საქართველოს ტუროპერატორთა ასოციაციის თავმჯდომარე, აგროტურისტულ კომპლექს Lost Ridge Inn, Brewery & Ranch-ის და „გეოფილმ პროდაქშენის“ დამფუძნებელი
ის, რაც იყო ადრე…
თბილისის ძველ უბანში, სოლოლაკში გავიზარდე. იმ დროს ბევრად რომანტიკული და კოლორიტული იყო თბილისი. ამ კოლორიტს უპირველეს ყოვლისა ადამიანები განაპირობებდნენ. საღამოობით და გვიან ღამითაც, სოლოლაკის ქუჩებში ყოველთვის მღეროდნენ. ალბათ დღე არ გავიდოდა, მეგობრების თუ შეყვარებულის ფანჯრებთან ვინმეს არ ემღერა. გიტარის ხმა და მოგუდული ბანები ჩვეულებრივი მოვლენა იყო ჩვენს უბანში. ასეც გვჯეროდა, რომ არასდროს არ შეწყდებოდა ის ჰარმონია.
ჩემი მშობლები და ბებია-ბაბუები მეცნიერები და ექიმები იყვნენ, ძალიან თავმდაბალი ადამიანები, საქმეზე და მოქალაქეობრივ საწყისებზე ორიენტირებულნი. მამის ძალიან თანამედროვე შეხედულებების გამო, მე და ჩემი და საკმაოდ განსხვავებული რიტმით ვცხოვრობდით, ვიდრე მაშინდელი ჩვენი ასაკის თაობა. დავდიოდით სათხილამურო სპორტზე, ჩოგბურთზე, მუსიკალურ სკოლაში, ხელოვნების გაკვეთილებზე, კლდეზე საცოცად… ყოველ ზამთარს, რამდენიმე კვირას ბაკურიანში ვატარებდით, ზაფხულს − სამთო ლაშქრობებში და აფხაზეთის ზღვის სანაპიროზე… ერთ-ერთი პირველები ვიყავით, ვისაც მამამ მანქანის მართვა ბავშვობაში გვასწავლა. 18-19 წლის ასაკში თავისუფლად გადავადგილდებოდით ხოლმე თბილისის ქუჩებში და ბაკურიანი-გუდაურის გზებზე. თუმცა ერთი მანქანა არ გვყოფნიდა ოჯახის წევრებს და მუდამ გრაფიკს ვუთანხმებდით ერთმანეთს.
მაჩაბლის ქუჩიდან ილიასა და აკაკის ძეგლამდე ნორმალური სიარულით 15-20 წუთია საჭირო. მე ჩვეული, გადატვირთული გრაფიკის გამო, მუდამ მაგვიანდებოდა სკოლაში და ამ მანძილს 7-10 წუთში ვფარავდი. ის კი იყო, რომ ფიზიკურად მაძლიერებდა ყოველდღე სწრაფი ტემპით სიარული. ასევე, მთელი ცხოვრება გამომყვა სწრაფად და ერთდროულად მრავალფეროვანი საქმის კეთების ჩვევა.
პირველი ნაბიჯები ბიზნესში…
შემდეგი ეტაპი იყო უნივერსიტეტი, ასპირანტურა, სწავლისა და შემეცნების წლები საქართველოში, აშშ-სა და ევროპის ქვეყნებში. შვილები, ოჯახი და ინტენსიური მუშაობის პერიოდი ისევ იმ ტემპით მიდიოდა, ბავშვობიდან რომ გამომყვა.
დამოუკიდებლობის სურვილი იმდენად ძლიერი იყო, რომ ყველაზე რთულ წლებში რაღაც ახალს ვიწყებდი. ეს ის წლები იყო, როცა მძაფრად იგრძნობოდა ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისი, სახელმწიფოსაგან „მიტოვებული“ ადამიანის სინდრომმაც მოგვცა ბიძგი ჩვენს თაობას იმისათვის, რომ თავდაცვითი გარემო შეგვექმნა, ცოტა გამდიდრებაზე, ბიზნესსა და სტაბილურობაზე გვეფიქრა.
ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის შემდეგ, ტურიზმის სფეროში ვმუშაობდი. მაშინ სრულ სიგიჟედ მიაჩნდა ბევრ ადამიანს ტურიზმზე ფიქრიც კი. ტურიზმის გამოფენაზე რომ გამოვჩნდით პირველად ევროპაში, გერმანელი ტუროპერატორები გაოცებას ვერ მალავნენ და მგონი ტურებსაც იმიტომ ჯავშნიდნენ საქართველოში, რომ ცოტათი გავემხნევებინეთ, არადა, ავღანეთს არ ჩამოვუვარდებოდით მაღალი კრიმინალური მაჩვენებლებით. არცერთ დაკვეთაზე უარს არ ვამბობდით. წვალებით, მაგრამ მაინც ყველაფერი მშვენივრად გამოგვდიოდა: Camel Trophy თუ Discovery Channel, Qeen of the Desert და Off Road Challenge, სამთო ექსპედიციები, არქეოლოგიური და კულტურული ტურები. აი, ღვინის ტურიზმი შემდეგ დაემატა… დაახლოებით 10-წლიანი პერიოდი მოიცვა და ახლა თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან საინტერესო გუნდთან ერთად, ღვინის ტურიზმი დავნერგეთ საქართველოში.
მიზანდასახულობა გამოწვევაა. ეს ის თვისებაა, რომელიც ძალას გვაძლევს, რომ შევქმნათ და განვავითაროთ იდეა. მთავარია, არასდროს დაგვავიწყდნენ ის ადამიანები, რომლებიც ჩვენთან ერთად თეთრად ათენებდნენ და ქმნიდნენ.
გამოცდილება დროსთან სინთეზში…
არასდროს ვიღებ მონაწილეობას ისეთ პროექტებში, რომლებიც ქვეყნის სულ მცირე ინტერესს მაინც არ ემსახურება. გამოცდილებამ მასწავლა ის, რომ გუნდი და იდეა განუყოფელია, ბიზნესი ერთგული ადამიანების გარეშე არ არსებობს. ასეთ ადამიანებთან ერთად გადავიღეთ 30-ზე მეტი დოკუმენტური ფილმი მოგზაურობაზე, ღვინისა და გასტრონომიის ტრადიციებზე, კულტურულ მემკვიდრეობასა და ექსტრემალურ თავგადასავლებზე.
მოგზაურობა, როგორც ინსპირაცია და გეგმა. როგორც ამბიცია…
პროფესიიდან გამომდინარე, მუდამ ვფიქრობ, რომ ბუნებასთან ჰარმონიული თანაარსებობა უნდა შევძლოთ და ყველაზე მომხიბვლელი ქვეყანა გვექნება, სადაც ჩვენც კარგად ვიცხოვრებთ და ვიზიტორებისთვისაც მიმზიდველი იქნება. ბევრი ვიმოგზაურე ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში, რა აღარ ვნახე და საკუთარი ნავსაყუდელი ბიზნესისთვის ბუნებასთან და ცხენებთან ახლოს დავგეგმე. თუმცა არც საინტერესო პროექტებში ჩართულობაზე ვამბობ უარს. მაინც მასპინძლობის ინდუსტრიაა ის სფერო, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებას უკიდურესად საინტერესოს ხდის. არც ერთი დღე არ ჰგავს მეორეს. ჩემთვის რთულია გრაფიკის შედგენა და მომდევნო კვირის დაგეგმვაც კი, არათუ მომდევნო თვის. მეგობრებთან ერთად ვმუშაობთ საცხენოსნო ტურიზმის განვითარებაზე. ძალიან რთული და ამავდროულად, საინტერესოა, თუმცა სადაც ამბიცია არსებობს, იქ მიზანიც მიღწევადია. რამდენიმე წელი დაგვჭირდება იმისათვის, რომ მდგრადი პლატფორმა შევქმნათ სამომავლო ეტაპებისთვის. დარწმუნებული ვარ, საქართველო დაიბრუნებს ცხენოსნობის ტრადიციას და მსოფლიო ტურიზმის რუკაზეც დაიმკვიდრებს საცხენოსნო ტურიზმის ქვეყნის იმიჯს. მანამდე კი, ცხენოსნობით გულანთებული ადამიანების ხედვის გაზიარება, ცხენებზე, აღჭურვილობაზე, ტურებზე, სასწავლო პროგრამების შექმნაზე ზრუნვა და ბიზნესად ქცევა, ჩვენი გუნდის მთავარი ამოცანაა.
მთავარი რჩევა…
ბიზნეს-სტარტაპერ ქალებს ვურჩევდი, ისეთი საქმიანობა აირჩიონ, რომელიც მათ სულ ცოტა სიამოვნებას მაინც მოუტანს. ასევე ვურჩევდი, გარკვეულ ეტაპზე შეჩერდნენ და დატკბნენ იმით, რაც შექმნეს. არ შეიძლება ცხოვრებამ გვერდით ჩაგვიაროს, ოჯახისა და საქმის სამსახურში. უნდა შევიგრძნოთ ცხოვრების ყველა ეტაპი და იმდენი ენერგია დაგვრჩეს, რომ საზოგადოების ფორმირებაშიც შევიტანოთ წვლილი. თუ საჭიროა, პროტესტიც გამოვთქვათ, დავიცვათ ადამიანის უფლებები და ახალგაზრდებს შევუმოკლოთ გზები თავიანთი მიზნების მისაღწევად. ალბათ იმაზე უკეთესს ვერაფერს გავაკეთებთ, ვიდრე ცოდნა გავუზიაროთ ერთმანეთს.
რას ნიშნავს, იყო ბიზნესფედერაცია „ქალები მომავლისათვის“ საბჭოს წევრი?
ბიზნესფედერაცია „ქალები მომავლისათვის“ საბჭოს წევრობა ჩემთვის უპირველესად ნიშნავს პასუხისმგებლობას, უკეთესი ბიზნესგარემოს ჩამოყალიბებაში მონაწილეობას, ერთიანი ხედვის განსაზღვრას და თანამშრომლობას ბიზნესწრეებთან და საზოგადოებასთან.
მერცხლები, რომელთაც გაზაფხული მოჰყავთ…
ჩემთვის ძალიან საამაყოა, რომ თანამშრომლები, შვილები, მეგობრები, ოჯახის წევრები და ნათესავები ყოველთვის მეხმარებოდნენ და ხელს მიწყობდნენ ნებისმიერ საქმეში. პაპუნა ჯავახიძე, რომელიც გასული საუკუნის 90-იან წლებში ნულიდან მიხსნიდა ბიზნესის არსს, და დღგ რა არის; საბა კიკნაძე, რომლის იშვიათი ოპტიმიზმით დაიწყო ტურიზმი საქართველოში; დათო რაქვიაშვილი და ნიკა ერქომაიშვილი, რომლებმაც ისეთი საფუძველი ჩაუყარეს ნამდვილ გუნდს, ივენთებისა და ტურიზმის ინდუსტრიას, „კოვიდი“ რომ არა, ინერციით მხოლოდ უკეთესობისკენ მიდიოდა ყველაფერი. ჯონ უერდემანი ჩემი მთავარი პარტნიორია ოთხ კომპანიაში. 12 წელია ერთად ვგეგმავთ ღვინის დეგუსტაციას, გასტრონომიულ ტურებს, ახალ მენიუებს, ლუდის ინგრედიენტებს, ფოლკლორულ საღამოებს და ისეთ ივენთებს, ბედნიერება რომ მოაქვს ადამიანებისთვის.
დათო გოცაძე და თიკო თუშიშვილი ჩემი უახლოესი მეგობრები არიან, რომლებმაც თავი არ დაზოგეს, როცა ძველი სახლების აღდგენა დავიწყეთ. შედეგად, ახალი მიმართულება მივიღეთ მასპინძლობის სფეროში, თუ როგორ შეიძლება 150-წლიანი სახლების საფუძველზე, ძველისა და ახლის შერწყმა, ისე, რომ სტილიც შენარჩუნდეს და კომფორტიც შეიქმნას. ჩვენს აგროტურისტულ ობიექტს რაც შეეხება, ალბათ, არაფერი გამოვიდოდა მაია ბიძინაშვილის ჩარევის გარეშე. მისი საოცარი ალღო ადამიანური რესურსის მობილიზებაში და გამოცდილების უანგაროდ გაზიარების თვისება, გადამწყვეტი აღმოჩნდა ჩვენი რანჩოს განვითარების ყველაზე რთულ ეტაპზე. თაკო, მარიამი, თიკო, გიგა, ნიკა, ზაზა, ლია, მარიკა, ლევანი, ელენე და კიდევ უამრავი ადამიანი, ვისაც დიდი ამაგი მიუძღვის ჩემი იდეების განხორციელებაში. თითოეულ მათგანს განსაკუთრებული ნიჭი აქვს, მაგრამ საერთო თვისება, რომელიც ყველას გვაერთიანებს, იდეის ერთგულება და განვითარებისკენ სწრაფვაა. სწორედ ეს ადამიანები არიან ჩემი როლ-მოდელები. ამიტომაც, მე ვარ ჩვენ, ჩვენ კი − ძლიერები და ბევრნი ვართ! ჩვენ ისინი ვართ, ჩუმად რომ ვერ ჩავივლით, სხვისი წარმატება რომ გვახარებს, გაზაფხულის მოსვლა რომ გვიყვარს და იისფერ ნისლებში რომ ვხედავთ სამყაროს!
ფოტო: ლელი ბლაგონრავოვა
留言