთა შერჩევაც ადვილი არ გახლავთ ჩვენს რეალობაში.


რას ნიშნავს თქვენთვის საკუთარი საქმიანობით წვლილი შეგქონდეთ ქვეყნის ეკონომიკური დოვლათის შექმნაში?

რა თქმა უნდა, ეს სიამაყისა და კმაყოფილების საფუძველია. შეგრძნება იმისა, რომ რეალურად მონაწილეობას იღებ სახელმწიფოს განვითარებაში და საკუთარ მოვალეობას იხდი შენი სახელმწიფოს წინაშე, ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ფასეულობებს ჩვენს მოსწავლეებსაც გადავცემთ. ნათქვამია, „თუ სამყაროს შეცვლა გინდა, დაიწყე საკუთარი ლოგინის გასწორებით“. თუკი თითოეული ინდივიდი საკუთარ თავში და საკუთარ მიკროსამყაროში მოახდენს თუნდაც ერთ პოზიტიურ ცვლილებას, სამყაროც ოდნავ უკეთესობისკენ შეიცვლება. ზოგჯერ სულაც არ არის საჭირო, ხელში დროშა გეჭიროს. ქვეყნისთვის სასიკეთო საქმე ყოველდღიური ძალისხმევით და რუტინულადაც შეიძლება გაკეთდეს.


მოგვიყევით კომპანიის მიმდინარე სიახლეებზე. როგორ შეაჯამებთ 2020 წელს რა შეაფერხა და რა გამოავლინა არსებულმა ვითარებამ?

2020 უდავოდ ყველანაირად რთული წელი იყო − მოულოდნელობით აღსავსე, ემოციურად მძიმე. ადამიანებმა დაკარგეს ახლობლები, დაკარგეს სამუშაო, მინიმუმამდე შემცირდა ურთიერთობები და კონტაქტი. მაგრამ, ამავდროულად, მოხდა ერთგვარი გამოღვიძებაც. ჩვენ დავინახეთ, რამდენად არამდგრადი და მსხვრევადია ჩვენი ყოფა. დავინახეთ, რამდენად წარმავალია ყველაფერი, და დავსვით შეკითხვები, თუ რამდენად სწორად გვაქვს დალაგებული ცხოვრებისეული პრიორიტეტები, რა ღირს ნერვიულობად და რა − არა. ეს ერთგვარი ეგზისტენციალური გამოღვიძება იყო, რაც, ვფიქრობ, საზოგადოებისთვის პოზიტიური მონაპოვარი შეიძლება გახდეს. შეიძლება ითქვას, რომ პირველად საზოგადოებაში დაიწყო ფართო დისკურსი ისეთ ცნებებზე, როგორიცაა ადამიანის უფლებები, ჯანდაცვა თუ ეკონომიკური სტაბილურობა, სოლიდარული პასუხისმგებლობა და ინდივიდუალური თავისუფლებები. ეს ყველაფერი მოხდა თავისით, კონტექსტიდან გამომდინარე, და ესეც ძალიან საჭირო პროცესი იყო. რაც შეეხება „ლეტერატოს“, მიმაჩნია, რომ მიუხედავად ამ რთული პერიოდისა, მან არაჩვეულებრივად შეასრულა თავისი მისია − ონლაინ თუ რეგულაციების დაცვით, გახდა ამ რთულ დროში მოზარდების თავშესაფარი. მოაზროვნე, მკითხველი ადამიანისათვის მარტო ყოფნა არასოდეს იქნება ტრაგედია. მას აქვს უნარი, უკეთ გაუმკლავდეს ცხოვრებისეულ სირთულეებს, და იცის, რომ თუკი განვაზოგადებთ, ამ სამყაროში არასოდეს იქნება მარტო. ამიტომაც, შეიძლება ითქვას, რომ მოსწავლეებთან ერთად, როგორც მსჯელობით, იდეების ანალიზით, თამაშებით, ქეისების განხილვით, ასევე პედაგოგების, მოწვეული სტუმრების, ფსიქოლოგების სემინარების დახმარებითაც გადავლახეთ ეს პერიოდი. შინ ყოფნა ახალი პროექტებისთვის ნაყოფიერად გამოვიყენეთ − მოსწავლეებმა ჩაწერეს ვიდეობლოგები თავისი თანატოლებისთვის, გამოუშვეს ონლაინჟურნალი. ერთი სიტყვით, ვფიქრობ, ამ ეტაპისთვის საკმაოდ კარგად გავართვით თავი ჩვენ წინაშე მდგარ გამოწვევებს.

როგორია ქალი მნიშვნელოვან თანამდებობაზე დომინანტი მამაკაცების გარემოში?

ასე უშუალოდ, ჩემს სამუშაო გარემოში, ვერ ვიტყოდი, რომ ეს იგრძნობა ან იგრძნობოდა. ვინაიდან ჩემი გამოცდილების უმეტესი ნაწილი საერთაშორისო ორგანიზაციებში გავატარე, მაღალი პროფესიული სტანდარტი დაცული იყო და გენდერული თანასწორობა პრიორიტეტსაც კი წარმოადგენდა. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ პრობლემები არ არსებობს. ასეთი სამუშაო გარემოს შემდეგ, ჩემთვის გაუგებარი იყო ჩვენს რეალობაში მომხდარი შემთხვევები, როცა, მაგალითად, ჩემი საკმაოდ საღი და საჭირო წინადადება არ მიუღიათ. მხოლოდ კარგა ხნის შემდეგ მივხვდი, რომ თურმე საქმე სტერეოტიპულ დამოკიდებულებასთან გვქონია და არა ვთქვათ, რაციონალურ მიზეზთან. უთანასწორობაზე, რა თქმა უნდა, პროფესიულ წრეებში, ისევე, როგორც სერიოზულ ორგანიზაციებში, ხმამაღლა არავინ საუბრობს, მაგრამ სამწუხარო რეალობა ისაა, რომ ქალი ორჯერ უფრო პროფესიონალი, შეუპოვარი და მიზანდასახული უნდა იყოს, ვიდრე მამაკაცი.


3 რამ, რაც ქალს პროფესიული მიზნების მისაღწევად სჭირდება…

ძლიერი პიროვნული ღერძი, პროფესიონალიზმი და შეუპოვრობა.


შეგიძლიათ თქვათ ფრაზა: „მივაღწიე იმას, რაც მსურდა“?

ამას არასოდეს ვამბობ. ალბათ, ეს ის ფრაზაა, რომელსაც ვისურვებდი, სიკვდილის წინ მეთქვა. მანამდე კი ყველაფერი წინაა. ძალიან ბევრი იდეა და მიზანი მაქვს, რომლის განხორციელება გულით მინდა, და იმედია შევძლებ კიდეც. თუმცა, ერთი ნამდვილად შემიძლია ვთქვა − მე ნამდვილად ვარ ის ადამიანი, რომელმაც საკუთარი ოცნებები აიხდინა. ამიტომაც მიკვირს ხოლმე, როდესაც ამბობენ, რომ ეს შეუძლებელია. ვფიქრობ, ხშირად გასაღები ოცნებების მიზნებად ტრანსფორმირებაშია. ასეთი მაგალითიც გვაქვს მოზარდებისთვის „ლეტერატოში“− წარმოიდგინეთ, რომ ხედავთ ძალიან გემრიელ ნამცხვარს, რომელიც მადას აღგიძრავთ. თქვენ შეგიძლიათ იფიქროთ: „რა გემრიელი ნამცხვარია, როგორი სიამოვნებით შევჭამდი ახლა“, − ეს ოცნებაა. ან შეგიძლიათ იფიქროთ: „რა ინგრედიენტები დამჭირდება, რომ ეს ნამცხვარი გამოვაცხო?“ − ეს უკვე მიზანია. მათ შორის საკმაოდ ვიწრო ზღვარია და ყველაფერი აზროვნების სტილით იწყება.


ყველაზე დიდი წვლილი თქვენს წარმატებაში ვის ან რას მიუძღვის?

რა თქმა უნდა, ჩემს ოჯახს. უპირველეს ყოვლისა, ჩემს მშობლებს, რომლებმაც დამოუკიდებელ, თავისუფალ ადამიანად აღმზარდეს და მომცეს საუკეთესო განათლება იმ დროში. შემდეგ უკვე ჩემს მეუღლეს, რომელიც მიუხედავად უკმაყოფილებისა, რომ მუდმივად დაკავებული ვიყავი, ყოველთვის ყველანაირად გვერდით მედგა და ესმოდა ჩემი სურვილებისა და მისწრაფებების. ასევე ჩემს შვილებს, რომელთაც ხშირად ვაკლდი, მაგრამ თვითკმარ, თავისუფალ ადამიანებად ჩამოყალიბდნენ და დღეს უკვე მე მეხმარებიან.


შეთავსებადია თუ არა წარმატებული ქალი და ოჯახი?

რა თქმა უნდა, შეთავსებადია. რთულია, არ არის მარტივი, მაგრამ კარგა ხანია მივხვდი, რომ მარტივი გზები არც არსებობს. ყველაზე რთული მაინც დასაწყისია − მცირეწლოვანი შვილები და კარიერული წინსვლა. ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი ეს საკმაოდ ადრე მოხდა. 20 წლის ვიყავი, როდესაც ერთდროულად შვილიც შემეძინა, ასპირანტურაშიც ვაბარებდი და ვმუშაობდი კიდეც. ეს ყველაზე რთული პერიოდი იყო. თუმცა, ახალგაზრდული შემართება და ენერგია ასევე დიდი ძალაა, რომლის წყალობითაც ამ სიძნელეების დაძლევა შესაძლებელია. მაგრამ, ქალი არ უნდა დავტოვოთ მხოლოდ ენერგიის ამარა, ის არ უნდა იყოს ამ გამოწვევების წინაშე მარტო. აუცილებელია საზოგადოებაში მენტალური ცვლილება, სადაც ოჯახის ორივე წევრი − ქალი და მამაკაცი, გაინაწილებენ საოჯახო საქმეს და ქალს მიეცემა პროფესიული რეალიზების საშუალება. ასეთი ქალი − რეალიზებული, თვითკმარი, ლაღი − შვილებსაც მეტ სითბოს და ბედნიერებას აჩუქებს.


გრჩებათ თავისუფალი დრო? როგორ ატარებთ?

დღეს უკვე ცხოვრების იმ ეტაპზე ვარ, როდესაც რთულია გაარჩიო თავისუფალი დრო საქმისათვის განკუთვნილისგან. რა თქმა უნდა, თავისუფალ დროს ოჯახთან ერთად ვატარებ, შეიძლება ვიმოგზაუროთ, რაიმეს დასათვალიერებლად წავიდეთ, ან უბრალოდ, რამდენიმედღიანი განტვირთვა მოვიწყოთ ჩვენთვის, მაგრამ ამ პერიოდშიც ხშირად ვმუშაობ და ეს არ არის ჩემთვის ტვირთი, არამედ ძალიან სასიამოვნო და საინტერესო პროცესია. ან შეიძლება, დასვენებისას რაიმეს ვკითხულობდე, ისე, ჩემთვის, და უცებ აღმოვაჩინო, რომ „ლეტერატოს“ კურიკულუმისთვის ძალიან საინტერესო თემას მივადექი. ასეთ დროს ვდგები და მონახაზის კეთებას ვიწყებ. ასე რომ, ეს ყველაფერი ისეა გადაჯაჭვული ერთმანეთთან, გამიჭირდება გითხრათ, როდის ვისვენებ და როდის არა.


რა არის თქვენი ცხოვრების მთავარი დევიზი?

გამიჭირდება კონკრეტული დევიზის შერჩევა. ჩვენს რეალობაზე ხომ უამრავი ფაქტორი ახდენს ზეგავლენას. მოცემულობები იცვლება და ვიცვლებით ჩვენც. ერთი ისაა, რომ ვცდილობ, ყველაფერს მოთმინებითა და სიყვარულით მივუდგე. ეს მეხმარება, უკეთ დავინახო საკუთარი თავიც და გარემოც.


ფოტო: ალექსეი სეროვი


34/36 Abashidze, 0179, Tbilisi, Georgia               +995 595 803 333

www.w4t.online          info@w4t.online

Get In Touch

Copyright © 2020 "Women for Tomorrow" Business Leaders' Federation - All Rights Reserved.

  • Facebook
  • Twitter
  • YouTube
  • Instagram
  • LinkedIn