ანა ცხადაძე, ნუცა სოსებაშვილი - #ძლიერიქალებისქვეყანა

რას ნიშნავს თანამედროვე მსოფლიოში იყო ქალი ლიდერი, ქალი ბიზნესლიდერი?

ქალები თანამედროვე მსოფლიოში, მიუხედავად იმისა, რომ გარემო საკმაოდ იცვლება, მაინც ბევრ სირთულეს აწყდებიან ყოველდღიურ ცხოვრებაში და არაერთი გამოწვევის წინაშე დგანან. უპირველესად, ალბათ, მთავარი სირთულე არის ის, რომ ჩვენ მუდმივად გვიწევს იმის მტკიცება, რომ ჩვენ ძლიერები ვართ და ჩვენ ყველაფერი შეგვიძლია. სტერეოტიპები, რომლებიც ჩვენ გარშემო არსებობს, იმდენად მძაფრად არის გამჯდარი საზოგადოების აზროვნებაში, რომ მათთან ბრძოლას საკმაოდ დიდი დრო და ემოციური რესურსი სჭირდება.

იყო ბიზნესლიდერი ქალი თანამედროვე მსოფლიოში, ნიშნავს იმას, რომ იყო მაგალითი სხვა ქალებისა თუ პატარა გოგონებისთვის; რომ შრომას და მონდომებას აუცილებლად მოყვება შედეგი; რომ არ უნდა თქვა უარი საკუთარ მიზნებსა და სურვილებზე, თუ სხვები შენგან საწინააღმდეგოს ფიქრობენ; რომ არ არსებობს გადაულახავი დაბრკოლებები და გენდერული ნიშნით უთანასწორობა დაძლევადია − მთავარია გჯეროდეს საკუთარი თავისა და შესაძლებლობების.

როგორ გაჩნდა ბიზნესის წამოწყების იდეა?/ საიდან იღებს სათავეს ბიზნესი, რომელიც დღეს ასე წარმატებულია?

AVON გლობალურად წელს დაარსებიდან 135-ე საუბილეო თარიღს აღნიშნავს. საუკუნეზე მეტია, ჩვენი ბრენდი მთელი მსოფლიოს გარშემო აძლევს ქალებს ფინანსური დამოუკიდებლობის მოპოვების, ზრდის, განვითარებისა და სწავლის შესაძლებლობას. ეს არ არის მხოლოდ სილამაზისა თუ თავის მოვლის პროდუქტების ბრენდი, რადგან მართლაც უნიკალური და გამორჩეულია ის ბიზნესმოდელი, რომლითაც 135 წლის წინ შეიქმნა კომპანია და დღემდე აგრძელებს წარმატებით საქმიანობას 70-ზე მეტ ქვეყანაში.

წარმატების საიდუმლოც, ალბათ, სწორედ ამაშია, რომ ჯერ კიდევ მაშინ, როცა ქალებს არჩევნებში ხმის მიცემის უფლებაც კი არ ჰქონდათ, AVON-ი მათ სთავაზობდა საკუთარი ბიზნესის წამოწყებისა და ზრდის შესაძლებლობას. დღემდე ამ მთავარ ფასეულობაზე დგას ჩვენი ბრენდი, რომ ხელი შევუწყოთ ქალების გაძლიერებას მთელ მსოფლიოში.

რაც მთავარია, ამ ყველაფრის რწმენა მოდის შიგნიდან, რადგან თითოეული ჩვენი თანამშრომელი იზიარებს ამ ღირებულებებს. ჩვენ ყველას ერთად გვჯერა საკუთარი საქმიანობის მნიშვნელობის და სწორედ ეს გვეხმარება იმაში, რომ დავძლიოთ ყველა სირთულე, რაც ბიზნესპროცესებს ყოველდღიურად ახლავს.

რა არის ყველაზე დიდი სირთულე, რომელიც თქვენს პროფესიას ახლავს?

პროფესიას, ან უფრო იმ ბიზნესს, რომელსაც ვმართავ. გამიჭირდება ძირითადის ან ერთი-ორი სირთულის გამოყოფა. რეალობა ძალიან ცვალებადია. რაც მეტად გადის დრო, მით უფრო სწრაფად იცვლება მოცემულობები ჩვენ გარშემო, მოთხოვნა პროდუქციაზე, ცვლილებები კადრებში, „მილენიალები“, თაობები, X, Y, Z − შესაბამისად, ვიცვლებით ჩვენც და ამ ცვლილებებთან ერთად, და ყოველ ეტაპს მისთვის დამახასიათებელი სირთულეები მოაქვს.

რას ნიშნავს თქვენთვის საკუთარი საქმიანობით წვლილი შეგქონდეთ ქვეყნის ეკონომიკური დოვლათის შექმნაში?

როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენი კომპანიის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს ქალების გაძლიერებას, მათი ფინანსური დამოუკიდებლობის მოპოვებას. მთელი საქართველოს მასშტაბით, ჩვენთან თანამშრომლობს 20 000-ზე მეტი ქალი, რაც დამეთანხმებით, საკმაოდ მასშტაბური რაოდენობაა. „კოვიდ“-პანდემიის პირობებშიც კი, როდესაც ბიზნესი ყველაზე დიდი და რთული გამოწვევების წინაშე იდგა, ჩვენ არ შეგვიწყვიტავს საკუთარი მთავარი მიზნისკენ სწრაფვა − ისევ ვაგრძელებდით ჩვენი პარტნიორი ქალებისთვის ახალი შესაძლებლობების შეთავაზებას ფინანსური სტაბილურობის შესანარჩუნებლად.

ასევე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, პანდემიის პერიოდში ჩვენი ოფისის არცერთ თანამშრომელს არ დაუკარგავს სამსახური, არ შეგვიმცირებია მათი ანაზღაურება და ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ შეგვენარჩუნებინა როგორც ადამიანებისთვის სამუშაო ადგილები, ასევე ბიზნესპროცესების უწყვეტობა.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ვფიქრობ, ჩვენს კომპანიას საკმაოდ დიდი და პოზიტიური როლი მიუძღვის დასაქმების ბაზარზე, რაც პირადად ჩემთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი და საამაყოა. მიხარია, რომ წარმოვადგენ გუნდს, რომელიც ასე სტაბილურად ინარჩუნებს ლიდერულ პოზიციებს ქართულ კოსმეტიკურ ბაზარზე.

მოგვიყევით კომპანიის მიმდინარე სიახლეებზე. როგორ შეაჯამებთ 2020 წელს? რა შეაფერხა და რა გამოავლინა არსებულმა ვითარებამ?

2020 AVON-ისთვის განსაკუთრებული წელი იყო, რადგან გლობალურად განვახორციელეთ რებრენდინგის პროექტი. ჩვენი ბრენდი გახდა კიდევ უფრო თამამი, მრავალფეროვანი, ოპტიმისტური, სტერეოტიპების მსხვრევი, ხოლო ჩვენი საუბრის ტონი − კიდევ უფრო ხმამაღალი, რათა ქალების სათქმელი კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავაგონოთ. რებრენდინგის ფარგლებში, ქართულ აუდიტორიასაც შევთავაზეთ ლოკალური პროექტი, რომელსაც საოცარი გამოხმაურება ჰქონდა სოციალურ მედიაში. ეს იყო 9 ერთმანეთისგან განსხვავებული, უნიკალური ქალის ისტორია, რომლებიც თავიანთი ფასეულობებით, ღირებულებებითა და საქმიანობით ამსხვრევენ ჩვენს საზოგადოებაში გაბატონებულ სტერეოტიპებს.

განსაკუთრებული წელი იყო იმითაც, რომ ფაქტობრივად, ახალ რეალობაში მოგვიწია ადაპტირება და ბიზნესპროცესების უწყვეტობის შენარჩუნება. მიუხედავად უამრავი სირთულისა, რაც ამ პერიოდს ახლდა, ვფიქრობ, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კომპანია ვართ, რომელმაც არათუ შეინარჩუნა მომსახურების ხარისხი, არამედ გააუმჯობესა. პანდემიის დასაწყისშივე საკმაოდ სწრაფად დავხვეწეთ და გავაუმჯობესეთ ჩვენი ონლაინმაღაზია, რათა მომხმარებლისთვის შეგვეთავაზებინა კიდევ უფრო მარტივი ონლაინშოპინგის შესაძლებლობა. ჩვენი შეკვეთები შეფერხების გარეშე საქართველოს ნებისმიერ წერტილში იგზავნება უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით. მომხმარებელს შევთავაზეთ კიდევ ერთი ახალი სერვისი − მიწოდება იმავე დღეს, რადგან თითოეული ჩვენგანის პრიორიტეტები შეცვალა პანდემიამ და ჩვენც მუდმივად ვცდილობთ, მომხმარებლის მოთხოვნები და საჭიროებები გავითვალისწინოთ.

ამ მართლაც გამორჩეულმა წელმა დაგვანახა, რომ ძალიან მოქნილი და ძლიერი გუნდი ვართ და ყველა სირთულის დაძლევა შეგვიძლია ამ ერთობლივი, გუნდური სულისკვეთებითა და მონდომებით.

როგორია ქალი მნიშვნელოვან თანამდებობაზე დომინანტი მამაკაცების გარემოში?

ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა მე, ალბათ, გამიჭირდება, ვინაიდან ყველაზე ფემინისტური ორგანიზაციის ნაწილი ვარ, ჩვენს კომპანიას გლობალურად მართავს ქალი CEO, 70-ზე მეტ ბაზარზე წარმოდგენილი გენერალური მენეჯერების დიდი ნაწილიც ქალები არიან, ჩვენი ქართული გუნდიც ძირითადად ქალებიც არის წარმოდგენილი.

3 რამ, რაც ქალს პროფესიული მიზნების მისაღწევად სჭირდება…

ჩემთვის ეს სამი რამ არ განსხვავდება ქალისა და მამაკაცისთვის: შრომისმოყვარეობა, საქმისადმი ერთგულება და დამოკიდებულება, სადაც ერთიანდება დამოკიდებულება ბიზნესის მიმართ და მისი შემადგენელი თითოეული ადამიანის მიმართ − დაწყებული თანამშრომლიდან, დამთავრებული კომპანიის მომხმარებლითა და საქმიანი პარტნიორებით, დაბოლოს − მუდმივი განვითარება.

ყველაზე დიდი წვლილი თქვენს წარმატებაში ვის ან რას მიუძღვის?

ძალიან დიდი დრო დამჭირდება, რომ ჩამოვთვალო ყველა ადამიანი. უპირველეს ყოვლისა, ჩემი ოჯახი და მეუღლე, მენტორები, რომლებშიც ძალიან გამიმართლა ჩემი კარიერის განმავლობაში, და გუნდი, რომელიც ყველა წამოწყებისას გვერდით მიდგას.

შეთავსებადია თუ არა წარმატებული ქალი და ოჯახი?

რა თქმა უნდა, შეთავსებადია!

გრჩებათ თავისუფალი დრო? როგორ ატარებთ?

ჩემი ჰობი მოგზაურობაა და ბოლო რამდენიმე წელია, მე და ჩემი ოჯახი ვირჩევთ დასვენების აქტიურ ფორმას და ვმოგზაურობთ ჯერ მხოლოდ საქართველოს მასშტაბით, რადგან მე და ჩემმა მეუღლემ გადავწყვიტეთ, რომ მხოლოდ მას შემდეგ ვაჩვენოთ გოგონებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანა, რაც საქართველოს გაიცნობენ და მის ყველა კუთხეს მოივლიან.

მოგვიყევით სამომავლო გეგმების შესახებ…

2021 წელს ვხვდებით ახალი ენერგიით, შემართებითა და გეგმებით.

მთავარი მიმდინარე სიახლე ძალიან მასშტაბური პროექტია, სახელწოდებით Your Story Matters, რომელიც სულ ახლახან ჩაეშვა Avon Global-ის მიერ 70-ზე მეტ ქვეყანაში. ეს არის გლობალური პლატფორმა, სადაც განთავსდება ქალთა წარმატების ისტორიები მთელი მსოფლიოდან.მიზანია, კიდევ უფრო ხმამაღლა გაჟღერდეს ქალების სათქმელი, თუ რა ძლიერები ვართ და რა შეგვიძლია.

Avon-ის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელ ნუცა სოსებაშვილს ვესაუბრეთ მიმდინარე სიახლეებსა და პროექტზე, სახელწოდებით Your Story Matters:

„იცოდით, რომ დღესაც კი, ტელევიზიაში თუ რადიოში მოსმენილი, ნანახი, ჟურნალებსა და პრესაში დაბეჭდილი ადამიანების ამბების შესახებ მხოლოდ 24%-ია ქალებზე? დიახ, ეს სამწუხარო რეალობაა. მიუხედავად იმისა, რომ გარემო და მსოფლიო საზოგადოების აზროვნება საკმაოდ იცვლება, ქალების ხმა სათანადოდ მაინც არ ჟღერს. ჩვენ ისევ ყოველდღიურად გვიწევს საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცება და გაბატონებულ სტერეოტიპებთან ბრძოლა.

სწორედ ამიტომ, AVON Global-მა გადაწყვიტა შეექმნა გლობალური პლატფორმა, რომელიც აერთიანებს ქალების ისტორიებს მთელი მსოფლიოდან. ეს მართლაც უნიკალური პროექტია, რადგან ყველაზე დიდი ციფრული გალერეაა ისტორიების, რაც კი ოდესმე შექმნილა. ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია ესტუმროს პლატფორმას watchmenow.avon.com და იპოვოს მისთვის საჭირო ინსპირაცია, რადგან აქ ნახავთ უამრავ ერთმანეთისგან განსხვავებულ და უნიკალურ ამბავს. ჩვენ ვაძლევთ შესაძლებლობას ყველას, ხმა აიმაღლონ და გაგვიზიარონ ისტორიები სიძლიერის, სიმტკიცის, გადაწყვეტილებების მიღებისა და სასურველის მისაღწევად სირთულეების გადალახვის შესახებ, რომელსაც ეგონათ, ვერ მიაღწევდნენ! და არა მხოლოდ დიდი მიღწევები, არამედ ყოველდღიური პატარ-პატარა წარმატებებიც აღსანიშნავია! საოცარი შეგრძნებაა, როდესაც ამდენი ადამიანის ემოცია ასეთი ხელშესახები ხდება ერთ სივრცეში.

ჩვენ ყველანი ინდივიდუალურები, განსხვავებულები და უნიკალურები ვართ. თითოეული ჩვენგანის ისტორია ანგრევს ბარიერს, რომელიც ქალებს აკავებთ. თითოეული ჩვენგანის ისტორია ხელახლა წერს მომავალს, შთააგონებს სხვას! ვინც უნდა ვიყოთ, რომელი სქესის წარმომადგენელი, ერთობლივი ძალებით ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ სამყარო, რადგან უკეთესი სამყარო ქალებისთვის − უკეთესი სამყაროა ყველასთვის!

სწორედ ასეთ ღირებულებებზე დგას ჩვენი ბრენდი, რომელსაც უპირველესად ვიზიარებთ ჩვენ, თავად Avon-ის თანამშრომლები. ეს რწმენა მოდის შიგნიდან და იწყება ჩვენით, ამიტომაც გვინდოდა მკითხველისთვისაც გაგვეზიარებინა საკუთარი შეხედულებები და გთავაზობთ ჩვენი კოლეგების ფრაზებსა და ამონარიდებს მათი გაზიარებული ისტორიებიდან. თითოეული მათგანის სრულად ნახვა შესაძლებელია პლატფორმაზე: watchmenow.avon.com


34/36 Abashidze, 0179, Tbilisi, Georgia               +995 595 803 333

www.w4t.online          info@w4t.online

Get In Touch

Copyright © 2020 "Women for Tomorrow" Business Leaders' Federation - All Rights Reserved.

  • Facebook
  • Twitter
  • YouTube
  • Instagram
  • LinkedIn