მეცხოველეობის სფეროში ლიდერი კომპანია Caucasus Genetics-ის დამფუძნებელი და დირექტორი გახლავთ. ამავდროულად, თამარი ბიზნესლიდერთა ფედერაცია Woman for Tomorrow-ს თანადამფუძნებელი და საბჭოს წევრია. აგრარულ სფეროში საქმიანობის პარალელურად, იგი არის პროფესიონალი ქოუჩი და სტრატეგიული განვითარების კონსულტანტი. მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს საგანმანათლებლო სფეროშიც − კითხულობს ლექციებს, შემუშავებული და განხორციელებული აქვს როგორც საგანმანათლებლო, ასევე ორგანიზაციული და პიროვნული განვითარების ესა თუ ის პროგრამა. თამარი არის სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივი კონფერენციის მონაწილე და სპიკერი, სამეცნიერო ნაშრომისა და პუბლიკაციების ავტორი.
რა იქცა ბიზნესის დაწყების ბიძგად?
ყველაფერი იმ პრობლემების გულშემატკივრობას და მოგვარების სურვილს უკავშირდება, რომელიც სფეროში არსებობდა. ამიტომ, ინსპირაციაც და ბიძგიც აქედან მოდის. ეს ის პერიოდია, როდესაც ბევრიც არაფერი ხდებოდა სოფლის მეურნეობაში, როგორც სხვა დანარჩენ სფეროში. მე ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ თავს ამ საქმიანობას დავუკავშირებდი, თუმცა მთელი არსებით ჩავერთე და გავხდი ამ სფეროს გულშემატკივარი „კავკასიის გენეტიკის“ სახით, რომელიც 2006 წელს დაარსდა და დღეს მეცხოველეობის სფეროში ქვეყნის მთავარი მიმწოდებელია ფერმის აღჭურვილობის, რძისა და ხორცის წარმოება-გადამუშავებისთვის საჭირო დანადგარების, სანაშენე საქმის, ასევე ხელოვნური განაყოფიერების მიმართულებით, და ამ მიმართულებებით მსოფლიოს ლიდერი კომპანიების წარმომადგენლები ვართ საქართველოში.
რა სახის გამოწვევების წინაშე დადექით წარმატებისკენ მიმავალ გზაზე და რა გასწავლათ გამოცდილებამ?
ნებისმიერ საქმიანობას ყოველთვის ახლავს გამოწვევები და სირთულეები. ჩვენ შემთხვევაშიც უამრავი სირთულის გადალახვა და მოგვარება გვიწევდა, ასეა დღესაც. განსაკუთრებული აღმოჩნდა დღევანდელი მდგომარეობა, პანდემიით გამოწვეული. თუმცა, ვიცით, რომ გამოწვევები და პრობლემები კარგი მასწავლებლებია და გვიბიძგებს უფრო მობილიზებულნი, ეფექტურნი და ადაპტირების უნარის მქონენი ვიყოთ. მთავარ გაკვეთილად მაინც გამოვყოფდი შემდეგს − ნებისმიერ პრობლემას უნდა შევხედოთ, როგორც ამოცანას, რომელიც უნდა გადავჭრათ. თუ ეს მიდგომა გვექნება, სირთულეებსაც ბევრად ეფექტურად მივხედავთ.
ვინ არის თქვენი როლ-მოდელი?
ვერ ვიტყვი, რომ ასე, კონკრეტული როლ-მოდელი მყავს გამორჩეული, თუმცა ბევრი ადამიანია, ვისი გამოცდილება, ცოდნა თუ მიღწევები, თუნდაც მათი პროფესიული, ადამიანური თვისებები და უნარები, ჩემთვის დასაფასებელი და ნიშანდობლივია. საერთოდ, მიმაჩნია, რომ ნებისმიერ ადამიანს ახასიათებს რაიმე უნიკალური, რითაც შეიძლება სამაგალითო იყოს სხვისთვის. მთავარია, ამის დანახვა და მიღება შეძლოს ადამიანმა.
რას ნიშნავს თქვენთვის ბიზნესასოციაცია „ქალები მომავლისთვის“ წევრობა?
ძალიან ლაკონურად ვიტყვი: ხუთი ქალით დაწყებული ამბავი, რომელიც დღეს არის ბევრი ძლიერი ადამიანის ერთობა და მიმართულია უთიერთმხარდაჭერისკენ, გამოცდილების გაზიარების, კიდევ უფრო განვითარებისა და პროგრესისკენ. ეს არის ადგილი, სადაც თავმოყრილია პროფესიონალიზმი და ძალისხმევა, შექმნა უფრო მეტი ღირებულება.
რას ურჩევდით ქალებს, რომელთაც ბიზნესის დაწყება სურთ?
რჩევებზე ძალიან ვრცლად შეიძლება საუბარი, ბევრი მნიშვნელოვანი ასპექტია, რაც გასათვალისწინებელია ბიზნესის დაწყებისას. თუმცა შევაჯერებდი და ვურჩევდი, რომ ნებისმიერი წინააღმდეგობის მიუხედავად, არასდროს დაიხიონ უკან. შეუპოვრობა, მიზანდასახულობა და შრომისმოყვარეობა ძალზე მნიშვნელოვანია. ნებისმიერი შედეგი დგება საკუთარი ქმედებებიდან გამომდინარე, ეს ყოველთვის გასათვალისწინებელია. ასევე, ის საქმე უნდა გვიყვარდეს, რომელსაც გვსურს ხელი მოვკიდოთ და გარდა რაციონალური კავშირისა, ემოციური კავშირიც უნდა გვქონდეს. მთელი არსით უნდა გრძნობდე ბმას. ყველა ქალს ვუსურვებ წარმატებულ საქმიანობას და მუდმივ განვითარებას. მუდმივი განვითარების გარეშე, უბრალოდ ვერ გავალთ ფონს.
როგორ ხედავთ საკუთარ თავს სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებაში?
ვფიქრობ, ვხედავ იქ, სადაც ვსაქმიანობ. ეს ყველაფერი მომავალში უფრო სხვა მასშტაბისა და შინაარსის შეიძლება იყოს. მიმაჩნია, რომ ნებისმიერი ადამიანისთვის მაქსიმალური რეალიზება პროფესიული თუ სხვადასხვა მიმართულებით, სწორედ ის არის, რაც საბოლოო ჯამში ქმნის ღირებულებით განზომილებას და ხდება განუყოფელი ნაწილი სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების პროცესში.
როგორია თქვენი დღის განრიგი? როგორ ახერხებთ დროის გადანაწილებას?
ჩემი დღის განრიგი ბევრი კომპონენტისგან შედგება. ფაზლივითაა, რომელიც აწყობილია „საშინაო“ და „საგარეო“ საქმეებით, ბიზნესის, პროფესიული, მეგობრებისა თუ ახლობლების, ასევე სხვა მნიშვნელოვანი „ფაზლებით“. რასაკვირველია, მთავარი ფოკუსი ოჯახია − მყავს მეუღლე და ორი ვაჟი. უფროსი ვაჟი − ჯემალ ხატიაშვილი, ახალგაზრდა მეწარმეა. მან 19 წლის ასაკში დააარსა ყველისა და ღვინის კომპანია „ბუტრანა“, რომელიც ყველის გურმანებისთვის და ტურისტებისთვის კარგადაა ცნობილი. უმცროსი ვაჟი − ლუკა, მე-8 კლასის მოსწავლეა, ხოლო მეუღლე, გიორგი ხატიაშვილი − აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი, მეცხოველეობის დარგის წამყვანი სპეციალისტი და ექსპერტია.
თითოეულ „ფაზლს“ თავისი დრო აქვს განსაზღვრული. არ არის მარტივი ამის მოხერხება, მაგრამ საჭიროა და შესაძლებელიც არის, რომ მოახერხო, სხვაგვარად ვერ იქნები პროდუქტიული შენი ცხოვრებისთვის მნიშვნელოვან და ღირებულ, საქმიან თუ არასაქმიან სფეროებში. მიზნებიდან გამომდინარე, იგეგმება ჩემი კვირაც, თვეც და წელიც. მე შემიძლია გითხრათ, რომ მთელი წელი დაგეგმილი მაქვს, უფრო მეტიც… თუმცა, დღეს ისეთი სიტუაციაა, რომ სწრაფად ხდება გარემოში ცვლილებები და გარკვეულ გეგმებშიც გვიხდება კორექტივების შეტანა.
ფოტო: ლელი ბლაგონრავოვა
Commentaires