თამარ რაზმაძე - #ძლიერიქალებისქვეყანა

აზროვნების აკადემია მოზარდებისთვის „ლეტერატოს“ დამფუძნებელი და დირექტორი

როგორ დაიწყეთ ბიზნესი? რამ მოგცათ ბიძგი და რა იქცა ინსპირაციად?

რაც უნდა გასაკვირი იყოს, ნეგატიურმა ინფორმაციამ − კვლევებმა და იმ უარყოფითმა რეიტინგებმა, რომელიც ჩვენი ახალი თაობის განათლების არადამაკმაყოფილებელ დონეზე, ინოვაციების მიმართ ჩაკეტილობაზე, თავისუფალი აზროვნების ნაკლებლობაზე მიუთითებს. საგანმანათლებლო სისტემასთან მუდამ მქონდა სხვადასხვაგვარი შეხება − გასული საუკუნის 90-იან წლებში ვამზადებდი მოსწავლეებს, შემდეგ იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2000-იანებში − ESM თბილისი, შემდეგ „თავისუფალი უნივერსიტეტი“; ვატარებდი სხვადასხვა ტრენინგს და ეს საქმიანობა ყოველთვის დიდ ბედნიერებას მანიჭებდა, თუმცა ვწუხდი იმაზეც, რომ ჩვენს ახალ თაობას აკლია თანამედროვე ეპოქისთვის აუცილებელი ცოდნა და უნარები. ყოველთვის მინდოდა შემექმნა დაწესებულება, რომელიც ამას შეცვლიდა, ამასთანავე, ექნებოდა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხი, ანუ დაფუძნებული იქნებოდა იმ ფილოსოფიაზე, რომელსაც დღეს ჩვენს მოზარდებს გადავცემთ. სწორედ ამ მისიით შეიქმნა „ლეტერატო“− აზროვნების აკადემია მოზარდებისთვის, რომლის ამოცანაა შექმნას ახალი თაობის ის „კრიტიკული მასა“, რომელიც ქვეყანას წინ წაიყვანს. დაწესებულება, რომელიც მოსწავლეებს თავისუფალ აზროვნებას, ობიექტურ ანალიზსა და მსჯელობას, იდეებზე დაფიქრებას და პიროვნულ დამოუკიდებლობას ასწავლის.

რა სახის სირთულეები შეგხვდათ წარმატების გზაზე და რა გასწავლათ ამ გამოცდილებამ?

ნებისმიერ ნაბიჯს ახლავს სირთულეებიც − ეს ბუნებრივია და ასე იყო ჩემს შემთხვევაშიც. მე მგონი, არ დარჩენილა სირთულე, რომელიც შეიძლება ბიზნესს შეხვდეს, ჩვენ არ შეგვხვედრია, და რა თქმა უნდა, თითოეული მათგანი კარგი გაკვეთილი იყო, რომელმაც გვასწავლა და გაგვაძლიერა. მაგრამ, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამ გამოცდილებამ მაჩვენა, არის ერთი, რომ როგორც ნათქვამია, „ზოგიერთი გზა აუცილებლად მარტომ უნდა გაიარო“, და მეორე, რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია − მეტად ცხადად დავინახე ადამიანის ნათელი მხარე და კიდევ უფრო შემიყვარდა ადამიანები. ყველა სირთულემ სათითაოდ დამანახა, თუ რამდენი შეუძლია ადამიანების სიკეთეს, უანგარო მხარდაჭერას, მადლიერებას, საჭირო მომენტში თანადგომას. და ამის გააზრებაში არა მხოლოდ ახლობლები და მეგობრები, არამედ სრულიად შემთხვევით გამოჩენილი ადამიანებიც დამეხმარნენ. ადამიანში არის ძალა, მთებიც კი გადადგას, როცა მას სიყვარულისა და სიკეთის სასარგებლოდ არჩევანის გაკეთება სურს.

გყავთ ადამიანი, ქალი-ინსპირაცია, რომელიც სამაგალითოა თქვენთვის თავისი ბუნებით, შემართებით, საქმიანობით, გამოცდილებით… მსოფლიო ფიგურა, ან იქნებ თქვენი ახლობელიც ამას არ აქვს მნიშვნელობა. რა გავლენა იქონია თქვენზე მან? რა შეგძინათ მისმა რომელიღაც ცხოვრებისეულმა ნაბიჯმა ან ფრაზამ?

ინსპირაცია შესაძლოა უფრო მეტად იდეამ და ქმედებამ მომცეს, ვიდრე ადამიანმა. ძალიან ბევრი ცხოვრებისეული ნაბიჯი ან ფრაზა შემიძლია ახლა გავიხსენო, რომელიც მამოტივირებელი ან შთამაგონებელია. გამიჭირდება კონკრეტული პიროვნების დასახელება. ზოგადად, ის, რომ ადამიანები ხშირად საკუთარ თავს ვაჭარბებთ, შეუძლებელს ვაკეთებთ, ვიჩენთ სიმამაცეს, განუზომელ სიკეთეს, შეუპოვრობას − ნამდვილად შთამაგონებელია ჩემთვის.


როგორ იქცევით მაშინ, როცა სირთულეს აწყდებით? როგორ ჭრით პრობლემებს, ანუ როგორია თქვენი სტრატეგია?

სირთულეებიც ცხოვრების ნაწილია, რომელიც, ჩემი აზრით, ჩვენს არსებობას დინამიკურობას და ინტერესს სძენს. დღის განმავლობაში უამრავ პრობლემასთან გვიწევს გამკლავება, ზოგი მათგანი უმნიშვნელოა, ზოგიც − უმნიშვნელოვანესი, ეს უკანასკნელი კი საქმიანი ადამიანებისთვის არცთუ ცოტაა. ვფიქრობ, ასეთ პრობლემებთან შეხებისას მთავარი მისი კომპლექსურად, სხვადასხვა ჭრილში დანახვაა, რაც გაცნობიერებული არჩევანის გაკეთებაში გვეხმარება. თუმცა, არ მიყვარს გადადება და ხანგრძლივად რომელიღაც პრობლემაზე მუშაობა. მას მერე, რაც ყველა შესაძლო ვერსიას განვიხილავ და რისკს შევაფასებ, გადაწყვეტილებას სწრაფად ვიღებ და იმ პასუხისმგებლობასაც ვითავისებ, რომელიც ამ გადაწყვეტილებას მოყვება. მესმის, რომ ყველა შემთხვევაში უშეცდომონი ვერ ვიქნებით. ეს ძალიან მეხმარება, არ ვიყოყმანო პრობლემის გადაჭრისას და მიღებული გადაწყვეტილებები ხშირად არ შევცვალო, რაც ორგანიზაციას, როგორც წესი, ხშირად უფრო ძვირი უჯდება, ვიდრე არასწორი გადაწყვეტილება.

რიტუალი, რომელსაც ყოველთვის ასრულებთ…

ზოგადად, არ მიყვარს რიტუალები, რომელიც ცხოვრებისეული რუტინის ნაწილია და მაქსიმალურად ვცდილობ, თავიდან ავირიდო. ეს არის უმნიშვნელო, მაგრამ ჩემთვის საჭირო მორიგი ფანდი, ყოველდღიურობის ჭაობში არ ჩავეფლო. ამიტომ მხოლოდ გარდაუვალ, აუცილებელ რიტუალებს ვასრულებ

რას ნიშნავს თქვენთვის „ქალები მომავლისთვის“ საბჭოს წევრობა?

ძალიან ბევრს. „ქალები მომავლისთვის“ − ეს არის ქალ ბიზნესლიდერთა ორგანიზაცია, რომლის მთავარი ამოცანა ბიზნესში ქალების როლის გაძლიერებაა. შესაბამისად, ეს არის თანამოაზრეთა გართიანება, რომელიც დგას ქალთა ლიდერობის, მათი ეკონომიკური საქმიანობის გაძლიერების, ერთიანობისა და თანადგომის ფასეულობებზე. ჩემთვის ეს არის კიდევ ერთი შესაძლებლობა, მხარი დავუჭირო ამ ფასეულობებს და საკუთარი წვლილიც შევიტანო ამ საქმეში. მჯერა, რომ ლიდერი ქალების ზრდა, ქალთა ბიზნესების განვითარება და მეტი ქალი ეკონომიკურ თუ საზოგადოებრივ ასპარეზზე, ძალიან ბევრ პრობლემას მოაგვარებს ჩვენს სოციუმში. სწორედ ამას ვაკეთებთ ფედერაციაშიც.

მამოტივირებელი ფრაზა მკითხველს…

დღევანდელი კონტექსტიდან გამომდინარე, ვფიქრობ აქტუალურია, გავიაზროთ, რომ „ყველა ახალი გამოწვევა ახალი შესაძლებლობაა“.



ფოტო: ლელი ბლაგონრავოვა

34/36 Abashidze, 0179, Tbilisi, Georgia               +995 595 803 333

www.w4t.online          info@w4t.online

Get In Touch

Copyright © 2020 "Women for Tomorrow" Business Leaders' Federation - All Rights Reserved.

  • Facebook
  • Twitter
  • YouTube
  • Instagram
  • LinkedIn