თამარ კერძაია - #ძლიერიქალებისქვეყანა

OK! გაესაუბრა ინოვაციური განათლებისა და კვლევების ინსტიტუტის მმართველ პარტნიორს, თამარ კერძაიას თავისი საქმიანობის შესახებ. მისი აზრით, დღევანდელ დროში ლიდერობისთვის მთავარია ცვლილებებთან ადაპტირებისა და დიდი სურათის დანახვის უნარი. რაც შეეხება კომპანიებს, მათ გაცნობიერებული უნდა ჰქონდეთ, რა არის მათი საქმიანობის მთავარი მიზანი და როგორ მიაღწიონ ამას კარგად დაგეგმილი, გაზომვადი ინდიკატორებითა და შესაბამისი სამოქმედო გეგმებით.

რას ნიშნავს, თანამედროვე მსოფლიოში იყო ლიდერი, ბიზნესლიდერი?

ჩვენ ძალიან საინტერესო დროში მოგვიწია ცხოვრება. ბოლო რამდენიმე წელიწადში იმაზე სწრაფად განვითარდა ტექნოლოგიები, ვიდრე ბოლო ათასწლეულის განმავლობაში. შესაბამისად, თანამედროვე მსოფლიოში ლიდერს უნდა ჰქონდეს ცვლილებებთან სწრაფად ადაპტირებისა და მომავლის განჭვრეტის უნარი და რაც მთავარია, იგივე შეაძლებინოს თავის გუნდს.

თქვენი წარმატებული საქმიანობა რამდენიმე სფეროს უკავშირდება. მოგვიყევით, როგორ მოხვდით ამ სფეროებში და საიდან იღებს თქვენი წარმატება სათავეს?

პირველი ბიზნესი 18 წლის ასაკში დავიწყე. მეამაყება, რომ ჩემს გუნდთან ერთად იმ რთულ ვითარებაში შევძელით ბევრი სიახლე შემოგვეტანა სფეროში და მალევე წამყვან პოზიციებზე აღმოვჩნდით. 2003 წელს პირველი ადგილი ავიღეთ საქართველოს მასშტაბით საუკეთესო კომპანიებს შორის გამართულ დაჯილდოებაზე. პარალელურად, ვეუფლებოდი ჩემს საყვარელ პროფესიას − სამართალმცოდნეობას. იურიდიული სფერო ბავშვობიდან მიზიდავდა, რაც დაკავშირებული იყო უსამართლობასთან ბრძოლის დაუოკებელ წყურვილთან. ჩემი პროფესიული განვითარების საბოლოო მიზანი მოსამართლეობა გახლდათ. სანამ საჭირო ასაკს მივაღწევდი, ავიღე სხვადასხვა საერთაშორისო გრანტი და მივიღე განათლება სხვადასხვა ქვეყანაში. ვმუშაობდი იურისტად გერმანიაში, ასევე, ვიყავი სამედიცინო სამართლის მკვლევარი მიუნსტერის სახელმწიფო უნივერსიტეტში. შემდეგ, წლების განმავლობაში ვეწეოდი საადვოკატო საქმიანობას, მქონდა იურიდიული კომპანია. მოგვიანებით, როცა შესაბამის ასაკს მივაღწიე, მოსამართლის გამოცდებიც წარმატებით ჩავაბარე, თუმცა მივხვდი, რომ იმდროინდელ სასამართლო სისტემაში ჩემი ადგილი არ იყო. ამჟამად, ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც ამ სფეროში ვაკეთებ, ალბათ არის ის, რომ როგორც ექსპერტი, ვმუშაობ იმ კანონების შემუშავებაზე, რომლებიც აუმჯობესებს ადამიანთა უფლებრივ მდგომარეობას. ამ მიმართულებით კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო, რათა შევასრულოთ საერთაშორისო ხელშეკრულებებით აღებული ვალებულებები და ეფექტიანად მოვახდინოთ დემოკრატიული სამართლებრივი ნორმების რეცეფცია ქართულ სამართალში. ამასთან, კომპანია „კერძაია და პარტნიორების“ ფარგლებში, იურიდიულ მომსახურებას ვუწევთ მსხვილ და საშუალო ბიზნესს და ვეხმარებით მათ არსებული რეგულაციების დანერგვაში.

განათლების სფეროს რაც შეეხება, ამ მიმართულების არჩევა უფრო მოწიფულ ასაკს უკავშირდება − როცა გავაცნობიერე, რომ ვერც ერთი კანონი ვერ უზრუნველყოფს დემოკრატიული საზოგადოების ფორმირებას, თუ ადამიანებს არ ექნათ განათლება. ეს ეხება ყველა სფეროს − ბიზნესიდან დაწყებული, ადამიანის ელემენტარული უფლებების დაცვით დამთავრებული. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ჩვენს ქვეყანაში ბიზნესის წარმოება წლების განმავლობაში დაშორებული იყო განათლებას. ჩამოყალიბდა ბიზნესის ბევრი მანკიერი პრაქტიკა, სადაც ახალი იდეებისა და ინოვაციური მიდგომების განვითარების ნაცვლად, ბიზნესმენები ავტორიტეტული მფარველების ძიებით იყვნენ დაკავებულნი. მე არავის ვაკრიტიკებ, ესეც, ალბათ, მაშინდელმა საჭიროებამ მოიტანა. ბიზნესის, როგორც ქვეყნის ეკონომიკური დოვლათის, მთავარი მდგენელის განვითარებისთვის ერთნაირად მნიშვნელოვანია როგორც ჯანსაღი საკანონმდებლო გარემო, სამართლიანი სასამართლოს ჩათვლით, ისე განათლებაზე დაფუძნებული ეკონომიკა. ამ მიმართულებით, არაერთი ინოვაციური მიდგომა დავნერგეთ სწავლების პროცესში. შევქმენით ახალი საგანმანათლებლო პროგრამები სხვადასხვა მიმართულებით. განათლების სფეროში დიდი გეგმები გვაქვს, რაც ვფიქრობ, მნიშვნელოვნად გააჯანსაღებს საქართველოში უმაღლესი განათლების მიმართულებას.


ყველაზე დიდი სირთულე, რომელიც თქვენს საქმიანობებს ახლავს…

ჩვენ საოცრად „ტურბულენტურ“ გარემოში გვიწევს ცხოვრება. ზემოთ უკვე ვისაუბრე გლობალურ ცვლილებებზე, მაგრამ როცა ისეთ ქვეყანაში ცხოვრობ, როგორიც საქართველოა, აქ დამატებით გამოწვევას ქმნის არასტაბილური გარემო. ბიზნესის მდგრად განვითარებას გრძელვადიანი ხედვა სჭირდება. კომპანიებს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეთ, რა არის მათი საქმიანობის მთავარი მიზანი და როგორ მიაღწიონ ამას კარგად დაგეგმილი, გაზომვადი ინდიკატორებითა და შესაბამისი სამოქმედო გეგმებით. ეს შესაძლებელია ისეთ ქვეყანაში, სადაც ყველა სფეროში არის გრძელვადიანი სახელმწიფოებრივი ხედვა და ქვეყანა მიჰყვება დადგენილ გრძელვადიან სტრატეგიებს, და არა მიმდინარე მომენტში მოსულ სამთავრობო გუნდს. როცა სახელმწიფოებრივ დონეზე მუდმივად იცვლება სხვადასხვა სექტორის ძირითადი ვექტორები და სტრატეგიები, კონკრეტული პერსონალიების ცვლის პარალელურად, ბუნებრივია, ეს არის დიდი სირთულე ყველა ბიზნესსექტორისათვის.

რას ნიშნავს თქვენთვის, საკუთარი საქმიანობით წვლილი შეგქონდეთ ქვეყნის განვითარებაში?

ძალიან კარგი შეკითხვაა. ყველა ადამიანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, დარწმუნდეს იმაში, რომ ის საჭიროა; საჭიროა ოჯახისთვის, მეგობრებისთვის, ქვეყნისთვის თუ მსოფლიოსთვის. საჭიროების ეს შეგრძნება პასუხს სცემს მთავარ შეკითხვას − რატომ ვარსებობთ საერთოდ. ჩემთვის, იმის შეგრძნება, რომ თუნდაც ერთ აგურს ვდებ ქვეყნის განვითარების საქმეში, ამართლებს ჩემს არსებობას.

როგორია ქალი მნიშვნელოვან თანამდებობაზე დომინანტი მამაკაცების გარემოში?

ეს თემა ისე მტკივა, ვეცდები ძალიან მოზომილად გამოვხატო ჩემი პოზიცია. ძალიან ხშირად მეკითხებიან, რატომ ვუწყობ ხელს მაინცდამაინც ქალებს, რატომ ვიცავ განსაკუთრებულად მათ უფლებებს, ვინმე უშლით მათ ხელს განვითარებაში ან წარმატების მიღწევაში? დიახ, უშლით! უშლით ბევრი რამ. ეს გოგონები იზრდებოდნენ გარემოში, სადაც ოჯახში ვაჟს რჩებოდა მემკვიდრეობა და არა ქალს; არჩევანის შემთხვევაში კი, განათლების მიღების უპირატესობა ეძლეოდათ მათ ძმებს. ამ გოგონებს ასწავლიდნენ, რომ „უნდა გათხოვილიყვნენ და პატრონს ჩაბარებოდნენ“. ეს გოგონები იზრდებოდნენ და თხოვდებოდნენ, რა დროსაც ისევ მამაკაცის (ქმრის) მორჩილების ფიცს ადებინებდნენ. აღარაფერს ვამბობ დაუსრულებელ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაზე. რა თქმა უნდა, ეს ყველას არ ეხება და ამ მიმართულებით გარკვეული პროგრესიც გვაქვს, მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც რამდენიმე ხნის წინ 14 წლის გოგონამ თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე, რომელზეც იძალადეს საკუთარმა ბიძებმა, იძალადეს საზოგადოების სახელით. არ სჭირდებათ ამ გოგონებს არც არავისი პატრონობა და არც არავისი რჩენა. მათ თანაბარი შესაძლებლობები და უფლებები სჭირდებათ. შესაბამისად, ყოველთვის გავაკეთებ მეტს ამ გოგონებისთვის, სანამ არ დავრწმუნდები, რომ მათ იგივე შესაძლებლობები და უფლებები აქვთ, რაც მამაკაცებს.

ყველაზე დიდი წვლილი თქვენს წარმატებაში ვის მიუძღვის?

ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მამას მიუძღვის. მამამ მომამზადა ნამდვილი ცხოვრებისთვის, მკაცრი, დაუნდობელი, სირთულეებით სავსე გარემოსთვის, რომელშიც თავად უნდა გამეკვალა გზა ისე, რომ არ დამეკარგა მთავარი − ღირებულებები. ჩემი მშობლების დამსახურებაა, რომ შემიძლია დამოუკიდებლად გავუმკლავდე ცხოვრების რთულ გამოწვევებს და მიუხედავად ყველაფრისა, დავრჩე პოზიტიური, მიყვარდეს ადამიანები და ვიზრუნო მათზე. დედისგან მივიღე განსაკუთრებული თვითშემეცნების უნარი. მახსოვს, როცა რაიმე წარმატებას მივაღწევდი, მიმანიშნებდა, რომ ამას არ უნდა გავეთამამებინე, ხოლო როცა შეცდომას ვუშვებდი, მიხსნიდა, რომ ეს შეცდომა ძალიან სასარგებლო შეიძლებოდა ყოფილიყო ჩემთვის, თუ ვიპოვიდი ამის მიზეზს საკუთარ თავში და ვიმუშავებდი პრობლემის აღმოფხვრაზე. დღესაც ასე ვარ. ყველაზე დიდ პრობლემებსაც ასეთი მიდგომით ვხვდები, ვცდილობ ღირსეულად გადავლახო ისინი და მათი დახმარებით გადავიდე განვითარების ახალ ეტაპზე.

თქვენ ხართ მწერალ ნია გორდელის შვილი, ასევე მისი წიგნების რედაქტორი. რა როლი ითამაშა ამან თქვენს წარმატებაში?

დედა პროფესიით ექიმია. ორმოცდაათი წლის ასაკში უარი თქვა პროფესიასა და ბიზნესზე, და ლიტერატურულ სარბიელზე გამოვიდა. ამჟამად, ის ჯუმბერ ლეჟავას სახელობის მეცნიერებათა მრავალპროფილიანი საერთაშორისო აკადემიისა და მწერალთა კავშირის წევრია; არის ლირიკული ლექსების რამდენიმე კრებულის ავტორი, მაგრამ დღევანდელი საზოგადოების ცხოვრების წესმა და მოზღვავებულმა მანკიერებებმა, როგორც ამას თავადვე აღნიშნავს, უბიძგა, შეჭიდებოდა ისეთ პრობლემურ თემას, რომლის ცოდნაც ყველა ადამიანისათვის აუცილებელია. ფილოსოფიური ხასიათის ნაწარმოები − „ბრალის თეორია“, როგორც მან უწოდა ახლახან გამოცემულ წიგნს, დააფიქრებს მკითხველს, საშუალებას მისცემს, გაიაზროს, გააანალიზოს, რამდენად სამართლიანია მის მიერ ადამიანებისა თუ მოვლენებისადმი ხშირად აღძრული სხვადასხვა ბრალი, რათა შემდეგ დაარეგულიროს, აღმოფხვრას, გათავისუფლდეს ბრალის ვნებითი განწყობილებისაგან, რომელიც ტანჯავს მას და ხელს უშლის, იყოს მისაღები ახლობლებისა და საზოგადოების წევრების მიერ. ფსიქოლოგიური ხასიათის ეს ნაწარმოები გამოადგება ყველა ასაკისა და პროფესიის ადამიანს, ვისაც სურს არა უბრალოდ იარსებოს, არამედ იაზროვნოს და განვითარდეს, როგორც პიროვნება. ბუნებრივია, აღნიშნული საკითხების ანალიზმა და გააზრებამ გამიადვილა საქმიანი ურთიერთობები და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა შემდგომ წარმატებებში.

რა არის თქვენი ცხოვრების მთავარი დევიზი?

დევიზები ყოველთვის მქონდა, რომლებიც განახლებას განიცდიდა ხოლმე მას შემდეგ, რაც უკვე ორგანული ხდებოდა ჩემთვის. დღეს მაჰათმა განდის სიტყვებია ჩემი დევიზიც და გამოწვევაც. ქართულად დაახლოებით ასე ჟღერს: „თავად იყავი ის ცვლილება, რომელიც გინდა დაინახო სამყაროში“.



34/36 Abashidze, 0179, Tbilisi, Georgia               +995 595 803 333

www.w4t.online          info@w4t.online

Get In Touch

Copyright © 2020 "Women for Tomorrow" Business Leaders' Federation - All Rights Reserved.

  • Facebook
  • Twitter
  • YouTube
  • Instagram
  • LinkedIn