კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით საყოველთაო შეზღუდვა არარაციონალურია

ბიზნესლიდერთა ფედერაცია “ქალები მომავლისთვის” კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ქვეყანაში საყოველთაო შეზღუდვის სავარაუდო დაწესებას ეხმიანება და ასეთ ჩაკეტვას არარაციონალურად მიიჩნევს.


ასოციაციის განცხადებით, გაცილებით ეფექტური და შედეგიანი იქნება წერტილოვანი შეზღუდვები და პანდემიის გავრცელების სწორი მართვა, რაც წინა საახალწლო პერიოდში ქვეყანას კიდევ უფრო დიდ ჩიხში არ შეიყვანს და კრიზისულ პერიოდში ბიზნეს სუბიექტებს გარკვეული მდგრადობის შენარჩუნების საშუალებას მისცემს.


ჯანმრთელობის უფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა და მისი უზრუნველყოფა სწორი და კეთილგონივრული პოლიტიკის მეშვეობით - სახელმწიფოს უმთავრესი მოვალეობა, რათა ადამიანებმა დაცულად იგრძნონ თავი. ამავდროულად, თითოეულ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს ღირსეულად ცხოვრების საშუალება და უფლება. მაშინ, როდესაც პანდემიისგან მიღებული ეკონომიკური ზარალი ისედაც საგრძნობია, საყოველთაო შეზღუდვა კიდევ უფრო გააუარესებს კერძო სექტორის მდგომარეობას, რაც თითოეულ მოქალაქეზე უარყოფით ასახვას ჰპოვებს.


ასოციაცია თვლის, რომ არსებულ ვითარებაში ერთადერთი სწორი მიდგომაა თანაბრად შეფასდეს ჯანმრთელობისა და ეკონომიკური ზიანის რისკები და ყველა გადაწყვეტილება ამ პერსპექტივიდან იქნას მიღებული, რაც ეფექტიანი მართვის პირობებში სრულიად შესაძლებელია.


ბიზნესლიდერთა ფედერაცია “ქალები მომავლისთვის”, დღესდღეობით 70 ბიზნესლიდერ ქალს აერთიანებს, რომლებიც დღესდღეობით საქართველოში მოქმედ მსხვილ და საშუალო ბიზნეს სუბიექტებს წარმოადგენენ.